შავი და ხმელთაშუა ზღვების ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისიისა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის გაერთიანებული სხდომა
- მაისი 15, 2022
2022 წლის 5 მაისს პლატფორმა „ზუმის“ მეშვეობით გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან მოქმედი „შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისიისა“ და „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის“ გაერთიანებული სხდომა, რომელსაც უძღვებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე. სხდომაზე, მოხსენებით -„ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის ახლებური ინტერპრეტაცია“ – წარსდგა ნეაპოლის აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტის პროფესორი გაგა შურღაია.
თავის გამოსვლაში ავტორმა განიხილა ვახტანგ გორგასლის პიროვნებაზე შემონახული ცნობები როგორც ქართულ, ასევე უცხოურ საისტორიო მწერლობასა და დოკუმენტებში; დეტალურად ისაუბრა ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმაზე, მის მნიშვნელობაზე როგორც ქართლის პოლიტიკური, ასევე ქართული ეკლესიის ისტორიის თვალსაზრისით; განმარტა საეკლესიო წოდების – „კათალიკოსის“ – მნიშვნელობა და ადგილი V საუკუნის ქრისტიანული აღმოსავლეთის საეკლესიო მოწყობასა და ადმინისტრაციულ სტრუქტურაში. მოხსენებაში წარმოდგენილი მოსაზრებები და შეხედულებები უფრო დაწვრილებით განხილულია მის მონოგრაფიაში – „ქართლის მეფე, ვახტანგ I გორგასალი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის სათავეებთან“, რომი 2018 (იტალიურ ენაზე, 706 გვ.).
როგორც აკადემიკოსმა ელგუჯა ხინთიბიძემ აღნიშნა, პროფესორ შურღაიას ნაშრომს სამეცნიერო წრეებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში. მის მონოგრაფიას მრავალი ცნობილი ბიზანტინისტისა და ქართველოლოგის რეცენზია მიეძღვნა, რომელიც სხვადასხვა მოწინავე სამეცნიერო პერიოდულ გამოცემასა თუ კრებულში გამოქვეყნდა (ლუიჯი მაგაროტო, დონალდ რეიფილდი, ჯორჯო ვესპინიანი, ანტონიო კარილე, ჰანს-ქრისტიან გიუნთერი, ჰუბერტ კაუფჰოლდი, სოსო დანელია). დამსწრე საზოგადოებას ამ რეცენზიების დეტალური მიმოხილვა წარუდგინა პროფესორმა ნინო ქიმერიძემ.
გაგა შურღაიას მოხსენება და ამავდროულად მისი მონოგრაფიის მნიშვნელობა შეაფასა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მან მიმოიხილა გასული საუკუნის განმავლობაში ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის ძალისხმევა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და აღნიშნა, რომ პროფესორ შურღაიას გამოკვლევას, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ისტორიის საწყისი ეტაპის მართებულად გააზრებაში, დიდი მნიშვნელობა აქვს.
მოხსენებაში განხილულ საკითხებზე ისაუბრეს ცნობილმა მეცნიერებმა: აკადემიკოსებმა – რისმაგ გორდეზიანმა და ვალერი ასათიანმა; პროფესორებმა – კონსტანტინე ლერნერმა (იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი), ნათელა ვაჩნაძემ, თამარ მესხმა, ეკა ვარდოშვილმა, სოსო დანელიამ.
ხაზგასმით აღინიშნა პროფესორ შურღაიას მიერ წარმოდგენილი მოხსენების მაღალი აკადემიური დონე, მისი მონოგრაფიის დისციპლინათაშორისი ხასიათი და როგორც სამეცნიერო, ასევე საგანმანათლებლო მნიშვნელობა. გამომსვლელებმა მონოგრაფიის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის სურვილი ერთხმად გამოთქვეს.