ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ივლისი 5, 2021
2021 წლის 1 ივლისს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის“ სხდომა, რომელიც მიეძღვნა ტერიტორიულად განაწილებული სისტემების სტრუქტურული მართვისა და მოდელირების თანამედროვე პრობლემებს და ახალ ტენდენციებს (მომხსენებლები აკადემიკოსი რამაზ ხუროძე და პროფესორი რევაზ/ივერი კაკუბავა).
თავის შესავალ მოსხენებაში აკადემიკოსმა რ. ხუროძემ მართვის ობიექტად განიხილა მსხვილმასშტაბიანი, ტერიტორიულად განაწილებული დარეზერვებული სისტემები, რაც შეიცავს არასაიმედო (ძირითადი და სარეზერვო), აღდგენად ელემენტებს და მათი სტრუქტურული მართვის ქვესისტემები და აღნიშნა, რომ ტრადიციულად, რთული ტექნიკური სისტემების სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპებზე მმართველ გადაწყვეტილებათა მისაღებად გამოიყენება საიმედოობის მათემატიკური თეორიის, სიცოცხლისუნარიანობის თეორიის, მდგრადობის თეორიის და რიგების (მასობრივი მომსახურების) თეორიის კლასიკური (ტრადიციული) მარკოვული და ნახევრადმარკოვული მოდელები. ზემოაღნიშნული სისტემების ფართოდ გავრცელების პირობებში აღმოჩნდა, რომ ეს მოდელები ნაკლებად ეფექტიანია, რისი მიზეზია ძირითადი კომპონენტების დიდი, ხოლო სარეზერვო ელემენტების გაცილებით მცირე რაოდენობა, აგრეთვე სარეზერვო ელემენტებისა და სათადარიგო ნაწილების შორ მანძილზე დასაწყობება ძირითადი ელემენტებიდან, საჭირო ხდება მტყუნებული ელემენტის სარეზერვოთი ჩანაცვლების პროცესის დამოუკიდებელ ოპერაციად განხილვა მათემატიკურ მოდელირებაში და ხშირად მტყუნებული ძირითადი ელემენტები დროებით ჩანაცვლდებიან მობილური სარეზერვო ელემენტებით, სანამ ძირითადი გარემონტდება; ეს ფაქტორები არაა გათვალისწინებული კლასიკურ თეორიებში და საიმედოობის თეორიის ბევრი ცნობილი ექსპერტი თვლიდა რომ მათი შემდგომი განვითარება იყო შეუძლებელი.
შემდეგ მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი რ.კაკუბავა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ გასული საუკუნის ბოლოს, როცა გამოიკვეთა კლასიკური თეორიების კრიზისი, აკად. რამაზ ხუროძე იყო იმ მცირერიცხოვან ექსპერტთა შორის მსოფლიოში, ვინც დაინახა და გააცნობიერა ახალი პერსპექტივები საიმედოობის თეორიის და უფრო ზოგადად, სტრუქტურული მართვის თეორიის შემდგომი განვითარებისთვის.
სახელდობრ, მან გამოკვეთა იმ დროისათვის ორი ახალი მიიმართულება: 1) ანალოგურ მოწყობილობათა საიმედოობის პრობლემა და 2) რთული, ტერიტორიულად და სივრცობრივად განაწილებული სისტემების საიმედოობისა და ეფექტიანობის ანალიზისა და ოპტიმიზაციის პრობლემები, სათავეში ჩაუდგა წამყვან ქართველ მეცნიერთა ჯგუფს (ილია მიქაძე, რევაზ ბანცური, ჯონდო გვაზავა, გია სოხაძე, მერაბ გაბიძაშვილი, რევაზ/ივერი კაკუბავა, ჰამლეტ მელაძე, ნინო სვანიძე, შალვა ნაჭყებია, დავით გულუა, თემურ ჯანგველაძე, მურმან კუბლაშვილი, გივი ფიფია, გია სურგულაძე, კორნელი ოდიშარია და სხვ.) და მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით მიღებულია სერიოზული თეორიული და ამავე დროს დიდი პრაქტიკული ღირებულების შედეგები. ჯგუფის საქმიანობა ბოლო 15-20 წლების განმავლობაში მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების, სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციების, ასევე მსხვილი ტელეკომუნიკაციური კომპანიების დიდ ინტერესს იწვევს და იმსახურებს მაღალ შეფასებას; საერთაშორისო სამეცნიერო თანამეგობრობაში ამ ჯგუფს „ქართულ ჯგუფს“ უწოდებენ.
სახელდობრ, აგებული და ნაწილობრივ გამოკვლეულია სრულიად ახალი ტიპის მარკოვული და ნახევრადმარკოვული მოდელები, სადაც გათვალისწინებულია ზემოთ ნახსენები ფაქტორები. ასეთი მოდელები ჯერჯერობით სხვა ავტორებს არ შემოუთავაზებიათ. ასევე შთამბეჭდავია ახალი, სრულიად ორიგინალური ალტერნატიული მეთოდი ნახევრადმარკოვული მოდელების გამოსაკვლევად; ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს მეთოდი გაამარტივებს როგორც სტრუქტურული მართვის ნახევრადმარკოვული მოდელების, ასევე ზოგადად, ნახევრადმარკოვული შემთხვევითი პროცესების გამოკვლევას. ამასთან ეს სერიოზული წვლილია უშუალოდ შემთხვევით პროცესთა თეორიაში.
შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ჯგუფის შედეგების საერთაშორისო აღიარების მიხედვით, რთული სისტემების სტრუქტურული მართვის სფეროში საქართველოს წამყვანი ადგილი უკავია მსოფლიოში. თუ ჩვენს ქვეყანაში მეცნიერების მიმართ უახლოეს წლებში შესაძლებელი იქნება მეტი ყურადღების გამოჩენა სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან, სრული საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ ქართველი მეცნიერები განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ სტრუქტურული მართვის ზემოთ აღწერილი პრობლემის გადაწყვეტაში.
დისკუსიაში გამოვიდნენ აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, პროფესორი მერაბ ახობაძე, პროფესორი ჰამლეტ მელაძე, პროფესორი სერგო შავგულიძე და სხვ., რომლებმაც აღიარეს ჩატარებული სამუშაოების მნიშვნელოვანი წვლილი თანამედროვე მეცნიერების განვითარებაში და გამოთქვეს მოსაზრება ქვეყანაში გამოყენებითი მათემატიკის განვითარების დიდ პერსპექტივებზე.