სანიმუშო დებულება გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მინიჭების შესახებ
- ოქტომბერი 23, 2021
სანიმუშო დებულება გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მინიჭების შესახებ
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (შემდგომში – აკადემია) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში თვალსაჩინო თეორიული ან პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერული ნაშრომისათვის (ნაშრომთა ციკლისათვის) განსაზღვრული პერიოდულობით აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების (შემდგომში – პრემია) მოსაპოვებლად.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია პრემიის მინიჭებამდე არაუგვიანეს ორი თვისა პრესაში აქვეყნებს სათანადო განცხადებას. მასალები პრემიის მოსაპოვებლად აკადემიაში წარმოდგენილ უნდა იქნეს პრეზიდიუმის მიერ დადგენილ ვადებში.
- პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი, რომელიც საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და სხვა სამეცნიერო დაწესებულებებში ავტორთა ჯგუფის ან ცალკეულ ავტორთა მიერ არის შესრულებული.
კოლექტიურ ნაშრომებში პრემია მიეცემა იმ ხელმძღვანელებს და ძირითად ავტორებს, რომლებსაც დაადგენს წარმომდგენი.
პრემია შეიძლება მიეცეს ავტორთა ჯგუფის შემადგენლობაში შემავალ უცხო ქვეყნის მოქალაქესაც.
პრემიის გაყოფა ორ ან მეტ მაძიებელს შორის სხვადასხვა ნაშრომისათვის დაუშვებელია.
- ნაშრომი, რომელსაც უკვე მიენიჭა სახელმწიფო ან, რომელიმე სხვა სამეცნიერო პრემია, გამოჩენილ მეცნიერთა აკადემიური სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად არ მიიღება.
ერთსა და იმავე პირს ერთი და იგივე პრემია განმეორებით არ მიეცემა.
- პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი, რომელიც პირველად გამოქვეყნდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მაგრამ არა¬უგვიანეს ექვსი თვისა განცხადების გამოქვეყნებამდე.
ნაშრომი პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო საზოგადოებების, სამეცნიერო ცენტრების ან შესაბამისი დარგის წამყვან მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ.
იმ ორგანიზაციებმა ან ცალკეულმა პირებმა, რომლებიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პრემიის მოსაპოვებლად წამოაყენებენ კანდიდატს, უნდა მიუთითონ პრემიის დასახელება.
კონკურსში მონაწილემ საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) საკონკურსო სამეცნიერო ნაშრომი სამ ცალად;
ბ) დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს ნაშრომის მეცნიერულ დახასიათებას და განმარტავს მის თეორიულ ან პრაქტიკულ მნიშვნელობას მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებისათვის;
გ) მონაცემები ავტორის შესახებ (საანკეტო მონაცემები CV); ძირითად სამეცნიერო შრომათა და გამოგონებათა ნუსხა;
დ) წარმომდგენის დასტური ამ დებულების მე – 4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე.
ე) საკონკურსო დოკუმენტების ელექტრონული ვერსია.
აკადემიის კანცელარია რეგისტრაციის შემდეგ მასალებს უგზავნის შესაბამისი განყოფილების სწავლულ მდივანს, რომელიც 5 დღის ვადაში ამოწმებს კანდიდატის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ამ დებულების მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მის გამოსასწორებლად წარმომდგენს აძლევს წერილობით (ელ. ფოსტით) მითითებას და ვადას არაუგვიანეს 5 დღისა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადის გასვლისთანავე აკადემია განუხილველად უბრუნებს წარმომდგენს კანდიდატის დოკუმენტებს.
- აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით აკადემიის შესაბამისი სამეცნიერო განყოფილება ყოველი პრემიისათვის აყალიბებს საექსპერტო კომისიას, არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით და დოკუმენტაციის მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 10 დღისა დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის პრეზიდიუმს.
თუ წარმოდგენილი დოკუმენტები ამ დებულების მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეესაბამება, საექსპერტო კომისია საკონკურსოდ შემოსულ ნაშრომს აძლევს მეცნიერულ შეფასებას და უწევს რეკომენდაციას პრემიის მინიჭების შესახებ.
- საექსპერტო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
გადაწყვეტილებას რეკომენდაციის შესახებ საექსპერტო კომისია მიიღებს ღია კენჭისყრით.
გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობამ.
- საექსპერტო კომისია პრემიის მინიჭებამდე ერთი კვირით ადრე შესაბამის განყოფილებას განსახილველად წარუდგენს თავის რეკომენდაციას.
- განყოფილების საერთო კრება ერთი კვირის ვადაში განიხილავს საექსპერტო კომისიის რეკომენდაციას და კენჭს უყრის პრემიის მოსაპოვებლად შემოსულ ყველა ნაშრომს.
- განყოფილების საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პრემიის მინიჭების შესახებ, თუ მას ესწრება განყოფილების წევრთა სიითი შემადგენლობის ორი მესამედი მაინც. განყოფილების საერთო კრება გადაწყვეტილებას მიიღებს ფარული კენჭისყრით. ერთ წევრს უფლება აქვს ხმა მისცეს ერთ ან მეტ კანდიდატს. პრემია მიენიჭება იმ შრომას, რომელიც მიიღებს განყოფილების საერთო კრებაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობას.
თუ კენჭისყრის პირველ ტურში ორმა ან მეტმა ნაშრომმა მიიღო ხმების თანაბარი რაოდენობა, მათთვის ტარდება კენჭისყრის მეორე ტური, თუ მეორე ტურის შედეგადაც არ გამოვლინდა გამარჯვებული, შესაბამისი პრემია ითვლება გაუქმებულად.
განყოფილების საერთო კრების გადაწყვეტილებას პრემიის მინიჭების შესახებ ამტკიცებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობამ.
- ცნობა პრემიის მინიჭების შესახებ ქვეყნდება პრესაში და განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე.
- პრემიით დაჯილდოებული შრომის ავტორს პრეზიდიუმის სათანადო დადგენილების და აკადემიასა და პრემიის მიმღებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე გადაეცემა დაწესებული ფულადი ჯილდო და დიპლომი, მეცნიერების მსოფლიო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებაზე ან პრეზიდიუმის სხდომაზე.
ზემოთ აღნიშნული შეთანხმება კოლექტიური ნაშრომის შემთხვევაში ფორმდება წარმდგენის მიერ მითითებულ ხელმძღვანელთან ან ძირითად ავტორთან, რომელიც პასუხისმგებელია ფულადი ჯილდო გაანაწილოს დებულების მე-3 პუნქტის მიხედვით.
- საკონკურსო მასალები იმ ნაშრომთან ერთად, რომელსაც პრემია მიენიჭება, ინახება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივში.
- ნაშრომი, რომელსაც პრემია არ მიენიჭა, უბრუნდება ავტორს.