რუსეთი მოდიოდა თუ ერეკლეს მოჰყავდა?
- ივნისი 13, 2022
რუსეთი მოდიოდა თუ ერეკლეს მოჰყავდა?
(ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლისთავისათვის)
წერილის სათაურში გამოტანილი კითხვა დიდმა ქართველმა ისტორიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა დასვა. კითხვას თავადვე უპასუხა: რუსეთი მოდიოდა და ერეკლეს პრორუსული ორიენტაცია სწორედ ამ რეალობის გამოხატულებას წარმოადგენდაო. იქვე მეცნიერმა ირონიულად შენიშნა: რუსეთის პოლიტიკა საქართველოში მთავარმართებელ ალექსეი ერმოლოვს უკეთ ესმოდა, ვიდრე ზოგიერთ ქართველ ისტორიკოსსო. ნიკო ბერძენიშვილი ჭეშმარიტებას ბრძანებდა! ეს საინტერესო ნაშრომი 1955 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ ექვს ათწლეულზე მეტი გავიდა და, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, სასიკეთოდ ბევრი არაფერი შეცვლილა: ერეკლე II-ის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში ობიექტური, პოლიტიკური კონიუნქტურისაგან თავისუფალი, მეცნიერული შეხედულება ვერ ჩამოყალიბდა. მკვლევართა და ფართო საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი: ერთნი ქართლ-კახეთის სამეფოს ტრაგიკულ აღსასრულს ერეკლე II-ის პრორუსულ ორიენტაციას უკავშირებენ, მეორენი მიიჩნევენ, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს ტრაგედია და საერთოდ, ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობა XV-XVIII საუკუნეებში წარმოშობილმა საშინაო და საგარეო ფაქტორებმა განაპირობა. სამეფო-სამთავროებად დაშლილი, ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში მყოფი ქვეყანა სამი დიდი იმპერიის – ირანის, ოსმალეთისა და რუსეთის – ბრძოლის ასპარეზად იქცა. სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ რეგიონში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, გაბატონებას სამივე დამპყრობელი სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებდა. ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ქართველი მეფეები რომელ საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციას დაადგებოდნენ: პროირანულს, პროოსმალურსა თუ პრორუსულს. საქართველო დარჩებოდა იმას, ვინც ამ დაპირისპირებაში გაიმარჯვებდა, შედეგი ყველა შემთხვევაში ტრაგიკული იქნებოდა. ძნელია და, შეიძლება გარკვეული გაგებით, უმადურობის გამოხატულებაც კი იყოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის არჩევანში ქართველი მეფეების დადანაშაულება. “პატარა ლაშქრით და დიდი გულით დიდ იმპერიებს შეჭიდებულ” ქართველ მეფეებს, როგორც წესი, გამონაკლისის გარეშე, არჩევნის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის უხდებოდათ. არც ერეკლე II-ის ხვედრი იყო განსხვავებული.
საქართველოში პრორუსული ორიენტაცია ერეკლე II-ით არ იწყება. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური დახმარებით ისლამური სამყაროს (ირანის, ოსმალეთის) აგრესიისაგან თავის დაცვის პირველი მცდელობა კახთა მეფე ალექსანდრე I-ს (1476-1511) ეკუთვნის. პრორუსული ორიენტაციის გზით ქვეყნის ხსნას ცდილობდნენ კახთა მეფეები: ლევანი (1518-1574) და ალექსანდრე II (1574-1605), რაც კახეთის სამეფო სახლს ძალზე ძვირად დაუჯდა. პრორუსული ორიენტაციის მარცხის მიუხედავად, ალექსანდრე II-ის შვილიშვილი, მეფე თეიმურაზ I (1606-1648) მაინც პრორუსულ ორიენტაციას ადგა.
სამხრეთ კავკასიაში პოზიციების მოპოვება პირველად რუსეთის მეფე პიოტრ I-მა (1696-1725) სცადა. 1796 წელს რუსეთი აზოვისპირეთიდან ოსმალეთის განდევნას შეეცადა. რუსეთის ჯარმა მდინარე დონის შესართავში აზოვის ძლიერი სიმაგრე აიღო. 1700 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის სტამბოლში საზავო ხელშეკრულება დაიდო. პიოტრ I ხელშეკრულებაში, სხვა ტიტულებთან ერთად, თავის თავს “ივერიის ქვეყნის, ქართლისა და საქართველოს მეფეების მბრძანებელსა და ხელმწიფეს” უწოდებს. 1722 წელს რუსეთის ჯარი დარუბანდის გავლით კასპიისპირეთში შეიჭრა და ირანის პროვინციების დაკავებას შეეცადა. ირანის წინააღმდეგ რუსეთის მოკავშირედ გამოვიდა ქართლის მეფე ვახტანგ VI. იგი დიდი ჯარით რუსეთის ჯარს უნდა შეერთებოდა, მაგრამ მოულოდნელად პიოტრ I-მა ლაშქრობა შეწყვიტა და ქართლის მეფე მისი პრორუსული ორიენტაციით გაღიზიანებული ირანისა და ოსმალეთის წინააღმდეგ მარტო დატოვა. ვახტანგ VI-ის პრორუსული ორიენტაცია ძვირად დაუჯდა ქართლის სამეფო სახლს. მეფემ ტახტი დაკარგა და რუსეთში გადაიხვეწა. ქართლი და კახეთი ოსმალეთს დარჩა. 1723 წელს პიოტრ I-მა ლაშქრობა განაახლა და ბაქო აიღო. 1723 წლის პეტერბურგის ზავით დასუსტებულმა ირანმა რუსეთს დარუბანდი, ბაქო, გილიანის, მაზანდარანისა და ასტრაბადის პროვინციები დაუთმო. 1724 წლის სტამბოლის ზავით ოსმალეთმა რუსეთის მიერ ირანის ტერიტორიის მიტაცება აღიარა.
ამრიგად, 1723-1724 წლებში სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შეჭრა და ირანის ტერიტორიის მიტაცება ორი საერთაშორისო ხელშეკრულებით, პეტერბურგისა და სტამბოლის ზავებით, დადასტურდა. ერეკლე II ამ დროისათვის 3-4 წლის ბავშვი იყო.
სამხრეთ კავკასიაში რუსეთ-ოსმალეთის გარიგებას ბოლო მოუღო ირანის სამხედრო მინისტრმა ნადირ ხანმა (ირანის შაჰი 1736-1747 წლებში). პიოტრ I-ის მემკვიდრეები იძულებული გახდნენ, ადრე მიტაცებული ტერიტორიები ნელ-ნელა დაეთმოთ. 1735 წელს ნადირ ხანი კავკასიაში ოსმალთა ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს, განჯის ციხეს შემოადგა. თბილისში გამაგრებული ოსმალო ფაშა განჯის გარნიზონის დასახმარებლად ემზადებოდა. კახეთის სამეფო სახლის წარმომადგენლებმა, ერეკლე I ნაზარალი ხანის ვაჟმა თეიმურაზმა (მომავალი მეფე თეიმურაზ II) და თეიმურაზის ძემ, ერეკლემ (მომავალი მეფე ერეკლე II), შექმნილი უაღრესად რთული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება სწორად შეაფასეს და ძალთა ახალი თანაფარდობის პირობებში პროირანული ორიენტაცია ირჩიეს. მამა-შვილმა თბილისიდან განჯის გარნიზონის დასახმარებლად დაძრული ოსმალთა ჯარი გაფანტა და ნადირ ხანს განჯის აღებაშიც დაეხმარა. განჯიდან ნადირ ხანი თბილისისაკენ დაიძრა. თეიმურაზმა და ერეკლემ გამარჯვებულ ირანელ სარდალს მეფური მიღება მოუწყვეს. ვახტანგ VI-ის პრორუსული ორიენტაციის შემდეგ ნადირ ხანისათვის თეიმურაზისა და ერეკლეს საქციელი ალბათ მოულოდნელიც კი იყო. ნადირ ხანმა კარგად უწყოდა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში შემოჭრას კვლავაც ეცდებოდა. სწორედ ამიტომ ირანისათვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო ვახტანგ VI-ის პრორუსული ორიენტაციის მოწინააღმდეგეების, თეიმურაზისა და ერეკლეს, მიმხრობა. ყოველივე ეს კარგად გაითვალისწინა ნადირ შაჰმა. 1744 წელს მან თეიმურაზი ქართლის, ხოლო ერეკლე კახეთის მეფეებად დაამტკიცა. მოულოდნელი იყო ის, რომ შაჰს ტახტზე ასვლის პირობად თეიმურაზისა და ერეკლესათვის ისლამის მიღება არ წამოუყენებია. ცხადია, ეს დათმობაც პოლიტიკური მიზნით იყო ნაკარნახევი. ირანი ჩვეულებრივი დამპყრობელი იყო, მაგრამ რა მიზანიც უნდა ჰქონოდა, ერთი ცხადია: ნადირ შაჰმა სამხრეთ კავკასიაში ქართული სახელმწიფოებრიობის (ქართლისა და კახეთის სამეფოების) არსებობა ქრისტიანი ბაგრატიონი მეფეებით სათავეში შესაძლებლად მიიჩნია.
1735 წლიდან 35 წლის განმავლობაში ქართლისა და კახეთის სამეფოები (შემდგომში ქართლ-კახეთის სამეფო) პროირანულ ორიენტაციას ადგნენ. შედეგიც ცხადი იყო: ქვეყანა დამშვიდდა, წელში გაიმართა, განმტკიცდა სამეფო ხელისუფლება, დაითრგუნა თავადური ოპოზიცია, დაიწყო კავკასიელ მთიელთა შემოსევების აღკვეთისათვის ორგანიზებული ბრძოლა. ირანში ცენტრალური ხელისუფლების დასუსტების პირობებში, რაც ნადირ შაჰის მკვლელობის (1747 წ.) შემდეგ დაიწყო, სამხრეთ კავკასიის ირანულ სახანოებში თეიმურაზისა და ერეკლეს ავტორიტეტი ამაღლდა. განჯის, ერევნის, ყარაბაღის, ნახჭევნის ხანები, სურდათ თუ არ სურდათ, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის პირველობას აღიარებდნენ. ერეკლე II რეალურად არა მარტო საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ ლიდერად მოიაზრებოდა. ქართლისა და კახეთის მეფეებს ანგარიშს უწევდნენ ირანის შაჰის ტახტის პრეტენდენტები. თუ ყოველივე ზემოთ თქმულს გავითვალისწინებთ, ბუნებრივად ისმის კითხვა: რატომ შეცვალა ერეკლე II-მ პროირანული ორიენტაცია პრორუსულით? შევეცდებით ამ საჭირბოროტო კითხვას ვუპასუხოთ.
პროირანული ორიენტაცია მომგებიანი იყო მანამ, სანამ ირანი სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში რეალურ ძალას წარმოადგენდა. ნადირ შაჰის მკვლელობის შემდეგ ირანში შაჰის ტახტისათვის ბრძოლა დაიწყო. შაჰობის პრედენდენტთა შორის გამოიკვეთა ქერიმ ხან ზენდი. მან, მართალია, ირანის დიდი ნაწილი თავის ხელისუფლებას დაუქვემდებარა, მაგრამ მისი ძალაუფლება მთელ ირანზე არასდროს გავრცელებულა, რის გამოც ქერიმ ხანმა შაჰის ტიტული ვერ მიიღო. ქერიმ ხანის მმართველობის წლებშივე (1760-1779) ნათელი გახდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ირანში შინააშლილობა ახალი ძალით გაგრძელდებოდა. თეიმურაზ II და ერეკლე II სავსებით სწორად ფიქრობდნენ, რომ სანამ ქერიმ ხანის ირანი სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ჯერ კიდევ რეალურ ძალას წარმოადგენდა, პროირანული ორიენტაციის შენარჩუნება მომგებიანი იყო. ამასთან ერთად, მეფეებს პასუხი უნდა გაეცათ ძალზე ძნელი კითხვისათვის: შეძლებდა კი ირანი ქერიმ ხანის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში რეალურ ძალად დარჩენას? ირანის დასუსტება აუცილებლად გამოიწვევდა რეგიონში რუსეთისა და ოსმალეთის გააქტიურებას. სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ქართლისა და კახეთის სამეფოებისათვის პროირანულ ორიენტაციაზე ყოფნა ძალზე სახიფათო იქნებოდა. ყოველივე ეს, ცხადია, კარგად გაიაზრეს თეიმურაზმა და ერეკლემ. გადაწყდა, ირანის დასუსტების შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში გაბატონების ყველაზე რეალურ პრეტენდენტთან, რუსეთთან, დაეწყოთ ნიადაგის მოსინჯვა. სწორედ ამ მიზანს ისახავდა თეიმურაზ II-ის ელჩობა რუსეთში (1760-1762 წწ.). თეიმურაზისა და ერეკლეს ჩანაფიქრი იმთავითვე ამოიცნეს პეტერბურგში: ქართველ მეფეებს რუსეთი მხოლოდ ირანის დასუსტების შემთხვევაში სჭირდებოდათ. ამიტომ იყო, რომ ქართლის მეფეს რუსმა დიპლომატებმა ძალზე ბუნდოვანი და ზოგადი პასუხი გასცეს. ცხადი გახდა ისიც, რომ ნადირ შაჰისა და ქერიმ ხანის მოკავშირეებს, თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს, რუსეთის საიმპერატორო კარი აშკარად არ ენდობოდა. რუსები დროს ელოდნენ. მათთვისაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ირანში ქერიმ ხანის შემდეგ. თეიმურაზ II-ის ელჩობა რუსეთში უშედეგოდ დასრულდა (მეფე ელჩობის დასრულებამდე, 1762 წლის იანვარში, პეტერბურგშივე გარდაიცვალა). ამასთან ერთად, ცხადია, ქართლის მეფის ელჩობა ირანის საწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნია ქერიმ ხანმა, თუმცა ძველი ურთიერთობა ირანსა და ქართლ-კახეთს შორის მაინც შენარჩუნდა. ლოდინის ტაქტიკა ხელს აძლევდა რუსეთის იმპერიას, მაგრამ სრულიად მიუღებელი იყო ქართლ-კახეთის სამეფოსათვის. ირანიდან შემაშფოთებელი ხმები მოდიოდა. ქერიმ ხან ზენდი ავადმყოფობდა, ყაჯართა ტომი ზენდებზე შურის საძიებლად ემზადებოდა. ასეთ ვითარებაში 1768 წელს დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი, რომელიც 1774 წლამდე გაგრძელდა. რუსეთის საიმპერატორო კარმა ოსმალეთის წინააღმდეგ სამხრეთ კავკასიის ქრისტიანი მეფე-მთავრების მიმხრობის გეგმა შეიმუშავა. ოსმალეთის წინააღმდეგ მებრძოლი იმერეთის მეფე სოლომონ I რომ რუსეთს მხარს დაუჭერდა, პეტერბურგში არც ეჭვობდნენ. ამასთან ერთად, რუსი დიპლომატები დარწმუნებული იყვნენ, რომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II რუსეთ-იმერეთის სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს არ მიემხრობოდა. ქართლ-კახეთის სამეფო ირანის სავასალო იყო. ერეკლე II-ს მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა ოსმალეთთან და, რუსეთის საიმპერატორო კარის მოსაზრებით, მეფე ამ ურთიერთობის შენარჩუნებას ეცდებოდა. გარდა ამისა, ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მხარეზე ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა მიუღებელი იქნებოდა ირანისათვის, რადგან ირანი რუსეთ-ოსმალეთის ომში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ოსმალეთი ირანს ურჩი ვასალის, ერეკლე II-ის, დასჯას მოსთხოვდა. სხვაგვარად ფიქრობდა ერეკლე II. მეფის აზრით, რუსეთ-იმერეთის სამხედრო-პოლიტიკური კავშირის მიღმა ქართლ-კახეთის სამეფოს დარჩენა წამგებიანი და სახიფათოც კი იყო. მეფის დასკვნა შემდეგ მოსაზრებას ემყარებოდა: პირველი: რუსეთ-იმერეთის სამხედრო-პოლიტიკური კავშირის წარმატების შემთხვევაში ქართულ სამეფო-სამთავროებში და, საერთოდ, სამხრეთ კავკასიაში ერეკლე II ლიდერის ფუნქციას კარგავდა, მის ადგილს იმერეთის მეფე სოლომონ I დაიკავებდა; მეორე: იმერეთის სამეფოსა და რუსეთის ჯარების მიერ სამხრეთ კავკასიაში ოსმალეთის დამარცხების შემთხვევაში, კონკრეტულად, აწყურის, ხერთვისის, ახალციხის, ახალქალაქის ციხეებიდან ოსმალთა გარნიზონების გაძევების შემდეგ აღნიშნული ტერიტორია რუსეთის მოკავშირეს, იმერეთის სამეფოს გადაეცემოდა, რასაც ერეკლე II ვერ დაუშვებდა; მესამე: ოსმალეთთან ომში წარმატებისა და სამხრეთ კავკასიაში ფეხის მოკიდების შემთხვევაში, რუსეთი რეგიონიდან ირანის გაძევებას შეეცდებოდა და ამ დროისათვის მეფე ერეკლეს რუსეთთან ურთიერთობა მოგვარებული უნდა ჰქონოდა. ამიტომ იყო, რომ ქართლ-კახეთის მეფე რუსეთ-იმერეთის სამხედრო კავშირს შეუერთდა და ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩაება. რომ არა 1768 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყება, რომელმაც ერეკლე II იძულებული გახადა ომის მიმართ თავისი დამოკიდებულება გამოეხატა, ქართლ-კახეთის მეფე კვლავ პროირანულ ორიენტაციაზე დარჩებოდა, საგარეო პოლიტიკაში არაფერს შეცვლიდა და ირანში მოვლენათა განვითარებას დაელოდებოდა.
1768 წელს დაწყებულმა რუსეთ-ოსმალეთის ომმა, როგორც აღვნიშნეთ, ერეკლე II აიძულა საგარეო-პოლიტიკური კურსი შეეცვალა და ომში რუსეთის მხარეს ჩაბმულიყო. ომამდე ერეკლეს ოსმალეთის სულთანთან ურთიერთობა მოგვარებული ჰქონდა და ალბათ არც სულთანი ელოდა ქართლ-კახეთის მეფისაგან პოზიციის ასეთ მკვეთრ ცვლილებას. მაგრამ ერეკლე მძიმე, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ამან გახადა იძულებული, სასწრაფოდ მიეღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა სოლომონ I-ც. იმერეთის მეფე აქამდეც თავგამოდებით ებრძოდა ოსმალეთს, თუმცა 1768 წლისათვის სულთანთან ურთიერთობა მას ასე თუ ისე მოგვარებული ჰქონდა. ომში ნეიტრალიტეტის დაცვით სოლომონ I ოსმალეთის სულთნის კეთილგანწყობას დაიმსახურებდა. ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის ომში ჩაბმა ისლამურ სამყაროსთან ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ შეიძლება ბუნებრივადაც კი მოგვეჩვენოს, მაგრამ დღეს, როცა მეფეთა გადაწყვეტილებას ვაფასებთ, არ შეიძლება არ დავსვათ კითხვა: სწორი იყო თუ არა ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა? 1769 წლისათვის, როდესაც რუსეთის ჯარი საქართველოში შემოვიდა, სოლომონ I-სა და ერეკლე II-ს არ შეიძლება სცოდნოდათ, რით დამთავრდებოდა რუსეთ-ოსმალეთის ომი. ომში გამარჯვების შემთხვევაში ოსმალეთი სასტიკად ააოხრებდა როგორც იმერეთს, ისე ქართლ-კახეთს. ორივე მეფეს შეიძლებოდა პრორუსული ორიენტაცია ძვირად დასჯდომოდა და ვახტანგ VI-ის ბედი გაეზიარებინათ. ასე რომ, ერეკლე II და სოლომონ I ყოველმხრივ გაუმართლებელ რისკზე მიდიოდნენ. იმხანად მეფეებმა არ იცოდნენ, რომ რუსეთის საიმპერატორო კარი სამხრეთ კავკასიაში სერიოზული საბრძოლო მოქმედებების დაწყებას არც გეგმავდა და საექსპედიციო კორპუსის გამოგზავნით მხოლოდ ოსმალეთის დაშინებას აპირებდა. რუსი პოლიტიკოსები და სამხედროები ვარაუდობდნენ, რომ საექსპედიციო კორპუსის სამხრეთ კავკასიაში გამოჩენა ოსმალეთს აიძულებდა აქ განლაგებული ჯარი და არტილერია აქვე დაეტოვებინა და ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთში არ გადაესროლა. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოება იყო და მას, ცხადია, სოლომონ I და ერეკლე II ვერ შეიტყობდნენ. მიუხედავად ამისა, მეფეებს დაეჭვებისათვის საკმაოზე მეტი ფაქტი ჰქონდათ. 1769 წლის აგვისტოში რუსეთიდან საქართველოსაკენ დაიძრა საექსპედიციო კორპუსი გენერალ გოტლიბ კურტ ჰენრიხ ფონ ტოტლებენის მეთაურობით. საექსპედიციო კორპუსში 480 ოფიცერი და ჯარისკაცი და 4 ქვემეხი ირიცხებოდა. ეს ძალა, რა თქმა უნდა, ოსმალეთთან საბრძოლველად ძალზე მცირერიცხოვანი იყო, მით უფრო, რომ გენერალი ტოტლებენი საქართველოს საზღვრებში ასიოდე მებრძოლითა და 2 ქვემეხით შემოვიდა, დანარჩენი ჯარი კი მოზდოკში დატოვა.
1769 წლის 29 აგვისტოს ერეკლე II, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I, გიორგი და ლევან ბატონიშვილები რუსთა ჯარს სოფელ ხოდაში შეხვდნენ. ერეკლე II-მ ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმის პირობად საქართველოში 5.000 ოფიცრისა და ჯარისკაცის გამოგზავნა მოითხოვა, რომლის ნაწილი, 1.500 კაცი, საქართველოში დაზამთრებამდე უნდა ჩამოსულიყო. 1769 წლის 22 ოქტომბერს ეკატერინა II-მ საქართველოში გამოსაგზავნი საექსპედიციო კორპუსის რაოდენობა 3.767 კაცით განსაზღვრა. რეალურად 1770 წლის მარტში სურამში მდგარ გენერალ ტოტლებენს მხოლოდ 1.200 ოფიცერი და ჯარისკაცი ჰყავდა. ამ ჯარის ნაწილი ტოტლებენმა სადგერის ციხესთან დატოვა და აწყურისაკენ დაახლოებით 600-700 კაცით დაიძრა. ცხადია, 700 მებრძოლით ოსმალეთის წინააღმდეგ ომის დაწყება იმას ნიშნავდა, რომ ტოტლებენი სერიოზული ბრძოლების გამართვას არ აპირებდა. ასეც მოხდა. 1770 წლის 18 აპრილს გენერალმა აწყურის ალყის დაწყებიდან მეორე დღეს ჯარი უკან, სურამში დააბრუნა და ერეკლე II მარტო დატოვა. 20 აპრილს ასპინძასთან გამართულ ბრძოლაში მეფე ერეკლემ ოსმალთა და ლეკთა გაერთიანებული ლაშქარი სასტიკად დაამარცხა. ერეკლემ არ იცოდა, რა გეგმები ჰქონდა გენერალ ტოტლებენს, ამიტომ მან თბილისში სურამის გავლით დაბრუნება გადაიფიქრა და ჯავახეთის გზით წავიდა.
გოტლიბ ტოტლებენის ავანტიურა უამრავ კითხვას აჩენს: ვისი დავალებით მოქმედებდა გენერალი, რა იყო მისი მიზანი, როგორ უნდა განეხორციელებინა დასახული გეგმა?.. ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას სულ ოთხი ვერსია გამოიკვეთა: 1. ტოტლებენი მოქმედებდა თვითნებურად, პირადი შეხედულებით. ამ ვერსიის შემქმნელები რუსეთის საიმპერატორო კარისათვის ნამუსის მოწმენდას ცდილობენ და მთელ პასუხისმგებლობას მომხდარისათვის ავანტიურისტ გენერალს აკისრებენ; 2. გენერალი უცხო სახელმწიფოების (ინგლისის, პრუსიის, ოსმალეთის) დაზვერვის მიერ შეთავაზებული გეგმით მოქმედებდა. ამ ვერსიას კვებავს ერთი საინტერესო ფაქტი: 1757-1763 წლებში პრუსიის წინააღმდეგ მიმდინარე ომში ტოტლებენი რუსეთის ჯარის გენერალი იყო. იგი ფაქტზე დაიჭირეს და ამხილეს, როგორც პრუსიის იმპერატორ ფრიდრიხ დიდის ინფორმატორი, გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. რუსეთის იმპერატორმა სიკვდილმისჯილი შეიწყნარა და ქვეყნიდან გაძევებით დაკმაყოფილდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყების შემდეგ ტოტლებენმა კვლავ მოახერხა რუსეთში დაბრუნება და საქართველოში გამოსაგზავნი საექსპედიციო კორპუსის მეთაურადაც დაინიშნა. 3. ტოტლებენი ქართლის თავადებმა წააქეზეს და გენერალიც მათი თანადგომით მოქმედებდა. ეს ვერსია ემყარება ქართლის თავადების მისწრაფებას ქართლის ტახტზე ვახტანგ VI-ის შთამომავლობა დაებრუნებინათ, თუმცა ძალიან ძნელი დასაჯარებელია, რომ გენერალი, თუნდაც ავანტიურისტი, ქართლის თავადების სურვილს ანგარიშს გაუწევდა და მეფის ტახტიდან ჩამოგდებას გადაწყვეტდა; 4. გენერალი ტოტლებენი საიმპერატორო კარის დავალებით მოქმედებდა, პეტერბურგში შემუშავებული გეგმის თანახმად. გენერალს ერეკლე II-ის თავიდან მოცილება ჰქონდა დავალებული. რა გზით უნდა გაეკეთებინა ეს, პირადად მას უნდა გადაეწყვიტა. ტოტლებენმა უმჯობესად მეფე ერეკლეს ბრძოლაში მიტოვება მიიჩნია, სადაც ის დაიღუპებოდა და ქართლ-კახეთის ლაშქარიც განადგურდებოდა. რუსეთის საიმპერატორო კარის გეგმის დანარჩენი ნაწილი ჩვენთვის უცნობია, რადგან ტოტლებენის ავანტიურა ჩაიშალა, მალე იგი ქართლს საერთოდ გაეცალა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალის დადგენა მაინც შეიძლება.
ასპინძის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ერეკლე II-მ რუსეთში ელჩობა მიავლინა, რათა იმპერატორისათვის გამარჯვება მიელოცა. ელჩობის ერთ-ერთ წევრს, ქართლელ თავად ზაალ ორბელიანს რუსი სენატორი შეხვდა და უთხრა, ეკატერინა II ერეკლე II-ით უკმაყოფილოაო. არც მეტი არც ნაკლები, ზაალ ორბელიანს რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიაში ასეთი რამ განუცხადებია: “თუ მეფე (ეკატერინა II – ვ. გ.) ერეკლეს უწყრება, ან რუსს ვისმე მისცეს ქვეყანა, ან – სოლომონს.” როგორც ვხედავთ, ტოტლებენის ავანტიურის ჩაშლის შემდეგაც კი, ზაალ ორბელიანი ერეკლე II-ის ტახტიდან ჩამოგდებაზე ოცნებას არ წყვეტდა. ზაალ ორბელიანის საუბრის ტექსტი რუსეთის საიმპერატორო კარმა ერეკლე II-ს გამოუგზავნა. რა იყო ეს, კეთილგანწყობილების გამოხატულება თუ ერეკლეს დაშინების მცდელობა? ალბათ, საპოლემიკო არაა, რომ რუსეთის იმპერატორი ქართლის თავადებითა და რუსეთში გადახვეწილი ვახტანგ VI-ის მემკვიდრეებით ერეკლეს დაშინებას ცდილობდა.
რა დასკვნა გამოიტანა ერეკლე II-მ გოტლიბ ტოტლებენის ავანტიურისა და ამ ავანტიურაში ქართლის თავადების შესაძლო მონაწილეობისაგან? ერეკლე მეფე დარწმუნდა, რომ ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმის მიუხედავად, ნადირ შაჰთან, ადილ შაჰთან და ქერიმ ხანთან ახლო ურთიერთობაში მყოფი და დიდი ხნის განმავლობაში პროირანული ორიენტაციის გამტარებელი ერეკლე II რუსეთის საიმპერატორო კარზე მიუღებელ და შეიძლება საშიშ მეფედაც ითვლებოდა. პროირანული ორიენტაციის უარყოფა და პრორუსული ორიენტაციის აღიარება ქართლ-კახეთის მეფეს უფრო დამაჯერებლად უნდა გამოეხატა. ერეკლეს დიდი ფიქრის დროს არ ჰქონდა, რუსეთ-ოსმალეთის ომის პირველმა ორმა წელმა აშკარა გახადა, რომ ოსმალეთი რუსეთს ვერ დაამარცხებდა, მაშასადამე, სამხრეთ კავკასიაში ოსმალთა პოზიციები შესუსტებოდა. გამარჯვებულ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე ერეკლეს წინდაწინ უნდა ეზრუნა.
საბოლოო გადაწყვეტილება მეფემ 1771 წლის დეკემბრის მიწურულსა და 1772 წლის იანვრის დამდეგს მიიღო. 1771 წლის 30 დეკემბერს თბილისში ერეკლე II-მ ხელი მოაწერა ეკატერინა II-დმი გასაგზავნ დოკუმენტს, _ ხელშეკრულების პროექტს, რომლის მიხედვითაც, ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში შესვლას ითხოვდა. 1772 წლის 6 იანვარს მცხეთაში ხელმოწერილი იქნა მეორე დოკუმენტი – ქართლ-კახეთის სამეფო სახლის პირობა რუსეთის იმპერატორს. პირველისაგან განსხვავებით ამ დოკუმენტს ხელს აწერდნენ: ერეკლე II, დედოფალი დარეჯანი, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I, ბატონიშვილები: გიორგი, ლევანი, იულონი, ვახტანგი. 1772 წლის მაისში ერეკლე II-ის თხოვნა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში მიღების თაობაზე კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ I-მა და ლევან ბატონიშვილმა რუსეთის საიმპერატორო კარს ოფიციალურად წარუდგინეს. ერეკლე II-ის წინადადების თანახმად, რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესულ ქართლ-კახეთის სამეფოში “უცვალებლად” უნდა შენარჩუნებულიყო მეფისა და კათოლიკოს-პატრიარქის ხელისუფლება, ანუ უმაღლესი საერო და სასულიერო ხელისუფლება. ქართლ-კახეთის მეფის თხოვნას პეტერბურგში 11 წელი, 1772 წლიდან 1783 წლამდე, ყურადღებას არ აქცევდნენ. რუსეთის იმპერატორი ეკატერინა II ლოდინის ტაქტიკას ტყუილად არ ადგა. დაძაბული ურთიერთობა ევროპის სახელმწიფოებთან (ბრძოლა პოლონეთის გადანაწილებისათვის) და ოსმალეთთან (ბრძოლა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში გაბატონებისათვის) რუსეთს ირანთან ურთიერთობაში სიფრთხილისაკენ უბიძგებდა. ეკატერინა II ირანის გაღიზიანებას ერიდებოდა და ქართლ-კახეთის სამეფოს ირანის სავასალო ტერიტორიად, ხოლო ერეკლე II-ს ირანის ვასალად ცნობდა. ცხადია, ირანში კარგად უწყოდნენ 1772 წელს ერეკლე II-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე – ირანის ვასალი რუსეთის მფარველობაში შესვლას ითხოვდა. ირანს ერეკლე II-ის დასასჯელად მიზეზები საკმაოზე მეტი ჰქონდა. ეს ეკატერინა II-მაც კარგად უწყოდა. მიუხედავად ამისა, პეტერბურგში ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობაში მიღებას, როგორც უკვე ვთქვით, 11 წელი აჭიანურებდნენ. საბედნიეროდ, ქერიმ ხანის სიკვდილის შემდეგ ირანში შინააშლილობა დაიწყო და ქართლ-კახეთის სამეფო დასჯას გადარჩა.
რუსეთის საიმპერატორო კარი ქართლ-კახეთის მეფეს არ ენდობოდა, არ ენდობოდა მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე II 1769 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩაება და, ცხადია, ამით ოსმალეთთან ურთიერთობა სამომავლოდ სერიოზულად გაირთულა. ეს უნდობლობა არ გამქრალა არც მას შემდეგ, რაც 1772 წლის მაისში ერეკლე II-მ რუსეთის მფარველობაში შესვლა ოფციალურად ითხოვა. რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი? ქართლ-კახეთის მეფის კარზე მყოფი რუსი რეზიდენტები პეტერბურგში გაგზავნილ საიდუმლო მოხსენებებში აღნიშნავდნენ, რომ 1772 წლის შემდეგაც ერეკლე II-ს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ირანის გამგებელ ქერიმ ხანთან და, რაც მთავარია, მეფე არ კარგავდა იმედს, რომ ავსტრიის იმპერატორისაგან დახმარების მიღებას შეძლებდა. ეს საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ გახდა, როდესაც ეკატერინა II-მ ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობაში მიღება გადაწყვიტა და 1782 წლის მიწურულსა თუ 1783 წლის დამდეგს მფარველობითი ხელშეკრულების პირობები იმხანად საგარეო უწყების პრაქტიკულ ხელმძღვანელს, ალექსანდრ ბეზბოროდკოს უკარნახა. აი, ამ პირობების ჩვენთვის საინტერესო ნაწილი: 1. ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს ავსტრიის იმპერატორთან და სხვა ქრისტიანულ სახელმწიფოებთან ყოველგვარი ურთიერთობა უნდა შეეწყვიტათ; 2. ქართველი მეფეებისათვის უნდა განემარტათ, რომ ამ სახელმწიფოებს დადებული ჰქონდათ პირობა, არ ჩარეულიყვნენ რუსეთის მეზობელი აზიური სახელმწიფოების საქმეებში; 3. ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს ავსტრიის იმპერატორისათვის წერილიც კი არ უნდა გაეგზავნათ. მართალია, ეკატერინა II-ის ეს მოთხოვნები გეორგიევსკის ტრაქტატში არ ასახულა, მაგრამ არა იმიტომ, რომ რუსეთის იმპერატორმა აზრი შეიცვალა, არამედ იმიტომ, რომ ეკატერინა II ავსტრიისა და პრუსიის იმპერატორებთან უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო. ამ აკრძალვის მიუხედავად, როგორც რუსი რეზიდენტების მოხსენებებიდან ჩანს, ერეკლე II ავსტრიის იმპერატორისაგან დახმარების მიღებას გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგაც ცდილობდა, რაც, ცხადია, რუსეთის საიმპერატორო კარის ქართლ-კახეთის მეფისადმი უნდობლობას კიდევ უფრო ზრდიდა. ეკატერინა II-ს თავისი რეზიდენტების მოხსენებების სიმართლეში ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ ის, რაც შემდეგ მოხდა, ძალზე დამაჯერებელი სამხილი იყო. ავსტრიის იმპერიას ოსმალეთთან ურთიერთობა დაეძაბა და რუსეთის დახმარება დასჭირდა. ეკატერინა II-დმი თავისი კეთილგანწყობა რომ დაედასტურებინა, ავსტრიის იმპერატორმა ერეკლე II-ის მთელი მიმოწერა, რომელიც რუსეთის საიმპერატორო კარისათვის მანამდე სრულიად უცნობი იყო, ეკატერინა II-ს გაუგზავნა. ასე რომ, რუსეთის იმპერატორი ერეკლე II-დმი უნდობლობას რომ იჩენდა, მიზეზი საკმაოზე მეტი ჰქონდა. ეკატერინა II-მ ავსტრიის იმპერატორის “საჩუქრის” შემდეგ სრულიად ლოგიკური დასკვნები გააკეთა, თუმცა მომხდარის შესახებ ერეკლე მეფისათვის არც კი მიუნიშნებია.
ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა მიზეზებმა განაპირობა ის, რომ თერთმეტწლიანი ლოდინის შემდეგ ეკატერინა II-მ 1783 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობაში მიღება მაინც გადაწყვიტა? დღეს ამ მიზეზებზე აღარავინ დაობს: პირველი: 1782-1783 წლებში დაძაბული ურთიერთობის შემდეგ რუსეთმა ოსმალეთი აიძულა ყირიმის სახანო დაეთმო. ამან ჩრდილო კავკასიაში რუსეთის გააქტიურებისათვის ხელსაყრელი პირობები შექმნა, რადგან უზარმაზარი სივრცე შავი ზღვიდან, უფრო კონკრეტულად, აზოვის ზღვიდან კასპიის ზღვამდე (ასტრახანამდე) რუსეთის კონტროლს დაექვემდებარა. კავკასიის დაპყრობაში ოსმალეთი რუსეთს ხელს ვეღარ შეუშლიდა; მეორე: ცნობილმა პოლიტიკურმა და სამხედრო მოღვაწემ, გრიგორი პოტიომკინმა, ოსმალეთის დაშლის გეგმა წამოაყენა. მისი აზრით, ოსმალეთი, როგორც ერთიანი სახელმწიფო, უნდა დაშლილიყო. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ოსმალთა მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე, ბერძნების გარშემო ქრისტიანი ხალხები უნდა გაერთიანებულიყვნენ და ერთი ქრისტიანული სახელმწიფო შექმნილიყო, რომლის მეფეც რუსი უფლისწული იქნებოდა. სამხრეთ კავკასიაში ოსმალეთის ბატონობისაგან განთავისუფლებული ქრისტიანი ხალხებისაგან (ქართველების, სომხების, ასირიელებისაგან) ასევე უნდა შექმნილიყო სახელმწიფო, რომელიც, ცხადია, რუსული ორიენტაციისა იქნებოდა. გრიგორი პოტიომკინის გეგმამ “საბერძნეთის პროექტის” (“ბერძნული პროექტის”) სახელწოდება მიიღო. ბალკანეთზე ახალი სახელმწიფოს შემქმნელი მთავარი ძალა ბერძნები უნდა ყოფილიყვნენ, სამხრეთ კავკასიაში – ქართველები, როგორც რეგიონში სახელმწიფოებრიობის მქონე ერთადერთი ერი. ამ სახელმწიფოში უნდა შესულიყვნენ სომხები და ქრისტიანი ასირიელები. სამხრეთ კავკასიაში ოსმალეთის დაშლის შემდეგ ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნა ერეკლე II-ის გარეშე ვერ მოხერხდებოდა, რადგან იგი არა მარტო ქართული სამეფო-სამთავროების, არამედ საერთოკავკასიურ ლიდერადაც მოიაზრებოდა. საბერძნეთის პროექტმა ერეკლე II-სა და ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაში, მეტიც, აღმოსავლურ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანი ფუნქცია დააკისრა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ პეტერბურგში 11 წლის დუმილის შემდეგ ერეკლე II-ის თხოვნა გაახსენდათ და, თუ ადრე რუსები ფეხს ითრევდნენ, ახლა ერეკლე II-ს, პირიქით, აჩქარებდნენ მფარველობის თაობაზე ხელშეკრულების დადებას, რაც 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკში ხელმოწერილი ტრაქტატით განხორციელდა კიდეც.
1783 წლის მფარველობითი ხელშეკრულება (ტრაქტატი) ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის, ზოგიერთი მუხლის გამოკლებით, ერეკლე II-ის მიერ წამოყენებული პირობების მიხედვით დაიდო. ტრაქტატის ძალით, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, რუსეთი ვალდებული იყო, საქართველოში უმაღლესი საერო (სამეფო) და სასულიერო (საეკლესიო) ხელისუფლება უცვლელად შეენარჩუნებინა, ანუ ქართლ-კახეთს ეყოლებოდა მეფე ბაგრატიონთა დინასტიიდან (ერეკლე II-ის შთამომავლები) და კათოლიკოს-პატრიარქი; ახალი მეფის ტახტზე ასვლა რუსეთის იმპერატორს სამეფო ნიშნების, ინვესტიტურის, გამოგზავნით უნდა დაედასტურებინა; სხვა სახელმწიფოთა აგრესიისაგან დაცვის მიზნით ქართლ-კახეთის სამეფოში მუდმივად უნდა მდგარიყო რუსეთის ჯარი (2 ბატალიონი), რომლის რაოდენობა საჭიროების შემთხვევაში გაიზრდებოდა; ქართლ-კახეთში უცვლელი არა მარტო სამეფო ხელისუფლება რჩებოდა, არამედ უცვლელი იქნებოდა ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა, ქართული სამართალი და სასამართლოს სისტემა, მიმოქცევაში რჩებოდა ქართული ფული და ზომა-წონის ერთეულები; უცვლელად უნდა შენარჩუნებულიყო ქართლ-კახეთის მეფის ქვეშევრდომობა, ქართლ-კახეთის თავადები და აზნაურები არ ხდებოდნენ რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომები. ტრაქტატი გარკვეულ ვალდებულებას აკისრებდა ქართლ-კახეთის მეფეს. ერეკლე II რუსეთის იმპერატორის სამუდამო მფარველობაში შედიოდა და არასდროს აღარ მიიღებდა სხვა სახელმწიფოს მფარველობას. ქართლ-კახეთის მეფეს საგარეო პოლიტიკა რუსეთის საიმპერატორო კართან უნდა შეეთანხმებინა. ეს იყო ქართლ-კახეთის სამეფოს მხრიდან ორი უმთავრესი ვალდებულება, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს ზღუდავდა. ერეკლე II-ის ღირსებას ლახავდა ტრაქტატის ერთი პირობა: ქართლ-კახეთის მეფეს უშუალოდ რუსეთის იმპერატორისათვის არ შეეძლო მიემართა, მეფეს იმპერატორისათვის მოსახსენებელი ჯერ კავკასიის ხაზის მთავარსარდლისათვის უნდა ეცნობებინა. რუსეთი ქართლ-კახეთის სამეფოს საშინაო საქმეებში არ უნდა ჩარეულიყო, თუმცა ტრაქტატის ერთ-ერთი მუხლი ამ პირობას ეწინააღმდეგებოდა: სამოხელეო თანამდებობებზე დანიშვნისას ქართლ-კახეთის მეფეს კანდიდატის რუსეთის წინაშე დამსახურება უნდა გაეთვალისწინებინა, რაც გარკვეული დროის შემდეგ მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობაზე რუსოფილებს მოამრავლებდა. ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის ღირსებას ლახავდა ტრაქტატის კიდევ ერთი მუხლი: ქართველ მეფეებს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში არბიტრის როლი რუსეთის იმპერატორს უნდა შეესრულებინა. კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-ის ღირსებას გარკვეულწილად ამცირებდა ის, რომ უძველესი საპატრიარქო ტახტის მპყრობელი და უძველესი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდის წევრი ხდებოდა და სინოდის წევრ მეუფეებს შორის მერვე ადგილს იკავებდა. გეორგიევსკის ტრაქტატის მომზადებისა და დადების პერიოდში კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. ერეკლე II-ის მოთხოვნით ტრაქტატის ტექსტში მისი ტიტულატურა ასე უნდა განსაზღვრულიყო: “ერეკლე II, მეფე კახეთისა და მეფე ქართლისა, მემკვიდრე მთავარი სამცხე-საათაბაგოსი, ყაზახის მთავარი, ბორჩალოს მთავარი, შამშადილუს მთავარი, კახის მთავარი, შაქის მთავარი და შირვანის მთავარი, მფლობელი და მფარველი განჯისა, ერევნისა და სხვათა”. რუსული მხარის მოთხოვნით, ერეკლე II-ის ამგვარი ტიტულატურა ტრაქტატის ტექსტში არ შესულა, რაც რუსმა დიპლომატებმა ასე ახსნეს: სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის ტერიტორიას წარმოადგენდა და მისი მემკვიდრე მთავარი ქართლ-კახეთის მეფე ვერ იქნებოდა; კახი (ჭარ-ბელაქნის ნაწილი), შაქი, შირვანი ირანის სახელმწიფოში შედიოდა, რის გამოც ქართლ-კახეთის მეფე მათი მთავარი ვერ იქნებოდა; განჯისა და ერევნის სახანოები ირანს ეკუთვნოდა, რის გამოც მათ მფლობელად და მფარველად ქართლ-კახეთის მეფე ვერ ჩაითვლებოდა. რუსმა დიპლომატებმა საბოლოოდ ასეთი დასკვნა გააკეთეს: ერეკლე II-ის ტიტულის წარდგენილი სახით დამტკიცება ლახავდა ოსმალეთისა და ირანის სუვერენიტეტს, რაც ამ ქვეყნების ხელისუფალთა გაღიზიანებას გამოიწვევდა, ეს კი რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა.
გეორგიევსკის ტრაქტატი რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლებისა და 1787-1791 წლების ომებს შორის დაიდო. თავდაპირველად რუსეთის იმპერიის მფარველობაში იმერეთის სამეფოც უნდა შესულიყო. იმერეთის სამეფოს საკითხი რუსეთის საიმპერატორო კარზე 1782 წლის ბოლოსა და 1783 წლის დამდეგსაც განიხილებოდა. ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ ეკატერინა II-ს მიერ ალექსანდრ ბეზბოროდკოსათვის ნაკარნახევი მფარველობითი ხელშეკრულების პირობები ეხებოდა როგორც ქართლ-კახეთის, ისე იმერეთის სამეფოს. ეს ის დრო იყო, როდესაც რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაპირისპირება მთელი ძალით გრძელდებოდა. რუსეთს პოლონეთის გადანაწილებასთან დაკავშირებით დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ევროპის სახელმწიფოებთან (პოლონეთის პირველი გადანაწილება 1772 წელს შედგა, მეორე – 1793 წელს). ორ ფრონტზე მებრძოლ რუსეთის იმპერიას ქართლ-კახეთის სამეფოსა და იმერეთის სამეფოს მფარველობაში მიღების გამო შეიძლებოდა ირანთან და ოსმალეთთან ურთიერთობა დაძაბვოდა, გამორიცხული არ იყო ომიც. ამიტომ იყო, რომ ეკატერინა II ფრთხილობდა. მის მიერ ნაკარნახევი ხელშეკრულების პირველ მუხლში გარკვევით იყო აღნიშნული: ქართველ მეფეებთან სამოკავშირეო ტრაქტატი დაიდოს. მათ ქვეშევდომები არ ვუწოდოთ, არამედ – რუსეთის იმპერიის მფარველობაში მყოფი მოკავშირეები. ეკატერინა II ფრთხილობდა, ირანის გაღიზიანებას ერიდებოდა. 1768-1774 წლების ომის შემდგომ რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობა, დროდადრო, სერიოზულად იძაბებოდა. იმავდროულად ინგლისი ცდილობდა პოლონეთის დანაწილებისათვის რუსეთის, ავსტრიისა და პრუსიის დაპირისპირება როგორმე ომში გადაეზარდა. ამ ფონზე ირანთან ურთიერთობის დაძაბვა არასასურველი, საშიშიც კი იქნებოდა. გარკვევით უნდა ითქვას, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით სერიოზულ რისკს არა რუსეთის იმპერია, არამედ ქართლ-კახეთის სამეფო სწევდა. საშიშროება მრავალმხრივი იყო: ყველაზე დიდ ხიფათს შეიცავდა ირანის გაერთიანება და სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში რუსეთის აგრესიის აღკვეთა, როგორც ეს ნადირ შაჰმა მოიმოქმედა. ამ შემთხვევისათვის ქართლ-კახეთის სამეფოს “მფარველი”, ოსმალეთსა და ევროპის სახელმწიფოებთან დაპირისპირებული რუსეთი, გარკვეული ხნით კავკასიონის ქედს გადაღმა დარჩებოდა. ერეკლე II-ის პრორუსული ორიენტაციით გაღიზიანებული ირანი კი შურს იძიებდა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული, ცხადია, კარგად ჰქონდა გააზრებული ერეკლე II-ს. მაშინ, რატომ გადაწყვიტა მეფემ გეორგიევსკის ტრაქტატის დადება? ერეკლე II-ს სწამდა, რომ ირან-ოსმალეთ-რუსეთის დაპირისპირება ადრე თუ გვიან რუსეთის გამარჯვებით დასრულდებოდა, ამიტომ უმჯობესი იყო ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში რუსეთის შემოჭრამდე შესულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი ქართლ-კახეთს ირანულ სახანოებთან გააიგივებდა და მასაც სახანოების მსგავსად დაიპყრობდა. ერეკლე რუსეთთან ისეთი ხელშეკრულების დადებას ესწრაფოდა, რომელიც ქართლ-კახეთს ირანული სახანოებისაგან გამოარჩევდა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების გარანტიას მისცემდა. ერეკლე II სავსებით ლოგიკურად აზროვნებდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად, თუ შეიძლება ითქვას, სრულიად არალოგიკურად განვითარდა.
არ შეიძლება ზოგიერთი საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებაში ერეკლე II დავადანაშაულოთ. ჩვენი პოზიცია რომ უფრო ნათელი გახდეს, აუცილებელია რუსეთის საიმპერატორო კარის იმ გადაწყვეტილებებს შევეხოთ, რომლებიც ერეკლეს, არათუ 1782-1783 წლებში, სიცოცხლის ბოლომდეც კი არ შეუტყვია. საგარეო პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებას მეფე, სამეფო კარი იმ ინფორმაციის ანალიზის შედეგად უნდა იღებდეს, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფოს დედაქალაქიდან აწვდიან. ერეკლე II-ის შემთხვევაში ვითარება კარდინალურად განსხვავებული იყო. ქართლ-კახეთის სამეფოს თეირანში, სტამბოლსა და პეტერბურგში რაიმე დიპლომატიური წარმომადგენლობის მსგავსი (ელჩი, კონსული) 1783 წლამდე არასდროს ჰყოლია. ეს იმას ნიშნავს, რომ მეფემ არაფერი უწყოდა იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებსაც ირანში, ოსმალეთსა და რუსეთში ქართლ-კახეთის სამეფოსთან ურთიერთობის თაობაზე იღებდნენ. ერეკლეს ინფორმაცია მისდიოდა, მაგრამ ეს შემთხვევიდან შემთხვევამდე ხდებოდა, ხოლო ხშირად მოწოდებული ინფორმაცია ყურმოკრული ცნობები იყო. ეს არ იყო პროფესიონალი დიპლომატების მიერ მოწოდებული მასალა. ქართლ-კახეთის სამეფოს არ გააჩნდა საგარეო დაზვერვა, რომელიც ირანში, ოსმალეთსა და რუსეთში მეფის დავალებით გარკვეული სახის ინფორმაციას მოიპოვებდა. ასე რომ, ერეკლე II-ს გადაწყვეტილებები ფაქტობრივად ნულოვანი ინფორმაციის პირობებში უნდა მიეღო. ასე მოხდა 1782-1783 წლებშიც. მაშინ, როდესაც რუსი რეზიდენტები ქართლ-კახეთის სამეფო კარზე ათწლეულების განმავლობაში წარმატებით მუშაობდნენ (ოფიციალურად ისინი მოგზაურები, მხატვრები ან ექიმები იყვნენ) ერეკლეს რუსეთის იმპერიის დედაქალაქში არცერთი დიპლომატი არ ჰყავდა. რუსეთის საიმპერატორო კარმა თითქმის ყველაფერი იცოდა, რაც ქართლ-კახეთის სამეფო კარზე ხდებოდა, ერეკლე II-მ კი არაფერი უწყოდა იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც პეტერბურგსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის მფარველობითი ხელშეკრულების დადების პერიოდში ან შემდგომ ხანებში მიიღეს. ამიტომ იყო, რომ მეფემ ვერ ახსნა, რუსეთის საიმპერატორო კარი, რომელიც 11 წელი არ ჩქარობდა ქართლ-კახეთის სამეფოსთან მფარველობითი ხელშეკრულების დადებას, მოულოდნელად 1782 წლის ბოლოს და 1783 წლის დამდეგს რატომ აჩქარდა და ხელშეკრულების მომზადება და დადება უმოკლეს დროში რატომ მოინდომა. ქართლ-კახეთის მეფემ არ იცოდა, რომ რუსეთის საიმპერატორო კარის აჩქარება ორმა მიზეზმა განაპირობა: ყირიმის სახანოს საკითხის რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტამ და “საბერძნეთის პროექტმა”. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “საბერძნეთის პროექტმა” ქართლ-კახეთის სამეფოს სამხრეთ ამიერკავკასიაში მნიშვნელოვანი ფუნქცია შესძინა. მალე ვითარება კარდინალურად, ქართლ-კახეთისათვის საბედისწეროდ, შეიცვალა. ოსმალეთის დანაწილების საკითხში რუსეთის მოკავშირე ავსტრიის იმპერია იყო. ინგლისმა, რომელსაც რუსეთისა და ავსტრიის მონაწილეობით ოსმალეთის დანაწილება ხელს არ აძლევდა, ავსტრიის იმპერატორზე გავლენა მოახდინა და ავსტრია “საბერძნეთის პროექტს” გამოეთიშა. ავსტრიის იმპერატორმა ეკატერინა II-ს მისწერა: ყირიმის სახანოს რუსეთის შემადგენლობაში გადასვლას ვცნობ; თუ ოსმალეთი რუსეთს ომს დაუწყებს, რუსეთის მოკავშირე ვიქნები, მაგრამ ოსმალეთის გადანაწილებაში მონაწილეობას ვერ მივიღებო. “საბერძნეთის პროექტის” განხორციელება შეფერხდა და ქართლ-კახეთის სამეფომაც სამხრეთ კავკასიაში ის მნიშვნელოვანი ფუნქცია დაკარგა, რომელიც მას ოსმალეთის გადანაწილების შემთხვევაში ენიჭებოდა და რამაც გეორგიევსკის ტრაქტატის დადება დააჩქარა. “საბერძნეთის პროექტის” ჩაშლას საბედისწერო მნიშვნელობა ჰქონდა ქართლ-კახეთის სამეფოსათვის, ერეკლე II-მ კი ამის შესახებ არაფერი იცოდა, ეს იყო სახელმწიფოებრივი საიდუმლო, რომელსაც პეტერბურგში მკაცრად იცავდნენ. “საბერძნეთის პროექტის” ჩაშლამ რუსეთის იმპერიის კავკასიურ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა: თუ “საბერძნეთის პროექტიდან” გამომდინარე, რუსეთის საიმპერატორო კარი ქართლ-კახეთის სამეფოსთან მფარველობითი ხელშეკრულების დადებას, საქართველოში ჯარის გამოგზავნას საჭიროდ მიიჩნევდა, “საბერძნეთის პროექტის” ჩაშლის შემდეგ რუსეთისათვის გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების შესრულება უკვე ზედმეტ ბარგად იქცა. ამიერიდან ყურადღება პოლონეთის დანაწილებაზე იქნა გადატანილი და ევროპის სახელმწიფოებთან დაპირისპირებული რუსეთი ოსმალეთსა და ირანთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნების გზას დაადგა. ეკატერინა II-მ კარგად იცოდა, რომ ირანსაც და ოსმალეთსაც ქართლ-კახეთის სამეფოში მდგარი ორი რუსული ბატალიონი უკიდურესად აღიზიანებდა. ამიტომ იყო, რომ საქართველოში ჯარის დამატებითი კონტინგენტის გაგზავნისაგან, რასაც ერეკლე II მრავალგზის ითხოვდა, იმპერატორი თავს იკავებდა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში, ხოლო 1787 წელს ოსმალეთთან ომის დაწყების მომიზეზებით რუსეთმა საქართველოდან ის ორი ბატალიონიც გაიყვანა. ამ ნაბიჯით შეშფოთებულ ერეკლე II-ს პეტერბურგიდან განუმარტეს: რუსეთის ჯარის ქართლ-კახეთის სამეფოში ყოფნა მეზობელ სახელმწიფოებს აღიზიანებს, ჯარის გაყვანის შემდეგ თქვენ მეზობლებთან ურთიერთობას უფრო ადვილად მოაგვარებთო. ალბათ, უადგილო არ იქნება ორი ასეთი ფაქტის გახსენებაც:
ამბავი პირველი: 1784 წლის 24 იანვარს თბილისში გეორგიევსკის ტრაქტატის რატიფიკაცია შედგა – ერეკლე II-მ ხელი მოაწერა სარატიფიკაციო სიგელს (ამ დროისათვის “საბერძნეთის პროექტი” უკვე ჩაშლილი იყო). რატიფიკაციის ცერემონიალის დასრულების შემდეგ მეფემ პეტერბურგში გამგზავრება და ეკატერინა II-სთან შეხვედრა გადაწყვიტა. რუსეთის იმპერატორმა პეტერბურგში ერეკლეს ჩასვლა საჭიროდ არ მიიჩნია და მეფეს შვილების გაგზავნა ურჩია. ეს უკვე ცუდის ნიშანი იყო. მეფე ერეკლე ამას იმთავითვე მიხვდა, მაგრამ მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ამის მიზეზი “საბერძნეთის პროექტის” ჩაშლა იყო. რუსეთის იმპერატორი დიპლომატიურ თამაშს ეწეოდა: ეკატერინა II უკვე ხელმოწერილი ტრაქტატის რატიფიკაციაზე უარს არ ამბობდა, სამაგიეროდ, ერეკლე II-ის პეტერბურგში ჩასვლაზე თავი შეიკავა, ეს კი იმის მომასწავებელი იყო, რომ იგი რუსეთის იმპერატორი ტრაქტატის პირობების შესრულებას არ აპირებდა. იმპერატორი სწორად ვარაუდობდა, რომ ქართველი მეფის პეტერბურგში ჩასვლა ირანისა და ოსმალეთის გაღიზიანებას გამოიწვევდა. გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელის აღების შემდეგ ერეკლე II-ის პეტერბურგში ჩასვლა რუსეთისათვის არავითარ საჭიროებას აღარ წარმოადგენდა. რუსეთი ჩვეულ ორპირობას განაგრძობდა: ეკატერინა II-მ კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-ს ბრილიანტის ჯვარი უბოძა და 2.500 მანეთით დააჯილდოვა, დედოფალი დარეჯანი წმ. ეკატერინას ორდენით დაჯილდოვდა, სხვადასხვა სახის ჯილდოები მიიღეს გიორგი, იულონ და ვახტანგ ბატონიშვილებმა. პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება ებოძა 17 წლის მირიან ბატონიშვილს, ხოლო 18 წლის თეიმურაზ ბატონიშვილს, რომელიც ანტონის სახელით ბერად იყო აღკვეცილი, იმპერატორი რუსეთში მიწვევას და არქიეპისკოპოსის ხარისხში აყვანას დაჰპირდა. რუსული რევერანსები გათვალისწინებული იქნა. 1784 წლის 23 მაისს ეკატერინა II-ის სურვილის თანახმად, მირიან ბატონიშვილი და თეიმურაზ ბატონიშვილი (ბერ-დიაკონი ანტონი, მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II) იმპერიის დედაქალაქს გაემგზავრნენ.
ამბავი მეორე: გეორგიევსკის ტრაქტატის დადებასთან დაკავშირებით 1784 წლის 6 დეკემბერს ეკატერინა II-მ ერეკლეს 24 ქვემეხი და ყუმბარების 2 კომპლექტი უბოძა. ეს მეფის დასამშვიდებელი ქმედება იყო, რადგან ამ დროისათვის პეტერბურგში საიდუმლო გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, რომლის ძალითაც რუსეთი გეორგიევსკის ტრაქტატის შესრულებაზე ფაქტობრივად უარს ამბობდა, თუმცა მის იურიდიულად გაუქმების საკითხს არ აყენებდა. მეფე ერეკლეს დასამშვიდებლად ნაბოძებმა 24-მა ქვემეხმა დიდხანს იმოგზაურა: 1785 წლის თებერვალში ქვემეხები პეტერბურგიდან ტვერში გაგზავნეს, შემდეგ მდინარე ვოლგით ქალაქ ცარიცინამდე ჩაიტანეს, საიდანაც ისევ სახმელეთო გზით ეკატერინოგრადში გადაიტანეს და ქვემეხებმა თბილისში მხოლოდ 1787 წელს ჩამოაღწია, ისიც ნაწილმა. მეორე ნაწილის ჩამოტანა იმდენად დაგვიანდა, რომ კრწანისის ომსაც კი (1795 წლის სექტემბერი) ვერ მოუსწრო. ერეკლე II-ის მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, ქვემეხების თბილისში ჩამოტანა 1797 წლის 31 დეკემბერსაც კი არ იყო დასრულებული. ერეკლე II ისე გარდაიცვალა, რომ ნაბოძები ქვემეხების სრულად ნახვას ვერ ეღირსა.
ერეკლე II-მ, როგორც აღვნიშნეთ, არაფერი უწყოდა არც “საბერძნეთის პროექტის” არსებობის, არც მისი შეფერხების, ხოლო შემდეგ საერთოდ მივიწყების შესახებ. მეფემ არც ის იცოდა, რომ რუსეთმა პოლიტიკური ვექტორი დასავლეთისაკენ მიაბრუნა, მთელი ყურადღება პოლონეთის გადანაწილებაზე გადაიტანა, ეს კი ირანსა და ოსმალეთთან მშვიდობის შენარჩუნებას ითხოვდა. რუსეთის კავკასიური პოლიტიკის ახალი დებულება – “სიწყნარე სამხრეთის საზღვრებზე” – ფაქტობრივად, ქართლ-კახეთის სამეფოს გაწირვას, მისი ირანისა და ოსმალეთის პირისპირ მიტოვებას და, მაშასადამე, გეორგიევსკის ტრაქტატის ფაქტობრივ გაუქმებას ნიშნავდა. ამ პერიოდის ისტორიიდან კიდევ ერთი მრავლისმეტყველი ფაქტის გახსენება შეიძლება. ეკატერინა II უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ელიტის წარმომადგენლებთან ერეკლე II-ის თხოვნის საფუძველზე საქართველოში ჯარის დამატებითი კონტინგენტის გაგზავნის საკითხს იხილავდა. ჯარის გაგზავნას თათბირის მონაწილეთაგან ზოგი მხარს უჭერდა, ზოგიც ეწინააღმდეგებოდა. ეკატერინა II-მ დასვა კითხვა: არსებობს კი იმის გარანტია, რომ საქართველოში მყოფ ორ ბატალიონს ოსმალები არ ამოახრჩობენ? როცა უარყოფითი პასუხი მიიღო, იმპერატორმა განაცხადა: თუ ორი ბატალიონის უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს, მაშინ დამატებითი ჯარი რატომღა უნდა გავიმეტოთო. ცხადია, ერეკლე II-მ არც ამ გადაწყვეტილების შესახებ უწყოდა რაიმე, ამიტომაც დაბეჯითებით, თუმცა ამაოდ, ითხოვდა რუსეთის ჯარის ახალი ნაწილების გამოგზავნას.
დღეს ხშირად სვამენ კითხვას: რა მოხდებოდა, რუსეთის იმპერიას გეორგიევსკის ტრაქტატით ნაკისრი ვალდებულება რომ შეესრულებინა? ჩვენი ღრმა რწმენით, არაფერი შეიცვლებოდა. ქართლ-კახეთის სამეფო ისევ ისე დაასრულებდა არსებობას, როგორც დაასრულა 1801-1802 წლებში, სამეფო ყველა შემთხვევაში გაუქმდებოდა, ან ცოტა ადრე, ან ცოტა მოგვიანებით. რუსეთის საიმპერატორო კარი, ეკატერინა II გეორგიევსკის ტრაქტატს არ განიხილავდა, როგორც ქართლ-კახეთის სამეფოს გადარჩენის მიზნით დადებულ ხელშეკრულებას. ტრაქტატი საქართველოში მშვიდობიანად, ომის გარეშე შემოღწევის საშუალებას წარმოადგენდა. ეს იმ პირობებში, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო ირანის, იმერეთის სამეფო კი ოსმალეთის ვასალი იყო, ხოლო ჩრდილო კავკასია რუსეთს ჯერ არ დაეპყრო და მოკლე დროში ვერც დაიპყრობდა. ასეთ ვითარებაში რუსეთს საქართველოში ერთბაშად, ომის გზით შემოღწევა სახიფათოდ მიაჩნდა. რუსეთის საიმპერატორო კარი საქართველოს დაპყრობას სამ ეტაპად გეგმავდა: 1. ქართლ-კახეთის სამეფოსთან მფარველობითი ხელშეკრულების დადება (ომის გარეშე შემოღწევა; სამეფოს საშინაო ვითარებაში, ეკონომიკურ მდგომარეობასა და სამხედრო სიძლიერეში გარკვევა); 2. ქვეშევრდომობითი ხელშეკრულება (პოზიციების განმტკიცება, ერეკლე II-ის ოპოზიციის წახალისება, რუსული ორიენტაციის ძალების ორგანიზება – რუსეთის მეხუთე კოლონის შექმნა); 3. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და ქვეყანაში რუსული მმართველობის, საოკუპაციო რეჟიმის დამყარება. პირველი ეტაპი ერეკლე II-ის მეფობის ბოლო პერიოდში (1783-1798 წწ.) დასრულდა; მეორე ეტაპი გიორგი XII-ის დროს (1798-1800 წწ.) უნდა დასრულებულიყო, ფაქტობრივად დასრულდა კიდეც, ოღონდ მეფის გარდაცვალების გამო რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის ქვეშევდრომობითი ხელშეკრულება იურიდიულად ვერ გაფორმდა. მესამე ეტაპი 1801-1802 წლებში განხორციელდა, როდესაც რუსებმა მათ მიერვე ტახტის მემკვიდრედ აღიარებულ დავით გიორგის ძეს ტახტზე ასვლის უფლება არ მისცეს და ქვეყანაში რუსული მმართველობა შემოიღეს.
აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვას: რეალურად მიიჩნევდა თუ არა ერეკლე II რუსეთის იმპერიის მხრიდან გეორგიევსკის ტრაქტატის შესრულებას? სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, აუცილებელია აღინიშნოს: გეორგიევსკის ტრაქტატი არ წარმოადგენდა რაიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, ისეთ ხელშეკრულებას, რომელსაც შეიძლებოდა ქართლ-კახეთის სამეფო გადაერჩინა. დიდი მნიშვნელობა გეორგიევსკის ტრაქტატს რუსულმა იმპერიულმა ისტორიოგრაფიამ პოლიტიკური მოსაზრებით მიანიჭა. რუს ისტორიკოსებს სურდათ რუსეთის იმპერიისათვის “დამპყრობლის” სტატუსი მოეხსნათ და “მფარველის” სტატუსი მიენიჭებინათ. პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდა საბჭოთა ისტორიოგრაფიასაც, რუსულსაც და ქართულსაც. არ შეიძლებოდა “უფროსი ძმა” დამპყრობელი ყოფილიყო, იგი ქართლ-კახეთს მფარველად, მეგობრად, მზრუნველად უნდა მოვლენოდა. რუსეთის იმპერიული და საბჭოთა ისტორიოგრაფია გეორგიევსკის ტრაქტატის გაიდეალებით 1801 წლის 12 სექტემბრის აქტის შერბილებას, რუსეთის საიმპერატორო კარისათვის პირის მობანას ცდილობდა. ეს მზაკვრული ჩანაფიქრი კარგა ხანს ძლიერ სააგიტაციო საშუალებას წარმოადგენდა, თუმცა ჭეშმარიტების საბოლოოდ დამალვა შეუძლებელია. რაც შეეხება ზემოთ დასმულ კითხვას, მასზე პასუხის გაცემა ძნელია, რადგან დოკუმენტებიდან არ ჩანს, რას ფიქრობდა მეფე ერეკლე. ერთი რამ ცხადია, ერეკლე დაიმედებული იქნებოდა იმით, რომ მფარველობითი ხელშეკრულება რუსეთის ინიციატივით დაიდო. 1782-1783 წლებში რუსეთი ერეკლე II-ს მფარველობითი ხელშეკრულების დადებას აჩქარებდა. სხვა ინფორმაცია ქართლ-კახეთის მეფეს არ ჰქონდა, რადგან გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ რუსეთის საიმპერატორო კარის ახალი კავკასიური პოლიტიკა დიდ სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. ამ საიდუმლოების გაგების გარეშე კი ერეკლე II ვერანაირად ვერ შეიტყობდა, თუ რატომ არ ასრულებდა რუსეთის იმპერია ტრაქტატით ნაკისრ ვალდებულებებს. არა ერეკლე II-ის დაცვის, მისი გამართლების მიზნით, არამედ ჭეშმარიტების დადგენისათვის აუცილებლად მივიჩნიეთ იმ საკითხზე მსჯელობა, რომელსაც ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა ხოლმე. ორ სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების მომზადება, დადება და შემდეგ მის შესრულებაზე კონტროლი გამოცდილი დიპლომატების და რაღაც დონეზე მაინც საგარეო დაზვერვის არსებობას მოითხოვს. როგორც აღვნიშნეთ, არც ერთი, არც მეორე ერეკლე მეფეს არასდროს ჰყოლია. გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ერეკლე II თბილისში ინახულა რუსმა რეზიდენტმა, რომელმაც თავის მოხსენებაში აღნიშნა: მეფის ჯანმრთელობა შერყეული მეჩვენა, მხრებში მოხრილიყო, მაგრამ თვალებიდან დიდი ძალა გამოკრთოდა. დაიწყო თუ არა საუბარი, მაშინვე დავრწმუნდი, რომ მეფე აღმოსავლური დიპლომატიის ხელოვნებას ბრწყინვალედ ფლობდაო. მეფე კი იყო გამოცდილი დიპლომატი, მაგრამ გეორგიევსკის ტრაქტატის მომზადებასა და დადებაში არც ერთი პროფესიონალი დიპლომატი არ მონაწილეობდა. ტრაქტატზე ხელის მომწერებს, გარსევან ჭავჭავაძესა და იოანე მუხრანბატონს, დიპლომატიურ ასპარეზზე მოღვაწეობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ, უფრო მეტიც, ისინი მოლაპარაკების მაგიდას ისე მიუსხდნენ, რომ რუსულ ენას ვერ ფლობდნენ. აქედან გამომდინარე, მათ არ იცოდნენ, რა ეწერა ტრაქტატის რუსულ ეგზემპლარში. გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ რუსეთში ქართლ-კახეთის სამეფოს სრულუფლებიან წარმომადგენლად (მინისტრად) რუსულის არმცოდნე გარსევან ჭავჭავაძე დაინიშნა. თბილისიდან გაგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტებს პეტერბურგში მას რუსულად უთარგმნიდნენ და ისიც ქართული ასო-ნიშნებით ხელს აწერდა: “პოლნომოჩნი მინისტრი გარსევან ჭავჭავაძე”. “პოლნომოჩნი მინისტრი” თბილისში ისე დაბრუნდა, ვერც რუსული ისწავლა და ვერც რაიმე არსებითი შეიტყო, თუ რატომ არ ასრულებდა რუსეთი გეორგიევსკის ტრაქტატის პირობებს. ან რისთვის უნდა მიეღწია გარსევან ჭავჭავაძეს, როცა მას ურთიერთობა ინგლისში, საფრანგეთში, პრუსიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე რუსეთის დიპლომატებთან ჰქონდა. გარსევან ჭავჭავაძესთან ერთად, რუსეთის საიმპერატორო კართან ურთიერთობა ჰქონდათ სრულიად ახალგაზრდა ბატონიშვილ მირიანს და არქიმანდრიტ გაიოზს. მართალია, ორივენი დროსა და ენერგიას არ იშურებდნენ მეფე ერეკლეს დავალებების შესასრულებლად, მაგრამ რუს დიპლომატებთან ურთიერთობაში ისინიც ბევრს ვერაფერს აღწევდნენ. ასე გაგრძელდა ერეკლეს სიცოცხლის ბოლომდე. როდესაც იგრძნო, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს აღსასრული მოახლოებული იყო, გარსევან ჭავჭავაძე საგანგებო წერილში იმპერატორ პაველ I-ს (1796-1801) სთხოვდა ავადმყოფი მეფისათვის სანუგეშებელი წერილი გაეგზავნა. ეს უკვე ქართველი დიპლომატის მიერ კაპიტულაციის გამოცხადებას ჰგავდა. ცხადია, იმპერატორს ერეკლე II-თვის სანუგეშო წერილი არ გამოუგზავნია.
ეკატერინა II-ის მმართველობის ბოლო წლებში გეორგიევსკის ტრაქტატი სრულ ფიქციად იქცა. თუმცა ერთი იმედისმომცემი გარემოებაც იყო: 1796 წელს რუსეთის ჯარი ირანის დაპყრობის მიზნით კასპიისპირეთში შეიჭრა და სერიოზული წარმატებებიც მოიპოვა. ჯარის ერთი ნაწილი ქართლ-კახეთის სამეფოში შემოვიდა და განჯისა და ერევნის სახანოებზე შეტევისათვის დაიწყო მზადება. სამწუხაროდ, ეკატერინა II-ის გარდაცვალების შემდეგ ახალმა იმპერატორმა, პაველ I-მა დედის ჩანაფიქრზე ხელი აიღო და ლაშქრობა შეწყვიტა. ინგლისის დასამარების მოსურნე იმპერატორი ფრთხილობდა: “ოსმალეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ჩვენ ომის საბაბს ვეძებთ.”
ყოველივე ზემოთქმულს თუ შევაჯამებთ, შეიძლება დავასკვნათ: ირან-ოსმალეთ-რუსეთის დაპირისპირება სამხრეთ კავკასიაში იმგვარად განვითარდა, რომ ერეკლე II იძულებული გახდა 35-წლიანი პროირანული ორიენტაცია პრორუსულით შეეცვალა. რუსეთის საიმპერატორო კარი არც ამის შემდეგ ენდობოდა ერეკლე II-ს და მასთან პოლიტიკურ თამაშს აგრძელებდა: ხან ირანითა და ოსმალეთით აშინებდა, ხან – ქართლის თავადებითა და რუსეთში გადახვეწილი ვახტანგ VI-ის მემკვიდრეებით. ერეკლე ჭკვიანი დიპლომატი იყო და იმთავითვე მიხვდა, რომ მართალია 1770 წელს გენერალ ტოტლებენის ავანტიურა ჩაიშალა და რუსეთმა მისთვის არასასურველი მეფის თავიდან მოშორება ვერ შეძლო, მაგრამ სავსებით ცხადი იყო, რომ რუსეთი მზგავს ქმედებებს კვლავაც გააგრძელებდა. რუსეთის საიმპერატორო კარი კარგად იყენებდა იმას, რომ 1769 წელს ერეკლე II ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩაება, რითაც მუსლიმურ სამყაროსთან ურთიერთობა სერიოზულად დაეძაბა. რუსეთის მომავალი ფარული თუ აშკარა აგრესიის პირობებში ერეკლე II-მ გადაწყვიტა კავკასიის მომავალ მპყრობელს მორიგებოდა და რუსეთის მფარველობა მიეღო. ამის შემდეგ ყველაფერი რუსეთის საიმპერატორო კარზე დაწერილი სცენარით განვითარდა. ერეკლე II-ს, ცხადია, არ შეეძლო შეეცვალა რუსეთის იმპერიის კავკასიური პოლიტიკის არსი.
მეფე ერეკლე “რუსეთის კაცი” არ ყოფილა და არც რუსეთი მოუყვანია საქართველოში. სიმართლე უნდა ითქვას: რუსეთი მოდიოდა და საქართველოს დასაპყრობად მას არც გეორგიევსკის ტრაქტატი და არც ერეკლე II-ის პრორუსული ორიენტაცია სჭირდებოდა. რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაში მთავარი არა გეორგიევსკის ტრაქტატი და ერეკლე II-ის ორიენტაცია, არამედ ირანის დამარცხება, ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობა, ოსმალეთის დამარცხება და იმერეთის სამეფოს დაპყრობა იყო. გეგმა, ერთი შეხედვით, რთული, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, განხორციელებადი იყო. 1804 წელს აშკარა ანტირუსული ორიენტაციის იმერეთის მეფე სოლომონ II სამხედრო ძალის გამოყენების მუქარით აიძულეს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობა მიეღო. იმერეთის სამეფოს გაუქმება 1804 წლიდან 1809-1810 წლებამდე მხოლოდ იმიტომ გადაიდო, რომ 1806 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო. სანამ რუსეთმა ამიერკავკასიაში წარმატებები არ მოიპოვა, იმერეთის სამეფოს გაუქმებისაგან თავი შეიკავა. ომში ოსმალეთის მარცხი იმერეთის სამეფოს გაუქმებასაც ნიშნავდა! დღევანდელი სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ ერევნის, განჯის, ნახჭევნის, ყარაბაღის, შაქის, შირვანის, ბაქოსა და სხვა სახანოებს რუსეთის იმპერიასთან გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავსი ხელშეკრულებები არ დაუდიათ, მაგრამ 1803-1804 წლიდან დაწყებული რუსეთმა ეს სახანოები ზედიზედ დაიპყრო. დაიპყრო იმიტომ, რომ 1804-1813 წლების ომში ირანი დაამარცხა და აიძულა, ამიერკავკასიის სამფლობელოები მისთვის დაეთმო. რუსეთი ამიერკავკასიაში გამარჯვებულის უფლებით მოვიდა. ამასთან დაკავშირებით ურიგო არ იქნებოდა ერთი მრავლისმეტყველი ფაქტი გაგვეხსენებინა: ევროპის სახელმწიფოთა კოალიციამ (რუსეთი, ინგლისი, პრუსია) ნაპოლეონი დაამარცხა. 1815 წელს ვენაში კონგრესზე შეკრებილი ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები კონტინენტის მომავალზე მსჯელობდნენ, სახელმწიფოთა შორის დამოკიდებულების პრინციპებს არკვევდნენ. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მეთაურებმა გადაწყვიტეს, როგორმე ევროპა რუსეთის ჯარისაგან გაეთავისუფლებინათ და ამ საკითხის კონგრესის სხდომაზე დაყენება კლემენს ფონ მეტერნიხს მიანდეს. გაიხსნა თუ არა სხდომა, მეტერნიხმა განაცხადა: ჩვენ გვსურს ვიცოდეთ, რა უფლებით დგას რუსეთის 120.000-იანი ჯარი ვარშავის საჰერცოგოში? სამარისებური სიჩუმე ალექსანდრ I-მა დაარღვია: “გამარჯვებულის უფლებით!” ამჯერად სიჩუმეში მეტერნიხის ხმა გაისმა: “გადავიდეთ დღის წესრიგის შემდეგ საკითხზე.”
სამხრეთ კავკასიაში “გამარჯვებულის უფლებით” მოსული რუსეთის იმპერია ყველა სამეფოს, სამთავროსა და სახანოს უბოდიშოდ დაეპატრონებოდა, როგორც დაეპატრონა ჟეჩ-პოსპოლიტას დამარცხების შემდეგ უკრაინას, შვედეთის დამარცხების შემდეგ – ლიტვას, ლატვიას, ესტონეთსა და ფინეთს, ოსმალეთის დამარცხების შემდეგ – მოლდოვას.
სამი დამპყრობლის, ირანის, ოსმალეთის, რუსეთის, დაპირისპირებაში მეფე ერეკლე ყოველნაირად ცდილობდა ისეთი საგარეო პოლიტიკა აერჩია, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფოებრიობა გადაერჩინა. დიდ პოლიტიკას დიდი სახელმწიფოები განსაზღვრავენ, ხოლო რიცხვით მცირე ერის, პატარა სახელმწიფოს მეფეს დიდი პოლიტიკის მიმართულების შეცვლა არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ყველაფერს არა ერეკლე II-ის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია, არამედ ის წყვეტდა, თუ რით დასრულდებოდა ირანის, ოსმალეთისა და რუსეთის დაპირისპირება სამხრეთ კავკასიაში. საქართველო ამ დაპირისპირებაში გამარჯვებულს უნდა დარჩენოდა. ერეკლე II-ს ერთადერთი მიზანი ამოძრავებდა: წინდაწინ გაერკვია ამ გამარჯვებულის ვინაობა, შესაფერი საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია შეემუშავებინა და კავკასიის მომავალი მპყრობელისაგან ქართლ-კახეთის სამეფოს შენარჩუნების გარანტია მიეღო. დიდმა პოლიტიკამ მეფე ერეკლეს სხვა არჩევანი არ დაუტოვა.
ვახტანგ გურული