ნიჭიერებით და სიყვარულით გამორჩეული

ნიჭიერებით და სიყვარულით გამორჩეული

  • იანვარი 19, 2021

მძიმე გამოდგა გასული 2020 წელი. ქვეყნის ბედზე მოფიქრალი ბევრი პიროვნება გადავიდა მარადიულ საუფლოში. ბევრი ღირსეული პიროვნება დააკლდა ქალაქს, ქვეყანას… გოგი ქავთარაძე გამორჩეული კაცი იყო ადამიანებისადმი კეთილგანწყობით, მაღალი ნიჭიერებით, ქვეყნის სიყვარულით. ძნელია მისი, უკვე გარდაცვლილის შესახებ, რაიმეს დაწერა. მოგონებები კი ბევრია. იქნებ ამაზეც ადრეა წერა. ზოგი რამ მაინც მინდა მოვიგონო. ამის უფლებას მისი ამ ქვეყნიდან წასვლისა და ზეცად ამაღლების დღეც გვაძლევს.

გოგი ყმაწვილკაცობიდანვე პოპულარული იყო ჩვენში და უცხოეთშიც. განსაკუთრებით მიხეილ კობახიძის შესანიშნავი ფილმის ,,ქორწილის’’ გამოსვლის შემდეგ. გოგის გმირმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა. 1965 წელს ახალგაზრდულ დელეგაციაში გახლდით ჩეხოსლოვაკიაში; თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენების პრობლემას ეხებოდა კონფერენცია, რომელზეც ვიყავი მიწვეული. თან წავიღე ფილმი ,,ქორწილი’’ , რომელიც მასპინძელთა თხოვნით ბრატისლავაში ,,ბარანდოვფილმში“ ვაჩვენე. საზოგადოების აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. ყველა გოგი ქავთარაძის არაჩვეულებრივად საინტერესოდ წარმოჩენილ გმირზე საუბრობდა. აქებდნენ შემოქმედს, რომელმაც ამ მოკლემეტრაჟიან ფილმში საოცრად მნიშვნელოვანი სახე აჩვენა.

გასული საუკუნის 60-იანი წლები მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდა შემოქმედთა ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს შემოსულმა მძლავრმა შემოქმედმა ნაკადმა (ახალგაზრდა მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, კინოხელოვნების წარმომადგენლები და სვხ.) შექმნა მნიშვნელოვანი ეტაპი ქართულ შემოქმედებით ცხოვრებაში. ვფიქრობ, ახალგაზრდული ორგანიზაცია აქტიურად მუშაობდა ახალგაზრდა ინტელიგენციასთან, ყოველმხრივ ცდილობდა, მათი შესაძლებლობების წარმოჩენას. ახალგაზრდულ პრობლემებთან დაკავშირებით უფროსი თაობის წარმომადგენლებიც ბევრს აკეთებდნენ. გავიხსენებ ერთ ამბავს. ჩემთან მოვიდნენ რუსთველის სახელობის სახელმწიფო თეატრის ახალგაზრდა წარმომადგენლები, დღეს უკვე მსოფლიოში კარგად ცნობილი და აღიარებული გენიალური რეჟისორი რობერტ სტურუა და ასევე შემდგომში აღიარებული მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე. მე მაშინ კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივნად ვმუშაობდი. მომიტანეს თავიანთი პიესა ,,ბრალდება’’ – ახალგაზრდულ პრობლემებზე, მთხოვეს გავცნობოდი და თუ მიზანშეწონილად მივიჩნევდი, მხარი დამეჭირა მისი შემდგომი მსვლელობისათვის (ცხადია, დადგმისათვის) . პიესა აშკარად საინტერესო იყო, მწვავე ახალგაზრდული პრობლემები იყო დაყენებული (სწოედ ამიტომ მიაჩნდათ ჩვენგან მხარდაჭერა საჭიროდ) . მე გავეცანი პიესას და მხარი დავუჭირე რუსთველის თეატრში მის დადგმას. იგი რუსთველის თეატრის მცირე სცენაზე დაიდგა… წარმატებაც დიდი ჰქონდა. ნიშანდობლივია, რომ პიესაში მხოლოდ პრობლემები კი არ იყო, ახალგაზრდული, ან ახალგაზრდა კაცის თვალით დანახული, არამედ შემსრულებლებიც უკლებლივ, ყველანი ახალგაზრდები იყვნენ. საგულისხმოა, რომ ,,ბრალდება’’ ყველა დონეზე მოიწონეს და მისი დადებითი შეფასება ქვეყნის პირველი პირის მოხსენებაშიც მოექცა.

მინდა აღვნიშნო – ე.წ. ბაკურიანის სემინარების (სიმპოზიუმების) შესახებ ბაკურიანში 1966-72 წლებში ეწყობოდა ახალგაზრდა შემოქმედთა (მათ შორის მეცნიერთა) შეკრებები, რომლებიც 10-12 დღის განმავლობაში მსჯელობდნენ ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების სხვადასხვა პრობლემებზე. სჯა-ბაასი ყოველგვარი კონიუქტურის გათვალისწინების გარეშე მიმდინარეობდა. გოგი ქავთარაძე ყველა სიმპოზიუმის აქტიური მონაწილე იყო. ერთ-ერთ სხდომაზე მწვავედ დაისვა საკითხი ხელოვნებასა და ლიტერატურაში დილეტანტების შესახებ. იმავე საღამოს გოგი ქავთარაძემ წარმოადგინა იმპროვიზებული დადგმა ,,დილეტანტის სიკვდილი’’ . მართლაც, დაუვიწყარი საღამო იყო. უკიდურესად ნიჭიერმა ავტორმა კარგად გაართვა თავი ამ მეტად რთულ თემას.

კიდევ ერთი ამბავი მინდა გავიხსენო გოგი ქავთარაძესთან დაკავშირებით. ბაკურიანში (ცხადია, სიმპოზიუმზე) ერთ-ერთი გამგზავრების წინ დამირეკა ჩვენმა სახელოვანმა მსახიობმა, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა სერგო ზაქარიაძემ. იგი იმხანად რუსთველის სახელობის თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა. ბატონ სერგოსთან ახლო ურთიერთობა მქონდა. ისიც შინაურულად გამენდო, იქნებ როგორმე გოგი ქავთარაძე არ წაიყვანოო ბაკურიანში და თბილისში დატოვოო. შევიცხადე, რატომ-მეთქი. მომავალ ოთხშაბათს (ჩვენი საუბარი პარასკევს შედგა, შაბათს კი მივემგზავრებოდით) თეატრში ნოდარ დუმბაძის ,,თეთრი ბაირაღების’’ საჩვენებელი წარმოდგენა მთავრობის წევრებმა უნდა ნახონ და მას ვერ შევცვლიო. ძალიან შევწუხდი, მაგრამ ბატონ სერგოს უარი ვერ ვუთხარი და დავთანხმდი; მოვიწვიე გოგი ქავთარაძე და ეს ამბავი ვამცნე. გოგის იმხანად ოჯახური პრობლემები ჰქონდა და მიიჩნევდა, რომ თბილისიდან გასვლა, თუნდაც მცირე ხნით, მისთვის აუცილებელი იყო. ამიტომაც გაჯიუტდა, არ დაემორჩილა თეატრის დირექტორის გადაწყვეტილებას და ჩვენთან ერთად წამოვიდა… ათი დღის შემდეგ დავბრუნდით რა ბაკურიანიდან, გოგის სერგო ზაქარიაძის ბრძანება შეაგებეს – მისი თეატრიდან გათავისუფლების შესახებ. ეს ამბავი რომ გავიგე, ძალიან შევწუხდი. აუცილებლად ჩავთვალე ბატონ სერგოს შევხმიანებოდი. მანამდე ჩემი თხოვნით, ჩემი უმცროსი კოლეგა და მეგობარი ნუგზარ ფოფხაძე შეხვდა სერგო ზაქარიაძეს. როცა მან ცივი უარი მიიღო, მე დავურეკე ბატონ სერგოს და მოვიწადინე ამეხსნა გოგის პირადი პრობლემები, თანაც ვთხოვე, იქნებ ერთხელ აპატიოთ-მეთქი. თავადაც შეწუხებული მელაპარაკებოდა, ვატყობდი უმძიმდა ბრძანების გაუქმება. ბოლს ისიც დავძინე რა უნდა გააკეთოს უმუშევარმა მსახიობმა-მეთქი. დამეთანხმა _ სწორი ხარო, ძალიან მეცოდება უმუშევრად დარჩენილი გოგია (ასე ეძახოდა გოგი ქავთარაძეს) და სხვა რა შემიძლია, მოდი ერთად ვიტიროთო…’’.

ზოგი ჭირი მარგებელიაო… ეს თქმა გოგის იღბალზეა ზედგამოჭრილი. ჩვენ კულტურის სამინისტროსაც ვთხოვეთ, ეზრუნათ გოგი ქავთარაძის დასაქმებაზე… მალე უმუშევარი გოგი ქავთარაძე ბათუმის დრამატული თეატრის მთავარ რეჟისორად დაინიშნა. ასე დაიწყო მისი სარეჟისორო კარიერა, რასაც შემდგომში მნიშვნელოვანი წარმატებები (სოხუმი, ქუთაისი, თბილისი) მოჰყვა.

გოგი ქავთარაძემ დიდი სიყვარული დატოვა ქართველ საზოგადოებაში. მისი სახელიც მარადიულად დამკვიდრდება ქართული კულტურისთვის დამაშვრალთა შორის.

 

აკადემიკოსი როინ მეტრეველი