კიბერეთნოგრაფია ტრადიციების გადარჩენა: არსებობის გაგრძელება ვირტუალურ ველში
- ივნისი 29, 2022
მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პირმშომ – ინტერნეტის მსოფლიო ქსელმა – მანამდე საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ და, თვალის ერთი გადავლებით, სამუდამოდ დამყარებულ საზოგადოებრივ, სამეცნიერო, საინფორმაციო და სხვა კავშირებს აშკარად სხვა განზომილება შესძინა, რამაც კაცობრიობის შემეცნების ჰორიზონტი უსაზღვროდ გააფართოვა. ცხადია, განსაკუთრებით შთამბეჭდავია სამეცნიერო ურთიერთობების ძველი ფორმები, ახალი კვლევების შედეგების კოლეგებისადმი გაზიარების უწინდელი მეთოდები დღესდღეობითაც წარმატებით გამოიყენება, მაგრამ სწავლულთა ინტენსიური ურთიერთობების ის ვირტუალურ რეალობაში გადატანამ სამეცნიერო კონტაქტების შესაძლებლობა უაღრესად გაამდიდრა.
ეს, ასე ვთქვათ, ერთგვარი პრეამბულის სახით, ვინაიდან წინამდებარე მასალაში ლაპარაკი გვექნება დიდი ბრიტანეთის სამეფო ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ეგიდით გამართულ ერთ-ერთ ასეთ ვირტუალურ კონფერენციაზე ქართველი მეცნიერის, ცნობილი ეთნოგრაფის, წევრ-კორესპონდენტ ლია მელიქიშვილის მიერ წარდგენილ მოხსენებაზე “ანთროპოლოგიის, ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის საზოგადოების მომავალი”, ერთობ საგულისხმო მოხსენებაზე, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურ ყოფაში ახალი ტექნოლოგიების კალეიდოსკოპური სისწრაფით შემოჭრამ, ცივილიზებულ საზოგადოებაში უდიდესი ძვრები გამოიწვია, ინტერნეტმა როგორც ცალკეულ ადამიანებს, ასევე მათ ჯგუფებს შორის ჰორიზონტალური კავშირები გაცილებით ინტენსიური გახადა. შესაბამისად, წინა პლანზე თანდათანობით წამოიწია თანამედროვე ადამიანის თვითმყოფადობის სხვადასხვა ასპექტის დადგენის, მათი წარმოშობის ისტორიული პირობებისა და ცივილიზაციური ძვრებით გამოწვეული ცვლილებების შესწავლის აუცილებლობა.
თანამედროვე ეთნოგრაფიის კვლევის ახალი მეთოდის – კიბერეთნოგრაფიის არსის, მიღწეული შედეგებისა და დიდი ბრიტანეთის სამეფო ანთროპოლოგიური ინსტიტუტის მიერ ცოტა ხნის წინათ ჩატარებული ვირტუალური კონფერენციის შესახებ, წევრ-კორესპონდენტ ლია მელიქიშვილს ვესაუბრეთ.
– ქალბატონო ლია, რამდენადაც ვიცი, ლონდონის სამეფო ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მიერ ცოტა ხნის წინათ მოწყობილ ვირტუალურ კონფერენციაზე, ხუთ ათეულზე მეტ პანელს შორის, თქვენ და ინგლისში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, დოქტორი თამარ დრაგაძე, ცალკე, P53 პანელის ხელმძღვანელები ბრძანდებოდით, რომლის სახელწოდება “ტრადიციის კონცეფცია: მისი გადარჩენა, ტრანსფორმაცია და ვირტუალური სამყაროს განახლება” იყო. თუ შეიძლება, თავდაპირველად, ჯერ თანამედროვე ეთნოგრაფიის ახალი განხრის – კიბერეთნოგრაფიის შესახებ გვიამბეთ.
– კიბერეთნოგრაფია – ესაა ონლაინ-კვლევა, რომელიც თავისი კონკრეტული ვარიანტებით, შეიძლება ნაწილობრივ საველე ეთონოგრაფიული შესწავლის საველე მეთოდს გავუთანაბროთ. მისი გამოყენებით, ადვილად შეიძლება ინტერნეტ-სივრცეში არსებული სოციალური ურთიერთობების, ყოველდღიური ყოფისა და ცალკეული წეს-ჩვეულებებისა და ა.შ. გამოვლენა.
კიბერეთნოგორაფია ონლაინ-კვლევის კონკრეტული ვარიანტებით, ეთნოგრაფიულ მეთოდოლოგიასთანაა ადაპტირებული. სამეცნიერო კვლევის ეს ახალი მეთოდი, უფრო მართებული იქნება მას “ველი” ვუწოდოთ, იმდენად მრავალფეროვანი, მრავალწახნაგოვანი, მრავალგანფენილი, ზოგადად, ისეთი მოცულობითია, რომ მისდამი კანონიკური მიდგომა შეუძლებელია. ამდენად, ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამეცნიერო კვლევათა სფეროში ინტერნეტის სულ უფრო ფართოდ გამოყენებასთან ერთად, კიბერეთნოგრაფიამ კვლევის ტრადიციული მეთოდების ახალი კონტექსტით გააზრება გამოიწვია. ეთნოგრაფიული კვლევების ტრადიციული მეთოდების – თხრობისა და წერის დარად, ის ადამიანთა კულტურას ვიზუალური საშუალებებით წარმოგვიდგენს, საკუთარი თვალით მისი დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს.
კიბერეთნოგრაფიის მთავარი ნიშანი ის გახლავთ, რომ იგი გამორიცხავს საველე არეალის ერთ ლოკალიზებულ ადგილად აღქმას. ამ განმარტების უფრო თვალნათლივ წარმოსაჩენად ვიტყვი, რომ ტრადიციული ეთნოგრაფიული ექსპედიციის მუშაობის მეთოდით მასალის მოპოვებას ერთ კონკრეტულ ადგილზე გულისხმობს, ხოლო ეთნოგრაფიული ონლაინ-კვლევა მუშაობის წარმართვას უკვე, ასე ვთქვათ, უკიდეგანო სივრცეში იძლევა. მაგალითად, ქართული კულტურის ელემენტებზე ონლაინ-კვლევის მეთოდით მუშაობა შეიძლება როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ისეთ კუთხეებში, სადაც ისტორიულ გარემოებათა გამო, ქართული თემები საუკუნეების განმავლობაში არსებობს (მაგალითად, ფერეიდანში, საინგილოში, თურქეთში, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთში, სამაჩაბლოში. კიდევ უახლეს ისტორიულ პერიოდში უცხოეთის ქვეყნებში შექმნილ ქართულ დიასპორებში – საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში). მათ შესახებ ეთნოგრაფიული მონაცემების – კულტურული ცენტრების, რელიგიის, ენის, სოციალური ურთიერთობების, წეს-ჩვეულებებისა და ა.შ. – ახლა უკვე ოთახიდან გაუსვლელად, ერთი კომპიუტერის მეშვეობითაა შესაძლებელი, ვინაიდან ინტერნეტი ინფორმაციის უზომოდ დიდ ნაკადზე წვდომის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ეთნოგრაფი მკვლევარები აქტიურად ვართ ჩართულნი სხვადასხვა ინტერნეტ-ფორუმებში, ბლოგებში, სოციალური ქსელების საიტებში, ვაქვეყნებთ საკუთარ პუბლიკაციებს და ვეცნობით უცხოელი კოლეგების კვლევების შედეგებს, ვანვითარებთ საგულისხმო აუდიო და ვიდეომასალებს.
კიბერეთნოლოგიის საშუალებით ადვილადაა შესაძლებელი საზოგადოებაში რადიკალური ცვლილებების დადგენა. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ამის გაკეთება ტრადიციული მეთოდოლოგიის გამოყენებით, ანუ ამა თუ იმ ადგილზე ექსპედიციით ჩასვლით, სათანადო დაფინანსების, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესი სიმწირის პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ამდენად, კიბერეთნოლოგია მეცნიერული კვლევის საუკეთესო საშუალებაა.
– ვირტუალურ კონფერენციაზე სხვადასხვა პანელსა და ქვეპანელზე განხილულ საკითხებზე რას გვეტყვით? ყველაზე მეტად, ცხადია, ასე ვთქვათ, “ქართული პანელი P53” გვაინტერესებს.
– პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ როცა მე და ინგლისში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, დოქტორი თამარ დრაგაძე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიგვიწვიეს და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეგიდით ცალკე პანელით წარდგენა შემოგვთავაზეს, ჩვენთვის ეს ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რასაც ცხადია, სიხარულით დავთანხმდით.
ჩვენი, P53 პანელის სახელწოდებაა “ტრადიციის კონცეფცია: მისი გადარჩენა, ტრანსფორმაცია და სამყაროს განახლება”. გარდა ამისა, ვირტუალურ კონფერენციაზე განხილული იყო ორ ათეულამდე საკითხი, მათ შორის: მომავლის ხედვა: მეცნიერული და მხატვრული ფანტაზია; ეთიკა, კანონი და მმართველობა; ბიოტექნოლოგია: დნმ და რეპროდუქცია; ცნობიერება და მანქანა-ბიოლოგიური ინტერფეისი; მომავალი კონფლიქტები და სამხედროები; ეკონომიკა, ციფრული მომავალი და ღირებულების შექმნა; უთანასწორობა, სუვერენიტეტი და დემოგრაფია; კლიმატის ცვლილება და გარემო; სამეცნიერო ფანტასტიკა და მისი ადგილი მომავალ კვლევებში; აგრონომია და ეკოლოგია; ინფორმაცია, დემოკრატია და პოლიტიკა; რობორტები და სოციალიზმი, ასევე ადამიანის და მანქანის ურთიერთქმედება; ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის იდენტურობა; კოსმოსის კვლევა და უცხოპლანეტელთა მიგრაცია; დისციპლინური რეფლექსია; მომავლის განჭვრეტის ანთროპოლოგიური მცდელობები.
– შთამბეჭდავი და, ვიტყოდი, ფაქტობრივად, უკიდეგანო ნუსხაა! “ქართული P53 პანელი” რით გამოირჩეოდა თქვენ მიერ ჩამოთვლილი თემებისგან? რაში მდგომარეობს მისი შინაარსი?
– აუცილებელია ითქვას, რომ ამჟამად მეტად აქტუალურია იდენტობასთან დაკავშირებული საკითხები, რაც გაცილებით უფრო მკვეთრად იჩენს თავს სოციალურ ქსელებში, ვიდრე ეთნოგრაფიულ კვლევებში.
როგორც ცნობილია, იდენტობა – როგორც კონკრეტული ადამიანის, ისე ერთიანად საზოგადოების აუცილებელი მოთხოვნილებაა. ის დიდ როლს ასრულებს ადამიანის, როგორც კულტურის სუბიექტის ჩამოყალიბებაში. ეთნიკური იდენტობა პიროვნების სოციალური იდენტობის შემადგენელი ნაწილია და გარკვეულ ეთნიკურ გაერთიანებასთან მიკუთვნილებას გულისხმობს.
შეიძლება ითქვას, რომ სოციალურ ქსელში ამოქმედდა ეთნიკური მოძრაობა, რომელიც მიმართულია ქართული იდენტობის გამყარებაზე, რა მიზნითაც ქართული ენა და მასთან ერთად შრიფტია შერჩეული. ამასთან, დიდ წყრომას იწვევს რუსულ ენაზე ან რუსული შრიფტით წერა, რის საპირისპიროდ სოციალურ ქსელებში შექმნილია მრავალი ჯგუფი, მათ შორის “ქართული კალიგრაფია”, “წერე, ისაუბრე ქართულად”, “ისაუბრე ქართულად” და სხვ… ამ ჯგუფების მასალებში ხშირად შეხვდებით ე.წ. “მცირე ლექსიკონებს”, რომლებიც საზოგადოებაში აქტიურად ხმარებადი უცხოური ტერმინების თარგმანს წარმოადგენს. მაგალითად: დალაიქება – მოწონება; დაშეარება – გაზიარება; ვიზიტორი – სტუმარი; რელაქსაცია – დასვენება; სეილი – ფასდაკლება; სენსიტიური – მგრძნობიარე; სტაფი – თანამშრომელი; ლაიფხაკი – სასარგებლო რჩევა; ჰაპი – მთავარი; ნარატივი – თხრობა, განცხადება და სხვ.
ასევე ქვეყნდება გამოთქმისა და მართლწერის საკითხები. მაგალითად: ბოდიში(თ); კარგი(თ); გამარჯობა(თ) და სხვ.
ამრიგად, ენა აღიქმება როგორც მთავარი ეთნოგანმასხვავებელი ნიშანი და ეთნიკური ღირებულება.
ინტერნეტ-სივრცეში ეთნიკური იდენტობის წარმოდგენა ასევე გამოიხატება სოციალურ ქსელებში, ეთნიკურ და რელიგიურ დღესასწაულებში ხაზგასმული მონაწილეობით; ეთნიკურ კონტექსტში – ადგილობრივი გარემოს, ინფრასტრუქტურისა და მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტების, ხალხური ცეკვა-სიმღერის, სასაფლაოების, საყდრების, ადამიანების და ა.შ. ფოტოებისა და ვიდეოების ანუ მობილოგრაფიის (მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოების) საჯარო დემონსტრირებაში.
ადამიანი მიილტვის თავისი არსის შესაცნობად და ცდილობს საკუთარი თავი უშუალოდ რიტუალების სისტემის, სტერეოტიპების მეშვეობით გამოავლინოს. იგი თავს მუდამ გარკვეულ ჯგუფთან, ეთნოსთან აიგივებს, რომელიც ერთიან კულტურაშია გაერთიანებული.
თუმცა ზოგჯერ პირიქითაც ხდება: გლობალიზაციამ საქართველოში არაერთი ისეთი წეს-ჩვეულება შემოიტანა, რომლებიც ჩვენში მანამდე მიღებული არ იყო. მაგალითად, წმ. ვალენტინის დღე, ჰელოუინი და სხვ., რაც საპატრიარქოს, მიზეზთა გამო, მიუღებლად მიაჩნია. ეს მაგალითები ცხადად ავლენენ კულტურის ელემენტების უნარს პრაქტიკულად მოერგონ ვითარებას.
ამრიგად, ეთნიკური იდენტობით გადაიცემა ადამიანის ინდივიდუალობის იდეა, მისი დანარჩენებისგან განსხვავებულობა, თუმცა კი დაკვირვება აჩვენებს, რომ ბევრისთვის მათი ეთნიკური იდენტობის გამოხატვა ინტერნეტში ხდება არა მხოლოდ ყურადღების მისაპყრობად, არამედ საკუთარი თავის წარმოსაჩენად. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია სოციალურ ქსელებში ეთნიკური მოძრაობების აქტივისტებში, რომლებიც საკუთარი ეთნიკური წარმომავლობის ჩვენებას ყველა ხელმისაწვდომი ხერხით ცდილობენ.
– ქალბატონო ლია, თუ მიიღეს მონაწილეობა ვირტუალურ კონფერენციაში სხვა ქართველმა მკვლევარებმა?
– ჩვენი თანამემამულეებიდან კონფერენციაზე მეტად საგულისხმო მოხსენებები წარადგინეს საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის წევრმა, ქალბატონმა ნინო ღამბაშიძემ თემაზე – “წარსულსა და აწმყოს შორის”: ეთნოფსიქოლოგიური ასახვა ტრადიციაზე (მამის კომპლექსის მაგალითზე დანახული წარსულსა და აწმყოს შორის მოქცეული ტრადიცია)”; ბატონებმა თემურ ტუნაძემ (ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტი; აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო) და რუსლან ბარამიძემ (ნ. ბერძენიშვილის სახ. კვლევითი ინსტიტუტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. უნივერსიტეტი). მათი ნაშრომი ეხება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განვითარების ტენდენციებსა და ინოვაციურ მიდგომებს, თანამედროვე ვირტუალური სამყაროს, ციფრული ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების გამოყენებით. ქალბატონ ნათია ჯიბლაძისა (თსუ, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი) და ბატონი ლავრენტი ხანიაშვილის (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი) მოხსენების თემაა “სოციალური მედია, როგორც გადარჩენის საშუალება. შეწყვეტილი ქართულ-ოსური ტრადიცია (რაჭაში საჯვარეობის ფესტივალის შემთხვევა).
ასევე პანელს შემოუერთდნენ მეცნიერები ჩეხეთიდან, კატალონიიდან, ინდოეთიდან და სხვ.
დაბოლოს, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ეთნოკულტურული ელემენტების, მათი ისტორიისა და, ზოგადად, ეთნოგრაფიული პროცესების შესწავლაში, კიბერეთნოგრაფია სულ უფრო მეტად მკვიდრდება, როგორც სამეცნიერო კვლევის უაღრესად ხელსაყრელი მეთოდი. ეს გარემოება მისი, ფაქტობრივად, საყოველთაო ხელმისაწვდომობით, მასშტაბურობით, მასალის მოპოვების სიიოლით, ასევე, რაც მეტად მნიშვნელოვანია, მინიმალური ფინანსური ხარჯითაა განპირობებული, რაც მას უაღრესად კარგ პერსპექტივას უქადის.
ესაუბრა ოთარ ტურაბელიძე