ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- მაისი 4, 2022
2022 წლის 29 აპრილის სხდომაზე განხილული იქნა პროფესორ არჩილ ჭირაქაძის (სტუ, სსც „საინჟინრო-ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტი“-ს დირექტორი, თსუ, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი) და აკადემიკოს ნოდარ მითაგვარიას მოხსენება თემაზე: „ინფიცირებისგან დაცვის აქტიური ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებები და დაავადების სამკურნალო მოდალობები“.
მომხსენებელმა განიხილა ნანოგანზომილებიანი მასალების, თხევადი კრისტალების, ფოტოსენსიბილიზატორების და ანტიმიკრობული ფარმაცევტული პრეპარატების საფუძველზე კორონავირუსისგან დაცვის ინდივიდუალური საშუალებებისა და დეაქტივაციის ფარმაცევტული პრეპარატების, ჰიპერთერმიის სისტემებისა და ჟანგბადის რეაქტიული ფორმების გენერატორის მოქმედების პრინციპი და მახასიათებლები. შექმნილია სპილენძისა და თუთიის შემცველი ნანოფხვნილების სინთეზირების და პოლიპროპილენის უქსოვ მასალებსა და ფოროვან მასალებში ულტრაბეგერითი და მიკროტალღური ფიქსაციის მაღალი წარმადობის მქონე ინოვაციური ტექნოლოგიები. ჩატარდა ATCC S. aureus, P. aeruginosa, E. Coli, B. Cereus და B. Subtilis შტამების მიმართ შემუშავებული ანტიმიკრობული მასალების ბიოლოგიური აქტივობის ტესტირება; დადგინდა მიკროორგანიზმების სრული გაუვნებელყოფის ან გამრავლების შეზღუდვის დოზები და კონცენტრაციები; დაზუსტებულია ნანომასალების მწვავე ზოგადი ტოქსიკურობის განსაზღვრის მეთოდოლოგია; დამზადებულია მაღალი ანტიმიკრობული ეფექტის მქონე აქტიური დაცვის ინდივიდუალური რესპირატორები. მაჰათმა განდის უნივერსიტეტთან (ინდოეთი) დაიდო მემორანდუმი მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის შტამების მიმართ შექმნილი დაცვის აქტიური ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებების და დაავადების სამკურნალო მოდალობების ეფექტიანობის განსაზღვრის შესახებ. ტესტირების შემდეგ კომპანია „ნატექ-ავიონიქსთან“ ერთად შეტანილი იქნება განაცხადები ევროპატენტის მისაღებად.
მოხსენებამ დამსწრეთა ცხოველი ინტერესი გამოიწვია; დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, აკადემიკოსებმა რამაზ ხუროძემ, რამაზ ხეცურიანმა, ვლადიმერ ციციშვილმა, თინათინ სადუნიშვილმა, პროფესორმა გიორგი მაღალაშვილმა, ექსპერტმა თინათინ თოფურიამ.