ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა
- იანვარი 22, 2022
მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით წარსდგა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ ფაჩულია; მოხსენების თემა გახლდათ: „ქართული გეოპოლიტიკური სკოლის პარადიგმები“. სხდომა გახსნა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ; როგორც მომხსენებელმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, -„როდესაც ვსაუბრობთ ქართული გეოპოლიტიკური სკოლის პარადიგმებზე, მხედველობაშია ქართული ფილოსოფიური სკოლა; ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი, რომელიც აწუხებს ნებისმიერ ერს. ჩვენ უნებლიედ ვართ გეოპოლიტიკაში ჩართულები და ამისგან დისტანცირებას ვერასოდეს ვერ მოვახდენთ. ეს არის გარკვეული ერის ინტერესების გატარება კონკრეტულ რეგიონში. მაგალითისთვის ავიღოთ რუსეთი, რომელიც მადნეულის და წიაღისეულის ულევი წყაროა და მისი ინტერესი დიდ ბრიტანეთს აქვს, ასევე ამერიკასაც.
XX საუკუნის გეოპოლიტიკური უდიდესი ტრაგედია იყო საბჭოთა კავშირის დაშლა. შენიშვნა: მოხსენების აღნიშნულ ამონარიდში ავტორი გულისხმობს რუსეთის ხელისუფლების აზრს საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ.
საერთოდ, მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა გეოპოლიტიკური სკოლები, რომელთათვისაც საერთოა იმპერიალისტური სკოლა და იდეოლოგია, ეს იქნება ინგლისური, ამერიკული, ფრანგული თუ სხვა.
რაც შეეხება იმპერიალიზმს, ეს არის პოლიტიკა, რომელიც ახასიათებს ნებისმიერ ფორმაციას, რომელიც არ გამოუვიდა არც ნაპოლეონს, არც ჰიტლერს და არც არავის გამოუვა.
ბევრი ფიქრობს, რომ ქართული გეოპოლიტიკური სკოლა არ არსებობს, სინამდვილეში კი, არსებობს. იგი არის უფრო ძირძველი ვიდრე არის ამერიკული, ინგლისური და ა. შ. ეს არის უდიდესი ტრადიციების სკოლა, მოყოლებული ფარნავაზ მეფიდან და დავით აღმაშენებლიდან.
ქართული მეცნიერება და კულტურა ამ მიმართულებით ყოველთვის ვითარდებოდა.
საქართველო კი მდებარეობს გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე.
ეროვნული დამოუკიდებლობა, თავისუფლება არის უმაღლესი ღირებულება, რასაც ემსახურებოდა ქართველი ერი და რასაც ემსახურება საბოლოო ჯამში ქართული გეოპოლიტიკა“.
მოხსენების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიის წევრებმა და გამოითქვა მოსაზრება, რომ ინფორმაცია მიღებულ იქნეს ცნობად.