ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ივნისი 9, 2022
2022 წლის 3 ივნისის სხდომაზე განხილული იქნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის არჩილ მაღალაშვილის მოხსენება: „საქართველოში სამთო მრეწველობის და მასთან დაკავშირებული ინსტიტუციური ბაზისის და სამეცნიერო-პრაქტიკული დისციპლინების განვითარების კონცეფციის თეზისები“, რომელიც მიეძღვნა სამთო-სამრეწველო დარგის განვითარების პრობლემატიკას. მოხსენებაში აღინიშნა, რომ სამთო მრეწველობის წყალობით დაარსდა და დღესაც მასზეა დამოკიდებული საქართველოს მრავალი ქალაქი, დაბა და რეგიონიც კი, მან ხელი შეუწყო ქვეყანაში მსოფლიო დონის სამთო, გეოლოგიური, მეტალურგიული, ქიმიურ-ტექნოლოგიური და სხვა სამეცნიერო სკოლების ჩამოყალიბებას. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ საქართველო განეკუთვნება სამთო მრეწველობაზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულების მქონე ქვეყანათა რიცხვს. 2019 წელს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა „საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგიის“ დოკუმენტი, რომლის მოქმედება 5 წლით განისაზღვრა. ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს USAID-ის, EBRD-ის და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოში წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებასა და შესაბამისი საინვესტიციო კლიმატის ჩამოყალიბების პროექტები. სამწუხაროდ აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებასა თუ განხილვაში არ მონაწილეობდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ზემოხსენებული სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული ამოცანების რეალიზაციის მიზნით, მოხსენებაში გაანალიზებული იყო მსოფლიო გამოცდილება და შემოთავაზებულია ჩვენი ქვეყნისათვის ახლებური მიდგომები და მექანიზმები.
მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია; დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, აკადემიკოსებმა რამაზ ხუროძემ, ვლადიმერ ციციშვილმა, გიორგი ჯაფარიძემ, მიხეილ ჯიბუტმა, ელიზბარ ჯაველიძემ, კომპანია CMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ, რომლებმაც აღნიშნეს ჩატარებული სამუშაოს აქტუალობა და წვლილი მეცნიერების განვითარებაში.