საქართველოს მთიანეთის პრობლემების კომპლესური შესწავლის კომისიის სხდომა
- მარტი 8, 2021
2021 წლის 4 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მთიანეთის პრობლემების კომპლესური შესწავლის კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც მთლიანად მიეძღვნა სვანეთის რეგიონის უახლესი პრობლემების წარმოჩენასა და ანალიზს.
სხდომაზე მოხსენება – „სვანეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები“ – წარმოადგინა მთის კომისიის სწავლულმა მდივანმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა მირონ ფირცხელანმა. როგორც თემის დასახელებიდან ჩანს, მომხსენებელმა წარმოადგინა ვრცელი, მრავალმხრივი ანალიზი სვანეთის რეგიონის სამეურნეო-ეკონომიკური გამოცდილების ისტორიის, თანამედროვე ვითარებისა და პერსპექტიული შესაძლებლობების შესახებ. მან უპირველესად წარმოაჩინა რეგიონის ობიექტური პოტენციალი, ანუ რესურსები (ბუნება, წყალი, ტყე, წიაღისეული…) და სოფლის მეურნეობისა და საწარმოო საქმიანობის ობიექტური შესაძლებლობები, ცოდნა და გამოცდილება. შემდეგ კი ეს შესაძლებლობები განიხილა კონკრეტული დარგების მიხედვით: მესაქონლეობა, მეცხვარეობა-მეთხევეობა, მიწათმოქმედება, მეფუტკრეობა… მოხსენებაში კარგად გამოჩნდა, რომ ამ დარგების განვითარებისათვის სვანეთს ჩინებული პოტენციალი აქვს, რაც, თავის მხრივ, იმით არის განპირობებული, რომ ეს რეგიონი შედარებით ნაკლებ არის დაცარიელებული მოსახლეობისაგან და დასახული ამოცანების გადაწყვეტა სამუშაო ძალის დეფიციტს არ შეხვდება.
წარმოდგენილი ანალიზის უპირატესი მხარე ისიც იყო, რომ თითოეული დარგის პერსპექტივა დეტალურად, თითქმის ბიზნესგეგმის დონეზე იყო ნაჩვენები, თავისი პრიორიტეტებითა და რისკებით.
მომხსენებელმა მნიშვნელოვანი დრო და ყურადღება დაუთმო წყლისა და ტყის რესურსების რაციონალური გამოყენების შესაძლებლობას, მისი კონცეფციით, ბუნებას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, მაგრამ ისე, რომ, იმავე დროს, ქვეყნისა და მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესები არ დაზარალდეს.
განსახილველი თემის ცალკე ასპექტი იყო სვანეთის უნიკალური ბუნება და ის ტურისტული პოტენციალი, რაც ამ რეგიონს აქვს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის სეზონისათვის. ამ კონტექსტში დაისვა, ერთი მხრივ, ბუნებისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და, მეორე მხრივ, სვანეთის ახალი გზის მშენებლობის საკითხი, რომელიც დიდად შეუწყობს ხელს სვანეთის პოტენციალის უფრო ეფექტურად გამოყენებას.
მოხსენებას ესწრებოდნენ და განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა (აკადემიკოსებმა – გ. კვესიტაძემ, რ. მეტრეველმა, რ. ხუროძემ), სვანეთის რეგიონის წარმომადგენლებმა, ცნობილმა მოღვაწეებმა ე. საღლიანმა, მ. ხერგიანმა, სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლებმა – ტ. ჩიგოგიძემ, კ. არაბულმა, ზ. მაღრაძემ და სხვ.
გადაწყდა, დაიწეროს საერთო მიმოხილვითი წერილი საქართველოს მთიანეთის ყველაზე აქტუალური, მოსაგვარებელი პრობლემების შესახებ.