საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ოქტომბერი 6, 2021

2021 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალურ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის“ მორიგი სხდომა, რომელიც მიეძღვნა COVID-19 პანდემიის გავლენას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე საქართველოში. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, აკადემიკოსები, დარგობრივი პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.

დღის წესრიგში იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: “მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები  პანდემიის ერაში”; და “COVID-19-ს სტრესორები და მასზე მოსახლეობის რეაგირებისა და გამკლავების სტრატეგიები”.

სხდომა გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრმა, აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა. დღის წესრიგის პირველ საკითხზე მოხსენება გააკეთა  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ფონდის “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაშითბილისიდირექტორმა ნინო მახაშვილმა. მან აღნიშნა, რომ პანდემიის დაწყებამდე, საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებდა ფსიქიკური აშლილობა, და ამათგან, ნახევარზე ნაკლებს მიუღია რაიმე სახის მხარდაჭერა. პანდემიის დაწყებასთან ერთად, ისედაც უკვე პრობლემური ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. დაინფიცირების შიში, სოციალური იზოლაცია,  საგანმანათლებლო დაწესებულებების გადასვლა ონლაინ რეჟიმში, ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, მომავლის განუსაზღვრელობა და სხვა პრობლემები უაღრესად სტრესულ  გარემოს ქმნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ლონდონის ტროპიკული მედიცინის სკოლის მკვლევარებმა, მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სტრესორებისა და სტრესულ სიტუაციასთან გამკლავების სტრატეგიების შესწავლის მიზნით, დაგეგმეს და ჩაატარეს ეპიდემიოლოგიური კვლევა 2020 წლის მაის-ივნისში და 2021 წლის იანვარ-მარტში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო  -18 წ. ასაკის 3000-ზე მეტმა რესპონდენტმა.

კვლევის ორივე რაუნდის შედეგები მიუთითებს რესპოდენტთა შორის პანდემიასთან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გავრცელების მაღალ დონეზე; აღმოჩნდა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთო სურათი შარშანდელთან შედარებით წელს უფრო მეტად არის დამძიმებული, რაც მოსახლეობაში სხვადასხვა აშლილობების სიმპტომატიკის მატებით ვლინდება.

2020 წელს გამოკითხულთა 40%  ადაპტაციის აშლილობის ნიშნების არსებობას ადასტურებს, 2021 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი  52%-ს აღწევს.  ორჯერ გაზრდილია მოსახლეობის დონეზე პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომების მაჩვენებელიც, რომელიც 12%-დან 24%-მდე გაიზარდა. შედარებით ნაკლები ზრდა ფიქსირდება დეპრესიის შემთხვევაში – 2020 წელს დეპრესიის სიმპტომების გავრცელების 30%-იანი მაჩვენებელი 2021 წლისათვის 33%-მდე აიწია. შფოთვითი აშლილობის ნიშნები ორივე წელს 24%-ია.

კვლევამ გამოავლინა მჭიდრო კავშირი ფსიქიკური აშლილობების ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებსა და პანდემიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სტრესორს შორის.

2020 წელს მოსახლეობა აღნიშნავდა, რომ  ყველაზე ძლიერია შემდეგი სტრესორები:

√ ახლობლებისა და სხვა ადამიანების COVID-19-ით დაინფიცირება,

√ გაურკვევლობა პანდემიის ხანგრძლივობასა და მისი რისკების შესახებ,

√ შემოსავლის დაკარგვა და ეკონომიკური სიდუხჭირე,

√ ოჯახთან და მეგობრებთან შეზღუდული კონტაქტი,

√ სოციალური იზოლირება, და სახლში ყოფნის აუცილებლობა.

2021 წელს მოსახლეობის უდიდესი შფოთვის საგანი იყო:

  • საყვარელი ადამიანების დაინფიცირების შიში,
  • სხვების ინფიცირება COVID-19– ით,
  • შეზღუდული კონტაქტი ოჯახთან და მეგობრებთან,
  • ყოველდღიური საქმიანობის შეზღუდვა, და
  • სახლში ყოფნა.

მოსახლეობის დონეზე, ასევე, გაიზარდა შემდეგი სტრესორების ტვირთი:

  • ინტენსიური ზრუნვის არასათანადო შესაძლებლობა;
  • რუტინული ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა;
  • ხელისუფლებისგან არასათანადო ინფორმაციის მიღება;

ოჯახის ძალიან ცუდმა ეკონომიკურმა სიტუაციამ  გვიჩვენა კავშირი COVID-19-ით გამოწვეული შფოთვის მომატებულ მაჩვენებლებთან; ასევე მაღალი იყო მიმდინარე/ქრონიკული ფიზიკური დაავადების არსებობით გამოწვეული სტრესი.

დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენება გააკეთა მოზარდთა და ახალგაზრდათა ფსიქოსოციალური სერვისის “კლუბი სინერგიათბილისისდირექტორმა ქეთევან ფილაურმა. მან აღნიშნა, რომ კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს იმ დაძლევის სტრტეგიების იდენტიფირება, რომელიც ეხმარება ადამიანებს გაუმკლავდნენ სტრესულ სიტუაციას და შეინარჩუნონ ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც კვლევის შედეგები ადასტურებს, სტრესთან გამკლავების ისეთი სტრატეგიები, როგორიცაა – ფიზიკური, სარელაქსაციო სავარჯიშოები, პოზიტიური აზროვნების ტექნიკები, მომავლის გეგმების შედგენა  ეფექტურია შფოთვის, დეპრესიის, ადაპტაციისა და  პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომებთან გასამკლავებლად. ეფექტური აღმოჩნდა პრეპარატების მიღება დანიშნულებისამებრ და ფსიქოლოგიური დახმარება (მაგ., ონლაინ კონსულტაციები), ფსიქიკური ჯანმრთელობის სიმპტომების შესამცირებლად;

კვლევამ, აგრეთვე, გამოავლინა გამკლავების დეზადაპტაციური სტრატეგიები კერძოდ, ალკოჰოლის მიღება დაკავშირებული იყო შფოთვის, დეპრესიის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ადაპტაციის აშლილობის სიმპტომების გამოხატულების უფრო მაღალ ხარისხთან. ფსიქიკური აშლილობების სიმპტომების უფრო მაღალი ხარისხი დაკავშირებული იყო ისეთ სხვადასხვა პრობლემურ ქცევით გამოხატულებასთან, როგორიცაა: ტირილი, კამათი, აგრესიული ქცევა.

დასკვნის სახით აღინიშნა, რომ კვლევის ორმა რაუნდმა დაადგინა შფოთვის, დეპრესიის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ადაპტაციის აშლილობის სიმპტომთა მაღალი დონე საქართველოს მოსახლეობის გამოკითხულ ნაწილში; შედარებით უფრო მწირ ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები რესპონდენტები, მრავალწევრიანი ოჯახები  და ქრონიკული ფიზიკური (მაგ; რესპირაციული დაავადებები, კარდიოვასკულური პრობლემები, დიაბეტი) და ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობების მქონე პირები უფრო ძლიერ მოწყვლადობას ავლენდნენ COVID-19-ის სტრესორების მიმართ.

COVID-19-ით გამოწვეულ შფოთვასთან გამკლავების ისეთი სტრატეგიები, როგორიცაა სარელაქსაციო ვარჯიშები, ფიზიკური ვარჯიში, პოზიტიური აზროვნების შენარჩუნება და სოციალური მხარდაჭერა – ასოცირდებოდა ფსიქიკური აშლილობების სიმპტომთა შემცირებულ ალბათობასთან, მაშინ როცა ალკოჰოლის მომხმარებლებს შორის უფრო მაღალია ფსიქიკური აშლილობებისათვის დამახასიათებელი ნიშნების გავრცელება.

მოხსენებების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია. მასში მონაწილეობა მიიღეს სხდომის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა; კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ; კომისიის წევრებმა, აკადემიკოსებმა, ექსპერტებმა და დარგის წარმომადგენლებმა. საკითხების განხილვისა და ინტენსიური დისკუსიის შემდეგ, კომისიამ შეიმუშავა რეკომენდაციები რომლებსაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გადაუგზავნის აღმასრულებელ სტრუქტურებს.

კომისია გააგრძელებს მუშაობას მომავალშიც, ქართული მედიცინის წინაშე არსებული აქტუალური პრობლემების განხილვის მიზნით.

 

პროფესორი არჩილ ჩხოტუა

„საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ თავმჯდომარე