მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა
- ივნისი 25, 2021
2021 წლის 23 ივნისს გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქართველოს მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც მიეძღვნა სოფლის განვითარების აქტუალურ პრობლემებს ჩვენი ქვეყნის უახლესი გამოწვევების ფონზე. სხდომა გახსნა და პრობლემის ძირითადი აქცენტები დასვა კომისიის თავმჯდომარემ, აკად. ავთანდილ არაბულმა. დარგის ცნობილმა ექსპერტმა, პროფ. პაატა კოღუაშვილმა წარმოადგინა მოხსენება „თანამედროვე ქართული სოფლის სასიცოცხლო პრობლემები“. მან ვრცლად მიმოიხილა ის შემაფერხებელი ფაქტორები, რაც დღევანდელი სასოფლო დასახლებების განვითარებას უშლის ხელს და დააყენა აუცილებლად მოსაგვარებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური საკითხები. განსაკუთრებით გამოიკვეთა სოფლის (სასოფლო დასახლების) სამართლებრივი სტატუსისა და მიწის კერძო და სათემო განკარგვის პრობლემები, როგორც საფუძველი სამეურნეო პროცესების რაციონალური წარმართვისა. სხდომის განმავლობაში კიდევ არაერთი აქტუალური საკითხი დაისვა, რომელთა მოგვარებას მოსახლეობა ელის; ეს არის: მთის კანონის ცალკეული პრობლემური ასპექტები, კუთვნილი მიწების რეგისტრაციის სირთულე, კოოპერაციის განვითარება, ახალმოსახლეთა ხელშეწყობის პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის განვითარება, სასაზღვრო რეგიონების პრობლემები და სხვ. სხდომას ესწრებოდნენ და დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა – გიორგი დიდიძემ და გიორგი არსოშვილმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა – პაატა ჭიპაშვილმა და გიორგი მიშელიძემ. საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები: გოჩა ცოფურიშვილი, გიორგი გალეგაშვილი, ზელიმხან მაღრაძე, კობა არაბული, რომან ქურიძე, მირონ ფირცხელანი. სხდომამ გამოკვეთა რამდენიმე თემა, რომელთაც უახლოეს ხანს მიეძღვნება თემატური შეხვედრები.