საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა
- ივლისი 9, 2021
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მორიგი სხდომა, რომლის თემა იყო კოვიდ-19 და თირკმლის დაავადებები.
სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, დარგობრივი პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.
პირველმა მომხსენებელმა, სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“, ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტლის ნეფროლოგიის განყოფილების ექიმმა ნინო მაღლაკელიძემ ისაუბრა კოვიდ-19-ის მიმდინარეობაზე თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე, კერძოდ კი, ჰემოადიალიზზე მყოფ პაციენტებში. მან წარმოადგინა საკუთარი კლინიკური კვლევის შედეგები. კერძოდ, გაანალიზდა ისეთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრები, როგორიცაა: დაავადების კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებები, კოვიდ-19-ის გართულებები და მათი რისკ-ფაქტორები, სიკვდილიანობა, ლეტალური გამოსავლის მიზეზები და სხვ. დიალიზზე მყოფ პაციენტებში. შედარდა აღნიშნული მაჩვენებლები ზოგად პოპულაციასა და დიალიზის პაციენტებს შორის.
მეორე მოხსენება შეეხო კოვიდ-19-ის მიმდინარეობას თირკმელგადანერგილ პაციენტებში. მომხსენებელმა, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის ნეფროლოგიის, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ავთანდილ თათარაძემ წარმოადგინა კოვიდ-19-ის მიმდინარეობის ანალიზი თირკმლის რეციპიენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ტრანსპლანტატის სტაბილური ფუნქცია. გაანალიზდა დაავადების მიმდინარეობის კლინიკური მახასიათებლები თირკლის რეციპიენტებში და შედარდა ზოგად პოპულაციას. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან გართულებაზე, როგორიცაა თირკმლის ფუნქციის დაქვეითება კოვიდ-19-ის გამო ჰოსპიტალიზირებულ რეციპიენტებში. დასკვნების სახით აღინიშნა, რომ თირკმელგადანერგილი პაციენტები წარმოადგენენ COVID-19-ით დაინფიცირების მომატებული რისკის პოპულაციას; გართულებებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება თირკმლის მწვავე დაზიანება, თუმცა, შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში ჰემოდიალიზი საჭირო არ ხდება; COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა თირკმელგადანერგილ პაციენტებში ნაკლებია დიალიზზე მყოფ პაციენტებთან შედარებით. ხაზი გაესვა ვაქცინაციის აუცილებლობას თირკმლის რეციპიენტებში.
მოხსენებების შემდეგ, გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ: კორონავირუსის საკითხზე შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი თენგიზ ცერცვაძე, კომისიის თავმჯდომარე პროფესორი არჩილ ჩხოტუა, კომისიის წევრი პროფესორი ბეჟან წინამძღვრიშვილი, კომისიის სხვა წევრები და დარგის ექსპერტები. სხდომა შეაჯამა „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ. აღინიშნა, რომ სხდომის შედეგების საფუძველზე, კომისია მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს, რომელთაც წარუდგენს სამთავრობო სტრუქტურებს.