საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 80 წლისაა
- თებერვალი 15, 2021
2021 წლის თებერვლის თვეში მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა. თამამად შეიძლება ითქვას რომ, აკადემიის მეცნიერებმა თავიანთი მოღვაწეობით საქართველო მსოფლიოს გააცნეს. აკადემიის დამფუძნებლებს შორის იყვნენ გამოჩენილი მეცნიერები: ნიკო მუსხელიშვილი, კორნელი კეკელიძე, ილია ვეკუა, აკაკი შანიძე, ნიკო კეცხოველი და სხვ.
აკადემიის პირველი პრეზიდენტი 30 წლის განმავლობაში იყო, მათემატიკოსი ნიკო მუსხელიშვილი. მას შემდეგ სხვადასხვა დროს აკადემიას ხელმძღვანელობდნენ: ილია ვეკუა, ევგენი ხარაძე, ალბერტ თავხელიძე, თამაზ გამყრელიძე, ხოლო 2013 წლიდან აკადემიიის პრეზიდენტია აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. აკადემიის დაარსების თარიღი ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება, მაგრამ წლეულს, ცნობილი მიზეზების გამო ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა მასშტაბურად ვერ მოხერხდა. მიმდინარე წლის 11 თებერვალს, აკადემიის წევრებმა პრეზიდენტ გიორგი კვესიტაძის, ვიცე-პრეზიდენტ როინ მეტრეველისა და აკადემიკოს-მდივნის რამაზ ხუროძის ხელმძღვანელობით, საქართველოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ყვავილებით შეამკეს აკადემიის პირველი პრეზიდენტის, აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილისა და აკადემიის მეორე პრეზიდენტის – აკადემიკოს ილია ვეკუას საფლავები.