ცირკულარული ეკონომიკის მოდელების და ტექნოლოგიების გავრცელების შესაძლებლობები საქართველოში
- ივლისი 5, 2021
2021 წლის 2 ივლისს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის“ სხდომა, რომელიც მიეძღვნა ცირკულარული ეკონომიკის მოდელების და ტექნოლოგიების გავრცელების შესაძლებლობებს საქართველოში, ეკონომიკის, რომელიც გულისხმობს უპირატესად მომსახურებისა და არა საქონლის შეძენას; მასალა რამდენჯერმე გამოიყენება, ხოლო საგნები განკუთვნილია ხანგრძლივი გამოსადეგობისათვის, თანაც ის მასალა, რომლისგან დამზადებულია ერთგვაროვანი საქონელი, ხელახლად მოიხმარება, როდესაც საგნის გამოსადეგობის ვადა ამოიწურება, რის შედეგად საქონლის წარმოებასა და გამოყენებაში ნარჩენების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანება.
სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა ცენტრის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ცენტრის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისი“-ს თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ ქიმერიძე და შვედეთის სამეფოს განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში ბატონი ერიკ ილესი.
შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა ისაუბრა საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მიდგომებისა და არსებული გამოწვევების თაობაზე.
თავის ვრცელ მოხსენებაში გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დოქტორმა დარიუშ ედვარდ პრასეკმა აღნიშნა საქართველოში ეკონომიკის ცირკულარულ მოდელებზე დაჩქარებული გადასვლის, როგორც ნარჩენების მართვის პოლიტიკის განხორციელების აუცილებლობა, ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ცირკულარული ეკონომიკა ევროკავშირში აღიარებულია როგორც გზა, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების შესაბამისი მიზნების მიღწევის საშუალებას იძლევა, რადგან ამ მიდგომების გამოყენებით შესაძლებელია თუნდაც საშიში ნივთირებებების წარმოების შემცირება და კლიმატის უარყოფით ცვლილებათა შერბილება. ევროკავშირი ცირკულარულ ეკონომიკას განიხილავს როგორც შესალებლობას რესურსებით ღარიბი ევროპისთვის შეინარჩუნოს გლობალური კონკურენტუნარიანობა და უზრუნველყოს მაღალი ხარისხის გარემო.
ორივე მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.