აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე

  • თებერვალი 11, 2021

გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საყოველთაოდ აღიარებული ლინგვისტი, მეოცე საუკუნის მსოფლიო ენათმეცნიერების თვალსაჩინო ფიგურა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო პრეზიდენტი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. მეცნიერის მიერ განვლილი ცხოვრების გზა სახელოვანი ფურცელია ერისა და ქვეყნისათვის გაწეული მრავალმხრივი და მასშტაბური ღვაწლისა.

აკად. თამაზ გამყრელიძეს გამორჩეული წვლილი მიუძღვის ქართველოლოგიის, ქართული აღმოსავლეთმცოდნეობისა და ინდოევროპეისტიკის განვითარებაში, ზოგადად, ქართული მეცნიერების წარმატებასა და მაღალი პრესტიჟის შექმნაში საერთაშორისო ასპარეზზე; ამავე დროს, თვალსაჩინოა მისი საზოგადო მოღვაწეობა ჩვენი ქვეყნის განვითარების ურთულეს პერიოდში, უკანასკნელი 3-4 ათეული წლის განმავლობაში, მისი პირადი ღვაწლი საქართველოს პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

თამაზ გამყრელიძე დაიბადა 1929 წლის 23 ოქტომბერს ქ. ქუთაისში. სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1952 წელს დაამთავრა თსუ  აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ფილოლოგიის განყოფილება სემიტოლოგიის განხრით.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თამაზ გამყრელიძე მუშაობას იწყებს ენათმეცნიერების ინსტიტუტში, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკად. გიორგი წერეთლის ხელმძღვანელობით ეუფლება სემიტოლოგიის საფუძვლებს. ხელმძღვანელისავე ინიციატივით იგი გაიგზავნა ლენინგრადში და იქ ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის, პროფ. ი. დიაკონოვის ხელმძღვანელობით შეისწავლიდა ძველი აღმოსავლეთის ენებს – აქადურს, ურარტულს, ხეთურს…

ასპირანტურის კურსის წარმატებით გავლის შემდეგ იგი ჩამოყალიბდა როგორც ზოგადი ენათმეცნიერებისა და აღმოსავლეთმცოდნეობის საუკეთესო სპეციალისტი. უნივერსიტეტის დამთავრებიდან სულ მოკლე ხანში, 1956 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ხეთური ენის არაინდოევროპული ელემენტები“, რომელიც შეფასებულ იქნა როგორც დოქტორის სამეცნიერო ხარისხის შესაფერისი შრომა. სადოქტორო დისერტაციაც კვლავ ხეთურის სტრუქტურულ ბუნებას შეეხებოდა – „ხეთური ენა და ლარინგალური თეორია“. ამ ნაშრომში წარმოდგენილ იქნა ახალი ხედვა ინდოევროპული ლარინგალური ფონემების ისტორიული განვითარებისა და მათი თავისებური რეფლექსების შესახებ ინდოევროპულ ენათა დიაქრონიაში. ხეთური სოლისებრი დამწერლობის წარმოშობისა და ფონემური სისტემის კვლევისას მან თავისებურად განავითარა „ლარინგალური თეორია“, რომელიც ინდოევროპულ ფონემათა განვითარების ხანგრძლივ პროცესს ეხება. ამ ნაშრომში მეცნიერი უკვე წარმოჩნდა როგორც ინდოევროპულ ენათა ისტორიულ-შედარებითი საკითხებისა და ხეთოლოგიის ფუნდამენტურ პრობლემათა საუკეთესო მკვლევარი.

ფართო თეორიულმა მომზადებამ და დიდმა სამეცნიერო დიაპაზონმა მკვლევარს საშუალება მისცა პასუხი გაეცა უახლესი თეორიული გამოწვევებისათვის და თავისი განუმეორებელი კვალი აღებეჭდა თანამედროვე, აქტუალურ მეცნიერულ პრობლემატიკაში, რომელიც მეცნიერების განვითარების უახლეს ეტაპზე წამოიჭრა ზოგადი ენათმეცნიერების, ქართველოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნეობისა თუ ინდოევროპეისტიკის საკვლევაძიებო ასპარეზზე. მთელი ამ დროის განმავლობაში თამაზ გამყრელიძე დიდი წარმატებით მოღვაწეობს როგორც თეორიული ენათმეცნიერების, ისე ქართველოლოგიისა და ინდოევროპეისტიკის სფეროებში.

სრულიად განსაკუთრებულია აკად. თამაზ გამყრელიძის წვლილი ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებით კვლევაში; ჩართო რა კომპარატივისტიკის უკვე გამოცდილ მეთოდოლოგიაში სტრუქტურალიზმისა და ზოგადტიპოლოგიური ძიების უახლესი მეთოდები, მან სრულიად ახლებურად დასვა და გადაწყვიტა ქართველურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის არაერთი თითქოს უკვე ამოწურული საკითხი. ამისი დასტური იყო მისი პირველივე კომპარატივისტული ნაშრომი ქართველურ ენათა შედარებით ფონეტიკაში – სიბილანტთა შესატყვისობების შესახებ, რომელმაც მოგვცა ისეთი ზოგადმეთოდოლოგიური და ზოგადლინგვისტური მნიშვნელობის შედეგი, რომელიც „გამყრელიძის კანონის“ სახელით არის ცნობილი. შეიძლება ითქვას, ასეთი თეორიული სიახლეები და „კანონები“ მუდმივად თან სდევდა თამაზ გამყრელიძის სამეცნიერო მოღვაწეობას, მის სახელს.

ქართველურ ენათა კვლევისა და ქართული მეცნიერების განვითარების სრულიად ახალ ეტაპს განასახიერებს ფუნდამენტური მონოგრაფია „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ (1965), რომელიც გივი მაჭავარიანთან თანაავტორობით შეიქმნა და რომელმაც ქართველურ ენათა ისტორიული გრამატიკის არსებითად ახალი კონცეფცია შემოგვთავაზა, ხოლო თეორიული თვალსაზრისით ეს იყო ახალი სამეცნიერო პარადიგმა, რითაც ეს მონოგრაფია უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა არა მხოლოდ სამამულო, არამედ საერთაშორისო შედარებით ენათმეცნიერებაში, დიაქრონიულ კვლევებში. მრავლისმთქმელია ის ფაქტი, რომ ეს ნაშრომი მთლიანად ითარგმნა და გამოიცა გერმანულ ენაზე.

აკად. თამაზ გამყრელიძემ თავისი გამორჩეული სიტყვა თქვა გრამატოლოგია-პალეოგრაფიის სფეროში; მან საგანგებო მონოგრაფია მიუძღვნა ქართული დამწერლობის სტრუქტურისა და ისტორიის ანალიზს: „წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა. ანბანური წერის ტიპოლოგია და წარმომავლობა“ (1989; მისი ინგლისური თარგმანი – 1995). ქართული დამწერლობის შინაგანმა სისტემურმა ანალიზმა და მისმა სტრუქტურულ-ტიპოლოგიურმა შეპირისპირებამ ძველ სემიტურსა და ძველ ბერძნულ დამწერლობებთან უფრო ცხადი გახადა ქართული ანბანის მიმართება სხვა სისტემის ანბანებთან, მისი ტიპოლოგიური ადგილი ადრექრისტიანული პერიოდის დამწერლობათა (კოპტური, გოთური, ძვ. სომხური, ძვ. სლავური) შორის.

აკად. თამაზ გამყრელიძის შემოქმედებითი ბიოგრაფიის კიდევ ერთი შთამბეჭდავი ფურცელია ცნობილ ენათმეცნიერთან ვიაჩესლავ ივანოვთან თანაავტორობით შექმნილი ორტომიანი მონოგრაფია „ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები. ფუძე-ენისა და პროტო-კულტურის რეკონსტრუქცია და ისტორიულ-ტიპოლოგიური ანალიზი“ (1987), რომელშიც ავტორებმა ინდოევროპული ენის ბუნებისა და ინდოევროპელთა პირველსაცხოვრისის შესახებ სრულიად ახლებური თეორია შესთავაზეს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას. ამ თეორიის საფუძვლად აღებული ე.წ. გლოტალური თეორია პრინციპულად ახალი სამეცნიერო პარადიგმა იყო ინდოევროპულ ენათა შედარებითსა და ტიპოლოგიურ კვლევაში და მისი გამოჩენა ინდოევროპეისტიკის, ერთი შეხედვით, გარკვეულსა და დალაგებულ სივრცეში ფიგურალურად ტუნგუსის მეტეორის ჩამოვარდნასთანაც კი იქნა შედარებული! რაც მთავარია, ამ ღრმა და მასშტაბურმა ნაშრომმა ახალი ბიძგი მისცა ენათა და კულტურათა შედარებითსა და ტიპოლოგიურ კვლევებს მთელ მსოფლიოში.

აკად. თამაზ გამყრელიძე მუდმივად იყო ახალ სამეცნიერო იდეათა და წამოწყებათა ინიციატორი და წარმმართველი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მეცნიერებათა აკადემიაში 90-იანი წლების ბოლოდან მუშავდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის „ქართული ენის თესაურუსი“ (ისტორიული ლექსიკონი) და ამ სამეცნიერო პროექტს საფუძვლად დაედო „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის ცნობილი მემკვიდრეობა, მისი ლექსიკური ბაზები; ხოლო ამ კომისიისა (დღეს „რუსთაველის კომიტეტი“) და მისი ბაზების უვნებლად შემონახვა პირადად ბატონი თამაზის დამსახურებაა. მან არა მხოლოდ შეინარჩუნა ეს მემკვიდრეობა და რესურსები, არამედ ქათველოლოგიური კვლევების თანამედროვე მოთხოვნებსაც ოპტიმალურად დაუქვემდებარა.

აკად. თამაზ გამყრელიძეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული მეცნიერების მართვის საქმეში. 1973-2005 წლებში იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გიორგი წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, შემდგომ საპატიო დირექტორი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 1966 წლიდან ხელმძღვანელობდა თსუ სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრას (1999 წლიდან – ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრა, ხოლო ამჟამად – თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტი). 2005-2013 წლებში იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, ხოლო 2013 წლის ივლისიდან ამავე აკადემიის საპატიო პრეზიდენტია; როგორც ითქვა, იგი ხელმძღვანელობს აკადემიის ერთ-ერთ სამეცნიერო სტრუქტურას – „რუსთაველის კომიტეტს“.

განსაკუთრებულ სურათს ქმნის აკად. თამაზ გამყრელიძის მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი და მის ღირსებათა აღიარების მართლაც შთამბეჭდავი ნუსხა:

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს 1967  წელს, ხოლო აკადემიკოსია 1974 წლიდან;

საკავშირო (ამჟამად – რუსეთის) მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1984 წლიდან;

საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1979 წ.).

გარდა ამისა, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე არის მსოფლიოს არაერთი ცნობილი აკადემიისა და სამეცნიერო საზოგადოების წევრი:

“ამერიკის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის” უცხოელი წევრი (ვაშინგტონი);

“ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის” უცხოელი საპატიო წევრი (კემბრიჯი);

“ევროპის მეცნიერებათა აკადემიის” ნამდვილი წევრი (ლონდონი);

“ბრიტანეთის აკადემიისა” (ლონდონი) და “ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის” (ვენა) უცხოელი წევრი;

“უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის” საპატიო წევრი (ბუდაპეშტი);

“საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის” უცხოელი წევრი (ლაიფციგი);

“ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის” უცხოელი წევრი (რიგა);

“მეცნიერებათა და ხელოვნებათა ევროპული აკადემიის” წევრი (ზალცბურგი);

“ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების” საპატიო წევრი (ვაშინგტონი);

“ევროპის ლინგვისტური საზოგადოების” წევრი (იყო ამ “საზოგადოების” პრეზიდენტი 1986 წელს);

“ინდო-ევროპული საზოგადოების” საპატიო წევრი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა).

არის ბონისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი.

მას დამსახურებული აქვს ჰუმბოლდტის საერთაშორისო პრემია (გერმანია, 1989); ივ. ჯავახიშვილის სახელობის პრემია (თსუ, 1992); არის საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1999) და თბილისის საპატიო მოქალაქე (2000).

სრულიად განსაკუთრებულია თამაზ გამყრელიძის ურთიერთობა საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიასთან და მის სულიერ წინამძღოლთან. სწორედ მისი დამსახურებაა საქართველოს საპატრიარქოსა და მეცნიერებათა აკადემიის ესოდენ მჭიდრო საქმიანი თანამშრომლობა და ის, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამშვენებს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობას, იგი 2005 წელს არჩეულ იქნა აკადემიის საპატო წევრად. ამ ურთიერთობის თვალსაჩინო გამოვლინება იყო ისიც, რომ მსოფლიო პატრიარქი, ბართოლომეოს II აკადემიას სტუმრობდა და არჩეულ იქნა აკადემიის უცხოელ საპატიო წევრად. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ღირსეულად დააფასა თამაზ გამყრელიძის ღვაწლი და მას 2013 წელს მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადასცა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, „წმინდა გიორგის ოქროს ორდენი“.

განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს დიდი მეცნიერის აქტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ.

აკად. თამაზ გამყრელიძე იყო “საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა” და რამდენიმე მოწვევის “საქართველოს პარლამენტის” წევრი (1990-1992 და 1992-2003 წლებში); ხელმძღვანელობდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, როგორც “საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს” წევრი, არის ერთ-ერთი ხელისმომწერი “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისა” (1990 წლის 28 ოქტომბერი).

უფრო ადრე მას აქტიურმა პოლიტიკურმა მოღვაწეობამ მოუწია საკავშირო ასპარეზზე.  აკად. თამაზ გამყრელიძე 1985 წლიდან იყო “სსრკ უზენაესი საბჭოს” წევრი; იგი იყო საქართველოს დელეგაციის წევრი მოსკოვში 1989 წელს გამართული “სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობისა” (25 მაისი-9 ივნისი), რომელზეც მან ისტორიული სიტყვა თქვა 9 აპრილის თბილისის მოვლენების შესახებ და ამ სისხლიან ანგარიშსწორებაში პირდაპირ ამხილა საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა.

აკად. თამაზ გამყრელიძე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ეროვნულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო მემკვიდრეობას და ყველაფერს აკეთებდა მის დასაცავად. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელი ჰქვია და ეს მოხდა 1989 წელს! მან ბევრი გააკეთა აკადემიის სამეცნიერო სისტემის შენარჩუნებისათვის და სახელოვანი მეცნიერული სკოლების გადარჩენისათვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მეცნიერებათა აკადემიური სისტემის ხისტი რეორგანიზაციის პერიოდში ბევრს ნიშნავდა მისი პირუთვნელი პუბლიკაციები: „ივანე ჯავახიშვილის „მესამე სიკვდილი“ („საქ. რესპ.“, „24 საათი“ და „ლიტ. საქ.“); „მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს“ („საქ. რესპ.“ და „რეზონ.“); „მიმართვა ნიდერლანდების ხელოვნებისა და მეცნიერებათა აკადემიას, ამსტერდამი; სრულიად ევროპის მეცნიერებათა აკადემიების ასოციაციის პრეზიდენტს, ბატონ პიტერ დრენთს“ („24 საათი“); “SOS: ინგრევა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ქართული მეცნიერება!“ („საქ. რესპ.“ და „რეზონ.“)…

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად მოღვაწეობდა, ფიქრობდა და ზრუნავდა ქართული მეცნიერების მომავალზე, მსჯელობდა ქართველოლოგიის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე; მონაწილეობდა დედა-უნივერსიტეტისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობაში, ქვეყნის კულტურულსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; იგი საუკეთესო მაგალითი იყო სულიერი სიმტკიცისა, შემართებისა და ჯანსაღი ცხოვრებისა; მისი საერთაშორისო ავტორიტეტი და კავშირები მნიშვნელოვანი მეგზური იყო ახალი თაობის ქართველ მეცნიერთათვის და ასეთად დარჩება ის მომავალშიც. აკად. თამაზ გამყრელიძე ჭეშმარიტად ღვაწლმოსილი, ვალმოხდილი შეუერთდა ქართული მეცნიერების ბრწყინვალე, მარადიულ თანავარსკვლავედს.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია