სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა
- ივნისი 24, 2022
მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენება წარმოადგინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკურმა დირექტორმა, დოქტორმა ალექსანდრე თავართქილაძემ თემაზე: „მელატონინი, სტრესი და ბიოლოგიური რიტმები ავთვისებიანი სიმსივნეების პათოგენეზსა და კლინიკურ პრაქტიკაში“.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, – „მელატონინი ტვინის ზედა დანამატში – ჯალღუზისებრ სხეულში წარმოიქმნება და ჰორმონული აქტივობით ხასიათდება. მისი უშუალო პრეკურსორს სეროტონინი წარმოადგენს. ორივე ნეიროჰორმონის სეკრეცია ორგანიზმში მკაცრი ფოტოპერიოდულობით ხასიათდება. სიბნელის დროს აქტიურდება პინეალოციტები (როგორც ევოლუციის დროს ტრანსფორმირებული ფოტორეცეპტორები) და მელატონინის ბიოსინთეზი იწყება. სინათლის ზემოქმედება კი ამ რეაქციას წყვეტს და ორგანიზმში სეროტონინი გროვდება. მელატონინი ბიოლოგიური რიტმების რეგულაციის ცენტრალური პეისმეიკერია. ბიოლოგიური რიტმების რეგულაციის ცენტრალური „ორგანო“ სუპრაქიაზმული ბირთვია, სადაც PER, TIME და CLOCK გენების აქტივაციით ხორციელდება ცირკადული და სეზონური რიტმების რეგულაცია. სუპრაქიაზმული ბირთვის უჯრედების მემბრანებზე ყველაზე მეტია მელატონინის და სეროტონინის რეცეპტორების სიმკვრივე. ჩვენი ყურადღება თავიდან მიიქცია მელატონინის სეკრეციის დათრგუნვამ ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულ პაციენტებში. კვლევათა ხანგრძლივი სერიებით გავარკვიეთ, რომ მელატონინის სეკრეციის დისრეგულაცია ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთი ბიოქიმიური მარკერია, ამავდროულად დავადგინეთ, რომ – რაც უფრო შორსწასულია ონკოლოგიური დაავადება (მიუხედავად მისი ქსოვილოვანი გენეზისა: სარკომა, კიბო, ლიმფომა, ლეიკემია, ავთვისებიანი გლიომა) მელატონინის სეკრეციის დაქვეითება თანაბარია და მკვეთრად ირღვევა ორგანიზმის ბიოლოგიური რიტმები, რაც მთელს ორგანიზმში აისახება ნივთიერებათა ცვლის მულტიფორმული დესინქრონოზით. ყველაფერი ეს, ონკოლოგიურ პაციენტებში, განაპირობებს კატაბოლური პროცესების სიჭარბეს და ორგანიზმის როგორც ერთიანი სისტემის შეუქცევადად ნგრევითი პროცესების ხელშეწყობას. ჩვენს მიერ გარკვეული იქნა პირდაპირი კორელაცია ორგანიზმში მელატონინის სეკრეციის დაქვეითებასა და ჯანმრთელი უჯრედების მემბრანებზე წყლის არხების რეცეპტორების პროგრესულ შემცირებაში. ასაკის მატებასთან ერთად, სისხლში მელატონინის კონცენტრაციის დაქვეითება, ხელს უწყობს პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში ინტრაცელულური წყლის დეფიციტის შექმნას და ასაკთან ასოცირებული ქრონიკული დაავადებების განვითარებას. ექსპერიმენტულ მოდელებში ჩვენს მიერ ნანახი იქნა ლიპოსომალური მელატონინის გენოპროტექტორული ეფექტები და აქვაფორინების (წყლის არხების) მაკოდირებელი გენების აქტივაციის შესაძლებლობები. ჩვენ მიერ ასევე გაირკვა, ონკოლოგიური პაციენტების ჯანმრთელ უჯრედებში წყლის არხების დეფიციტის შედეგად განვითარებული პათოფიზიოლოგიური ძვრები, კორექციის შესაძლო შედეგები და მექანიზმები. ცნობილია თავის ტვინის ქერქის უშუალო გავლენა მელატონინის სეკრეციაზე. ჩვენ მიერ ჩატარებული დაკვირვებებით ვნახეთ ცენტრალური ნერვული სისტემის უშუალო მონაწილეობა სიმსივნური დაავადების პათოგენეზში და ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია. რადგან მელატონინის სეკრეციის მარეგულირებელი სისტემა კომპლექსურია და მიჰყვება ცენტრალურ და აუტონომიურ გზებს, იქმნება პათოფიზიოლოგიური სიტუაცია, რის დროსაც მელატონინის სეკრეცია შესაძლოა დაირღვეს და ამ ცვლილებამ შესაძლოა გაზარდოს დაავადების მიმართ წინასწარი განწყობა, გააძლიეროს სიმპტომების სიმძიმე ან შეცვალოს ამ დარღვევის მიმდინარეობა და შედეგი“.
მოხსენების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მედიცინის დარგის ექსპერტებმა.