საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა
- აპრილი 18, 2021
2021 წლის 16 აპრილს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მორიგი სხდომა, რომელიც მიეძღვნა ფილტვის კიბოს მართვის აქტუალურ საკითხებს.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, პრეზიდიუმის წევრები, აკადემიკოსები, კომისიის წევრები, დარგობრივი პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.
პირველმა მომხსენებელმა, „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის” კლინიკურმა ონკოლოგმა ამირან მათითაშვილმა, ისაუბრა ფილტვის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ ფილტვის კიბო ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილზეა სიხშირითა და სიკვდილიანობის მიზეზით. სამწუხაროდ, პაციენტების უმრავლესობა, კლინიკას მიმართავს გვიან, დაავადების შორსწასულ შემთხვევებში, როცა იგი უკვე ინკურაბელურია. ამასთან, ცნობილია, რომ ადრეული დიაგნოსტიკისა და დროეული მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლებელია მკურნალობის ეფექტურობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. დაავადების ადრეულ სტადიებზე დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებად განიხილება მისი სკრინინგი. მომხსენებელმა მოიყვანა საერთაშორისო, მულტიცენტრული, კლინიკური კვლევების შედეგები, რომლებმაც აჩვენა, რომ ფილტვის კიბოს სკრინინგი ამცირებს ამ დაავადებით განპირობებულ სიკვდილიანობას 39%-ით 10 წლის მანძილზე. მან ასევე ხაზი გაუსვა სკრინინგის პოტენციურ გვერდით მოვლენებს.
მეორე მოხსენება შეეხო ფილტვის კიბოს მკურნალობისა და დიაგნოსტიკის პრობლემებს საქართველოში. მომხსენებელმა, ივანე კილაძემ, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის დეპარტამენტიდან, აღნიშნა, რომ საქართველოში, ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკამ და მკურნალობამ. ეს კერძოდ შეეხება რადიოლოგიური დიაგნოსტიკის მეთოდებს, ქირურგიულ და მედიკამენტურ თერაპიას. მან ხაზი გაუსვა მულტიდისციპლინარული მკურნალობის აუცილებლობას ამ მეტად რთული დაავადების მართვაში. მოხსენების ბოლოს, ავტორმა გააანალიზა ფილტვის კიბოს მკურნალობის ფინანსური ასპექტები. კერძოდ, აღინიშნა, რომ დაავადების შორსწასული (ლოკალურად გავრცობილი და მეტასტაზირებული) შემთხვევების მკურნალობა უაღრესად ძვირი ჯდება და უდიდეს ფინანსურ ტვირთად აწევს ჯანდაცვის სისტემას. ხოლო სარგებელი, მოტანილი ამ მკურნალობისგან – მინიმალურია.
მოხსენებების შემდეგ, გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი, კომისიის თავმჯდომარე პროფესორი არჩილ ჩხოტუა, კომისიის წევრები და დარგის ექსპერტები. სხდომა შეაჯამა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრმა რამაზ ხეცურიანმა. აღინიშნა, რომ სხდომის შედეგების საფუძველზე, კომისია მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს, რომლითაც წარდგება სამთავრობო სტრუქტურების წინაშე.