ეროვნული პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა
- ნოემბერი 18, 2021
2021 წლის 16 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნული პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც მოისმინეს აკადემიკოს ავთანდილ არაბულის მოხსენება „ქართული სახელმწიფო ენის პრობლემები“.
სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ; სხდომას ესწრებოდნენ, – აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, აკადემიის სხვა წევრები და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.
მომხსენებელი შეეხო სახელმწიფო ენის ისტორიული ფორმირების, ეროვნულ ენასთან მისი მიმართების საკითხებს; წარმოაჩინა ის საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც სახელმწიფომ უნდა „მოიმარჯვოს“ თანამედროვე ენობრივი პროცესების სამართავად; მიუთითა, თუ რა ხასიათისაა დღევანდელ ვითარებაში, ნეოლიბერალური იდეოლოგიის დამკვიდრების პირობებში ეს პროცესები; ვრცლად შეეხო სახელმწიფო ენის კანონის თეორიულ საფუძვლებს და წარმოაჩინა მიზეზები, რომლებიც გადაულახავ დაბრკოლებად დახვდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ჩანაფიქრის რეალიზაციას; ხელშესახებად აჩვენა ის მრავალმხრივი სირთულეები, რომლებიც ქართულის – როგორც პოლივალენტოვანი სახელმწიფო ენის – თანამედროვე სიცოცხლისუნარიანობას უქმნის საგრძნობ საფრთხეს, კერძოდ, წარმოაჩინა უპირობოდ მოსაგვარებელი პრობლემები სახელმწიფო ენის სწავლების, მისი ნორმატიული და ტერმინოლოგიური განახლების, აუცილებელი ლექსიკონებითა და ელექტრონული ბაზებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
მოხსენებასა და მასთან დაკავშირებულ გამოსვლებში გამოიკვეთა ერთობ არასახარბიელო ვითარება არსებითად ყველა იმ საკითხში, რაც უკავშირდება სახელმწიფო ენის თანამედროვე მდგომარეობას. მის სრულფასოვან ფუნქციონირებასა და დღევანდელობისათვის აუცილებელი რესურსებით მის უზრუნველყოფას.
ეროვნული პრობლემების შემსწავლელი კომისია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ გადაუდებლად უნდა მიიღოს ქმედითი ზომები სახელმწიფო ენის ორგანული კანონის, მისი სხვა მომიჯნავე კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების რეალური ამოქმედებისათვის, რათა დაიძლიოს ის სისტემური კრიზისი, რამაც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში უკიდურესად შემაშფოთებელი შედეგები გამოიწვია სახელმწიფო ენის ფუნქციონირების არსებითად ყველა მიმართულებით.