პროფესორ ზურაბ პაპასქირის მოხსენება

პროფესორ ზურაბ პაპასქირის მოხსენება

  • ოქტომბერი 14, 2021

მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, მენციერებათა აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა, რომელზეც აკადემიის წევრებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე მოხსენებით, – „საქართველო-აფხაზეთის ისტორიული წარსულის გაყალბების ზოგიერთი ტენდენციის შესახებ აფხაზ მკვლევართა უახლეს პუბლიკაციებში“, წარსდგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი. სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე; აგრეთვე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე.

მომხსენებელმა, ზურაბ პაპასქირმა აღნიშნა, რომ ისტორიული სიმართლის გაყალბება ათეული წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი აფხაზური სეპარატისტული მოძრაობის იდეოლოგიურ არსენალში. 1992-1993 წლების ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ანტიქართული „ნაციონალისტურ-ისტორიოგრაფიული“ პროპაგანდის მასშტაბებმა ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს გადააცილა და საყოველთაო ისტერიაში გადაიზარდა. სამეცნიერო მოხსენება წარმოადგენს ბოლო 30 წლის მანძილზე აფხაზეთში გამოცემული საისტორიო თემატიკის ამსახველი ბეჭდური პროდუქციის მოკლე მიმოხილვას, რომელშიც, აფხაზ ავტორთა (ისტორიკოსთა, ფილოლოგთა და ა. შ.) პუბლიკაციებიდან მოტანილ კონკრეტულ მასალაზე დაყრდნობით, ნაჩვენებია ამ ავტორთა არაკომპეტენტურობა და ტენდენციურობა, ზოგადად საქართველო-აფხაზეთის ისტორიის აფხაზური სეპარატისტული ხედვის სრული უსაფუძვლობა.

პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ პროფესორ ზურაბ პაპასქირის მოხსენება, – „საქართველო-აფხაზეთის ისტორიული წარსულის გაყალბების ზოგიერთი ტენდენციის შესახებ აფხაზ მკვლევართა უახლეს პუბლიკაციებში“ – მიღებულ იქნეს ცნობად.