შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისის სხდომა
- თებერვალი 28, 2022
2022 წლის 18 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან მოქმედმა შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელმა კომისიამ, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გამართა ონლაინ სხდომა, რომელსაც უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი.
სხდომაზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ მესხმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: “ტრაპიზონელი კომნენოსები და იერუსალიმის ჯვრის მონასტერი”.
მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო 1344 წლის 18 ნოემბრით დათარიღებული ტრაპიზონელი ბერის, გერასიმეს მიერ ბერძნულ ენაზე შედგენილი ანდერძი. როგორც ქალბატონმა თამარმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ანდერძი ა. პაპადოპულოს კერამევსმა ჯერ კიდევ 1894 წელს გამოაქვეყნა (Α. Π. Κεραμέως, Ἀνάλεκτα Ἱεροσολυμιτικῆς Σταχιολογίας, τ. B΄, ἐν Πετρούπολει, 1894, 255-257), იგი ქართველ მეცნიერთა თვალსაწიერში დღემდე არ მოხვედრილა.
თამარ მესხმა წარმოადგინა ბერძნულ ენაზე დაწერილი ანდერძის მის მიერვე შესრულებული ქართული თარგმანი. ანდერძის თანახმად, იერუსალიმის წმ. ექვთიმეს მონასტერი ადრე ტრაპიზონის იმპერატორ ანა ანახუტლუს (1341–1342) ეკუთვნოდა. მისი ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ, გერასიმე ბერმა მონასტერი შეისყიდა და მას წინამძღვარი დაუდგინა. მონასტრის ეპიტროპოსად (ზედამხედველად) კი ჯვრის ქართველთა მონასტრის ყოველი მომდევნო წინამძღვარი განაწესა. ანდერძში დაცული ეს და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თამარ მესხმა ტრაპიზონის საიმპერატორო კარზე 1341–1344 წლებში განვითარებული მოვლენების ფონზე განიხილა. ასევე, გაარკვია იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და ათონის ივერთა მონასტრის უხვი შემწირველის, ანასუღლის და მისი შვილის, იაღის, სახელთა ეტიმოლოგია და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ანასუღლი და ანახუტლუ ერთი და იგივე პირია. წყაროთა შეჯერების შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს სამეფოსა და ტრაპიზონელი კომნენოსების საერთო ინტერესები იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გადაიკვეთა.
მოხსენების შემდეგ აზრი გამოთქვეს: აკადემიკოსებმა – რისმაგ გორდეზიანმა, ვალერი ასათიანმა, ელგუჯა ხინთიბიძემ, პროფესორებმა – ნელი მახარაძემ, მარინე გიორგაძემ, ელდარ მამისთვალაშვილმა, ისტორიის დოქტორმა ერეკლე ჟორდანიამ. გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს წარმოდგენილი ნაშრომის დისციპლინათაშორისი ხასიათი, კვლევისას გამოყენებული მეთოდების და ხერხების ნოვატორული ხასიათი, ხაზი გაუსვეს ავტორის მიერ წარმოდგენილი დასკვნების სამეცნიერო მნიშვნელობას. გამომსვლელებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აკადემიკოს ვალერი ასათიანის წინადადებას, რომ ქალბატონი თამარ მესხის მიერ წარმოდგენილი მოხსენება სტატიის სახით დაიბეჭდოს აკადემიის პრეზიდიუმის მიერ აღდგენილი ჟურნალ „მაცნეს“ ენის, ლიტერტურისა და ხელოვნების სერიის პირველი ნომერში.