აკადემიკოსი ნოდარ მითაგვარია – 80
- თებერვალი 10, 2021
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, პროფესორ ნოდარ მითაგვარიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი ულოცავს ბატონ ნოდარს იუბილეს, ჯანმრთელობას, კიდევ უფრო ხანგრძლივ და წარმატებულ სამეცნიერო მოღვაწეობას უსურვებს.
ნოდარ მითაგვარია დაიბადა ქ. თბილისში, ჰყავს ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი. მშობლები განათლებით ინჟინერ-ქიმიკოსები იყვნენ. დაამთავრა თბილისის მე-9 საშუალო სკოლა (1959 წ). სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტზე (1959-1964წ), მართვისა და რეგულაციის სისტემების სპეციალობით.
სადიპლომო ნაშრომი შეასრულა თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, სადაც მიიღო შეთავაზება ალგორითმიზაციის ლაბორატორიაში მუშაობის გაგრძელებაზე. ინსტიტუტში მუშაობის დროს მას ჩამოუყალიბდა მყარი აზრი, რომ საინტერესო იქნებოდა შეესწავლა ის ალგორითმები, რაც ბუნებამ ჩადო ცოცხალ სისტემებში, კერძოდ, ფიზიოლოგიური პროცესების მარეგულირებელი სისტემური და ლოკალური მექანიზმების ფუნქციონირებაში. ამ მიზნით განცხადება შეიტანა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა შესაბამისი ოფიციალური ბიოლოგიური განათლება, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის გადაწყვეტილებით სპეციალობაში ასპირანტურაში მისაღები ერთი გამოცდის ნაცვლად გამოცდები ხუთ ბიოლოგიურ საგანში დაენიშნა, რომლებიც მან წარმატებით ჩააბარა და ჩაირიცხა ასპირანტურაში.
ნოდარ მითაგვარიამ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის რეგულაციის მათემატიკური მოდელი“ (1971), ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1983 წელს, თემაზე „თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დინამიკური მახასიათებლები“.
1971 წლიდან ნოდარ მითაგვარიას ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში გაუხსნეს ბიოკიბერნეტიკის ლაბორატორია, რომელიც მოგვიანებით გარდაიქმნა თავის ტვინის ფუნქციათა მეტაბოლური უზრუნველყოფის შემსწავლელ ლაბორატორიად და რომელსაც კიდევ ერთხელ შეეცვალა დასახელება და დღეისათვის „თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის და მეტაბოლიზმის შემსწავლელი განყოფილება“ ეწოდება.
საქართველოში ჰორმეზისის მოვლენის კვლევის დამფუძნებელი, ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, საერთაშორისო ორდენის „სიცოცხლის წინაშე დამსახურებისათვის“ (Merit for Life) კავალერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ მითაგვარია არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს–მდივანი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის „თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის და მეტაბოლიზმის განყოფილების“ გამგე, მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების აქტიური წევრი. იგი იყო ქსოვილში ჟანგბადის გადატანის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISOTT) აღმასრულებელი დირექტორი, კლინიკური ჰიპერთერმიის საერთაშორისო საზოგადოების (ICHS) პრეზიდენტი, თავის ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) და ევროპის ნეირომეცნიერთა საზოგადოებათა ფედერაციის (FENS) მმართველი კომიტეტების წევრი. ამჟამად არის საქართველოს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. ამასთან ერთად იგი 1991 წლიდან არის ლოს ანჯელესში არსებული ვალეი კანცერ ინსტიტუტის (Valley Cancer Institute) უფროსი კონსულტანტი (Senior Consultant) და 2017 წლიდან არის არჩეული BAO Health Resource Corporation (ტარზანა, კალიფორნია) სამეცნიერო მრჩევლად. 1995 წლიდან არის ევროპის ნევროლოგთა საზოგადოების, ხოლო 1997 წლიდან აგრეთვე ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
აკადემიკოს ნოდარ მითაგვარიას მრავალრიცხოვანი შრომები მიძღვნილია ცენტრალური ნერვული სისტემის სისხლით მომარაგების მარეგულირებელი მექანიზმების ექსპერიმენტული კვლევისადმი, სხვადასხვა ცნობილი და ორიგინალური მეთოდების გამოყენებით. უკანასკნელი წლების განმავლობაში ინტენსიურად იკვლევდა ონკოლოგიურ კლინიკებში ფართოდ დანერგილი, შედარებით ახალი სამკურნალო მოდალობის, ჰიპერთერმიის დადებითი მოქმედების ფიზიოლოგიურ მექანიზმებს. ექსპერიმენტულ კვლევებში დადგინდა, რომ მთელი სხეულის ჰიპერთერმიის პირობებში, წმინდა ტემპერატურული ფაქტორის გარდა, ადგილი აქვს ჰორმეზული მექანიზმის მანიფესტაციას, მაგრამ მხოლოდ ტემპერატურის გარკვეულ დიაპაზონში. თუ ტემპერატურის დონე გასცდება ამ დიაპაზონის ზედა ზღვარს, ჰორმეზისის მექანიზმი ითრგუნება და შესაძლოა შეუქცევადი დამაზიანებელი პროცესების განვითარება, ხოლო თუ ტემპერატურული ზემოქმედება იქნება ჰორმეზული დიაპაზონის ქვედა ზღვარზე ნაკლები – არავითარი ეფექტი (არც დადებითი და არც უარყოფითი) არ მიიღწევა.
ამრიგად, აკადემიკოსმა ნოდარ მითაგვარიამ პირველად აჩვენა, რომ ონკოლოგიურ კლინიკებში მიღებული ჰიპერთერმული მკურნალობის დადებითი ეფექტი, ძირითადად, სწორედ ჰორმეზისის ფენომენის გააქტივებით არის განპირობებული, რაც უშუალო კავშირშია ოქსიდაციურ სტრესთან. ცნობილია, რომ ოქსიდაციური სტრესისადმი რეზისტენტობის მატება ასოცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. კერძოდ, დადგენილია, რომ დაბალი დოზების ოქსიდაციური სტრესი (ინდუცირებული, მაგალითად სითბური შოკით) ანელებს დაბერების პროცესს. ფაქტიურად, აქ ადგილი აქვს სწორედ იმ მოვლენას, რომელიც ჩვენ ზევით ჰორმეზისის დასახელებით მოვიხსენიეთ.
ნოდარ მითაგვარიას ჰობი არის კარგი იუმორი, კლასიკური მუსიკა (განსაკუთრებით შოპენი და ბეთჰოვენი), ქართული ხალხური სიმღერები, კროსვორდები და სკანვორდები.
ბატონი ნოდარი დღესაც აგრძელებს ნაყოფიერ მოღვაწეობას როგორც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ისე ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში. კიდევ ერთხელ, დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ნაყოფიერ მეცნიერულ მოღვაწეობას ვუსურვებთ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი