ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა
- ივლისი 12, 2021
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის“ სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა პროფესორ მიხეილ ჯიბუტის მოხსენება თემაზე: „რატომ ცხოვრობს საქართველო “უკეთესად”, ვიდრე უნდა ცხოვრობდეს“. როგორც მიხეილ ჯიბუტმა აღნიშნა, მოხსენების მთავარი მიზანი იყო არა მარტო იმის ჩვენება თუ რატომ ცხოვრობს საქართველო იმაზე ცუდად, ვიდრე ეს მას შეუძლია მისი ადამიანისეული, ბუნებრივი, გეოპოლიტიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არამედ რატომ ცხოვრობს იმაზე კიდევ უფრო ცუდად, როგორც ცხოვრობდა 30 წლის წინ. რატომ ვერ მოახერხა საქართველომ 1989 წლის ეკონომიკური მდგომარეობის დონის დაძლევა. რატომაა, რომ დღევანდელი ცხოვრების დონე ქვეყანაში დიდწილად დაფუძნებულია არა მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის შედეგებზე, არამედ საგარეო და საშინაო ვალებზე.
პროფესორმა მიხელ ჯიბუტმა, აღნიშნულის უპირველეს მიზეზად დაასახელა ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემო: საბჭოთა სისტემიდან საბაზრო სისტემაზე გადასვლა-გარდაქმნები. ფილოსოფიურად, ეს არის 70-წლიანი საბჭოთა ექსპერიმენტული სისტემის უარყოფა და ქვეყნის კაპიტალისტური განვითარების გზაზე დაბრუნება. აუცილებელი ტრანსფორმაციის ნაცვლად, უმეტეს შემთხვევაში განხორციელდა იმ ფორმის კაპიტალიზმის რევერსი, რომელიც ქვეყანაში არსებობდა სოციალ-დემოკრატიული და ბოლშევიკური ექსპერიმენტების დაწყებამდე, ანუ, მეოცე საუკუნის ათიან წლებში. შესაბამისად, არ გამართლდა მოლოდინი, რომ დემოკრატიასა და თავისუფლებასთან ერთად, ქვეყანა დაძლევდა ცენტრალიზებული-გეგმური მეურნეობის ნაკლოვანებებს (დეფიციტურობა, საქონლის დაბალი ხარისხი, არაკონკურენტუნარიანი წარმოება, შეზღუდული და კონტროლირებადი მოხმარება…) და ქვეყანაში დამკვიდრდებოდა დასავლეთის მსგავსი საბაზრო ეკონომიკა. მომხსენებლის აზრით, ქართველმა ერმა დაიკმაყოფილა (მართალია, ოკუპირებული ტერიტორიების გამო – არასრულად) დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის მიზანი, მაგრამ 30 წლის მანძილზე ვერ უზრუნველყო სასურველ დონეზე სახელმწიფოებრიობის მოწყობა, ქვეყნის განვითარების მაღალ დონეზე გაყვანა, ვერ გადალახა საბჭოთა კავშირის დროს მიღწეული (1989 წლის) სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.
მომხსენებლის აზრით, ქვეყანაში დამკვიდრდა კაპიტალიზმის XIX და XX საუკუნეებში არსებული საბაზრო ეკონომიკის ფორმები, რაც ფაქტობრივად „მეორადი“ კაპიტალიზმია. ამასთან, არ დასრულდა საბჭოთა სისტემის დემონტაჟი, სახელმწიფო საბჭოთა სახელმწიფოს მსგავსად ბუნებრივი წიაღისეულისა და რესურსების მეპატრონედ აგრძელებს ფუნციონირებას, სახელმწიფო ბაზარზე გამოდის კონტრაგენტის სახით, ის ცრუ ინფორმაციას აწვდის ბაზარს ფასების შესახებ და არ აძლევს ბაზრის მექანიზმს საშუალებას სწორი ფუნქციონირებისათვის. კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სოფლსაბჭოების დაშლას, არ მოჰყვა ადგილობრივი თვითმმართველობებისა და კოოპერატივების შესაბამისი განვითარება. უფრო მეტიც, სოფელი როგორც იურიდიული სტატუსის მქონე ერთეული გამქრალია საქართველოს პოლიტეკონომიური ცხოვრებიდან. არაფორმალურ დონეზე და მცდარადაა წარმოდგენილი რეგიონული ურთიერთობები და პოლიტიკა.
იმ რეალობის აღნიშვნის ფონზე, რომ ქვეყანა ბოლო 30 წლის განმავლობაში მოიხმარს მეტს, ვიდრე ქმნის, პროფესორმა ჯიბუტმა დასვა კითხვა: სახელმწიფოებრიობა აღდგენილმა ერმა როდის უნდა მიიღოს სიამოვნება ეროვნული ინტერესებით, კულტურისა და ტრადიციების შესაბამისად მოწყობილი სახელმწიფოსგან, თუ საქართველო განწირულია ცუდი ცხოვრებისათვის? მომხსენებლის პასუხი ამ კითხვაზე უარყოფითი იყო. დასმული იქნა მეორე კითხვაც, რა არის ის რაც ხელს უშლის მატერიალურ უზრუნველყოფას? მ.ჯიბუტის მიერ ასეთ ბარიერად დასახელდა ერის კონსოლიდირების, სწორი დიაგნოზისა და გამოწვევებზე სწორი რეაგირების პრობლემა.
მოხსენების შემდეგ ნაწილში მოცემული იყო ამ გამოწვევების ახსნა და მათი დაძლევის ავტორისეული რეკომენდაცია.
მ. ჯიბუტის აზრით ცხოვრების დონეზე გავლენას ახდენს კონტექსტი და მისგან გამომდინარე მმართველობა. საქართველოს სინამდვილეში პოლიტეკონომიური კონტექსტი არასწორადაა შეფასებული, სახელმწიფო პოლიტიკაში არაა გათვალისწინებული, რომ სახეზეა არა დასავლეთის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი საბაზრო ეკონომიკა, არამედ „სოვიეტიზმისა“ და „მეორადი“ კაპიტალიზმის ნაზავი. აქედან გამომდინარე, დაბალია ქვეყანაში მწარმოებლურობის დონე და იზრდება სახელმწიფოს ვალებზე დამოკიდებულება. ირღვევა თაობათა შორის სამართლიანობის პრინციპი. წინა თაობისაგან მომავალ თაობას დანაზოგის ნაცვლად ვალები რჩება, რაც ახალი თაობის საქართველოსათვის დიდი რისკების შემცველია. ემიგრაციისაგან შემოსავლების შემცირების კომპენსირება საშინაო და საგარეო ვალებით ხორციელდება. აუცილებელია ზუსტი შეფასებები, რათა სწორი დასკვნების საფუძველზე განხორციელდეს რეალური აქტივობები. ეს უნდა გააკეთოს მეცნიერებამ, უპირველესად კი, სოციალურმა და ჰუმანიტარულმა მეცნიერებებმა. ამოცანების გადასაჭრელად კი საჭიროა მათთვის დიდი მხარდაჭერა…
კაპიტალიზმი წარმოდგენილია პირველყოფილი ფორმით, ფული და მოგება გახდა მთავარი მიზანი და როდესაც შემაკავებელი ფაქტორები არ მოქმედებენ, მაშინ როგორ უნდა მოხდეს ერის კონსოლიდირება? საბაზრო ეკონომიკა ასეთ კონსოლიდაციის მექანიზმს არ მოიცავს. ეს უნდა გააკეთოს ერმა, მისი მაორგანიზებელი ელიტის მეშვეობით. წარმატებისათვის აუცილებელია ერს ჰყავდეს მისი მოქმედების ორიენტირების განმსაზღვრელი ძალა. საზოგადოების ევოლუციური განვითარებით წარმოშობილი ქართველი ერის ელიტა, როგორც ორგანიზაციული ერთობა, ფიზიკურად არ არსებობს და მისი ბუნებრივად შექმნისათვის ისტორიული დრო ქვეყანას არ გააჩნია. იმ გზითა და ტემპით, როგორც ვითარდება ქართული პოლიტიკა და პოლიტიკური „გასტრონომი“, ხალხის ნდობით აღჭურვილი პოლიტიკური ელიტის, უახლოეს მომავალში ძნელად წარმოსადგენია. მომხსენებლს მიზანშეწონილად მიაჩნია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილი გერმანიის გამოცდილების გათვალისწინება და ერის ელიტის შექმნის დირექტივა. კერძოდ, ნორმატიულად განხორციელდეს ქვეყნის მმართველობის პროცესში პოლიტიკისა და მეცნიერების სინთეზი. დადგინდეს, რომ ქვეყნის მმართველობის უმაღლესი ეშელონების პირველი პირები, პოლიტიკური ლიდერები აუცილებლად უნდა იყვნენ ადამიანები სამეცნიერო წოდებებითა და ხარისხებით.
ასეთი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელი იქნება ხალხისთვის მრავალგზის წართმეული საკუთრების დაბრუნება – საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის, საერთო სახელმწიფოებრივი საჭიროებებისათვის საერთო საკუთრების გარდა, სხვა ე.წ. „სახელმწიფო“ საკუთრების პერსონალური გადაცემა. ამასთან, ქვეყანას გაუჩნდება სამართლებრივი ბაზა ქვეყნის სტრატეგიის შემუშავება-განხორციელებისათვის, რომელიც ბოლოს დაუდებს დღეს არსებულ დროის, ფულის, ადამიანისეული და ბუნებრივი რესურსების მფლანგველობას.
მომხსენებელმა საქართველოს მოსახლეობის გამდიდრების უსწრაფეს და გადაუდებელ გზად, ვიდრე მოსახლეობის ჩანაცვლების პროცესი კრიტიკულ ზომებს მიაღწევს, საქართველოს მიერ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიღებული მატერიალური აქტივებისა და ბუნებრივი რესურსების საქართველოს მოსახლეობაზე პერსონალურად ან/და კოლექტიურად, გადაცემა/გაფორმება დაასახელა.
მოხსენების ირგვლივ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: რამაზ ხუროზე, რამაზ ხეცურიანი, ავთანდილ არაბული, ელიზბარ ჯაველიძე. პროფესორები: პაატა გიორგაძე, ანზორ აბრალავა, ანზორ თოთაძე. ჟურნალისტი გიორგი გიგაური, ორგზის ოლიმპიური და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი რომან რურუა და სხვა დამსწრე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები.
„ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისის“ თავმჯდომარემ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ შეაჯამა სხდომა და კომისიის წევრებთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, პროფესორ მიხეილ ჯიბუტის მოხსენების ძირითადი თეზისები მიეწოდოს უმაღლეს ხელისუფლებას, რათა მომავალში გაითვალისწინონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ამ თეზისების მნიშვნელობა.