შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • მარტი 16, 2021

ერეკლე ჟორდანიას მონოგრაფიის„ბიზანტიური პონტო და საქართველო:  სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღისპირეთის ისტორიული გეოგრაფიისა და ეთნოტოპონიმიკის საკითხები XIII-XV საუკუნეებში“  –წარდგინება

 

2021 წლის 26 თებერვალს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან  მოქმედმა შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელმა კომისიამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა და საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნულმა კავშირმა პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით  გამართა ისტორიის დოქტორის ერეკლე ჟორდანიას მონოგრაფიის – „ბიზანტიური პონტო და საქართველო:  სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღისპირეთის ისტორიული გეოგრაფიისა და ეთნოტოპონიმიკის საკითხები XIII-XV საუკუნეებში“ (სანქტ-პეტერბურგი, 2019) – Online პრეზენტაცია.

თავის გამოსვლაში ბატონმა ერეკლე ჟორდანიამ აღნიშნა, რომ ნაშრომი შესრულებულია დისციპლინათაშორისი მეთოდოლოგიის საფუძველზე და ემყარება სხვადასხვა ეპოქისა და ხასიათის  ბერძნული, ლათინური, სლავური, სპარსული, არაბული, თურქული, სომხური  და ქართული წერილობითი წყაროების ცნობების, კარტოგრაფიული, მათ შორის პორტულანების, ეთნოგრაფიული, ლინგვისტური, არქეოლოგიური მასალებისა და მისი მონაწილეობით ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიასა (2000 წ.) და ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში (2004  წ.) ჩატარებული საერთაშორისო ექსპედიციების შედეგების კომპლექსურ ანალიზს.

ავტორმა ისაუბრა XIII-XV საუკუნეების სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ეთნიკური ისტორიის, ისტორიული გეოგრაფიისა და ეთნოტოპონიმიკის საკითხებზე, ისტორიულ პერსპექტივაში წარმოაჩინა სხვადასხვა კულტურათა და ცივილიზაციათა ურთიერთქმედებისა და ურთიერთზეგავლენის შედეგად ჩამოყალიბებული როგორც პონტოს, ასევე ტრაპეზუნტის იმპერიის პოლიეთნიკური საზოგადოების განვითარების ძირითადი თავისებურებანი. მონოგრაფიის ავტორმა ხაზგასმით აღნიშნა პონტოს ადგილობრივი, ქართველური მოსახლეობის ადგილი, როგორც ტრაპეზუნტის იმპერიის ეთნიკურ სტრუქტურაში, ასევე მისი განმსაზღვრელი როლი დიდი კომნენოსების სამეფოს ისტორიული ბედის გადაწყვეტასა და, ზოგადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის  კულტურული იერსახის ჩამოყალიბებაში.

პრეზენტაციის შემდეგ აზრი გამოთქვეს: საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, აკადემიკოსებმა –  რისმაგ გორდეზიანმა, ვალერი ასათიანმა, რამაზ შენგელიამ და ელგუჯა ხინთიბიძემ, პროფესორებმა – თინათინ დოლიძემ, მარინე გიორგაძემ, ზაზა აბაშიძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნელი მახარაძემ, ისტორიის დოქტორებმა – მანანა გაბაშვილმა, გიორგი ჭეიშვილმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მარიკა დიდებულიძემ, ფილოლოგიის დოქტორმა თამარ მესხმა. 

გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ერეკლე ჟორდანიას მიერ წარმოდგენილი ნაშრომი დისტიპლინათაშორისი ხასიათისაა და  ემყარება სხვადასხვა ეპოქისა და ხასიათის წყაროების მონაცემთა კოპლექსურ ანალიზს, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს კვლევის ქრონოლოგიურ და გეოგრაფიულ საზღვრებს. ავტორი XIII–XV საუკუნეების სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ეთნიკური ისტორიის, ისტორიული გეოგრაფიის, ეთნოტოპონიმიკისა და აღნიშნული ეპოქის პონტოს პოლიეთნიკური საზოგადოების განვითარების საკითხებს სიღრმისეულად, ისტორიულ პერსპექტივაში, სხვადასხვა კულტურათა და ცივილიზაციათა ურთიერთქმედებისა და ურთიერთზეგავლენის კონტექსტში განიხილავს.

ხაზგასმით აღინიშნა ნაშრომის გამართული სამეცნიერო აპარატი, დანართში  სისტემატიზირებული სახით წარმოდგენილი გამოყენებული წერილობითი წყაროების ტექსტებისა და მათი, ხშირ შემთხვევაში, ავტორისეული თარგმანების მაღალი სამეცნიერო დონე და პრაქტიკული დანიშნულება, ზოგადად, მონოგრაფიის აკადემიური ხასიათი და მისი სამეცნიერო მნიშვნელობა. ამასთანავე, დისკუსიისას აღინიშნა, რომ მონოგრაფიაში არ არის სრულად ასახული ქართული ისტორიოგრაფიის უახლესი მიღწევები.

გამომსვლელებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი რისმაგ გორდეზიანისა და ვალერი ასათიანის წინადადებას წარმოდგენილი ნაშრომის ქართულ და ინგლისურ ენებზე თარგმნისა და, დისკუსიისას გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, ახალი, შევსებული გამოცემის განხორციელებას; მადლობა გადაუხადეს მონოგრაფიის ავტორს და უსურვეს წარმატებები მომავალ სამეცნიერო საქმიანობაში.