ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა
- ივლისი 12, 2022
მიმდინარე წლის 6 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იყო თემა: „გრაკლიანის ისტორიის ორი ეტაპი – მოსაზრებები“ (მომხსენებელი – თსუ პროფესორი, არქეოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი). გრაკლიანი გორა, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, უშუალოდ ცენტრალურ ავტომაგისტრალთან მდებარეობს, საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს, რადგან აქ აღმოჩენილია საქართველოსა და კავკასიაში უძველესი წარწერა. იგი 3 000 წლისაა და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული კულტურის, არამედ, საზოგადოდ, დამწერლობის განვითარების ისტორიისთვის.
გრაკლიანი გორა არის მრავალფენიანი ძეგლი, რომელზეც დადასტურებულია 11 სხვადასხვა პერიოდის ნაშთი პალეოლითიდან (აქ არის დმანისის პერიოდის ნაშთები, 1 800 000 წლის) ვიდრე ადრექრისტიანულ ხანამდე (ახ.წ. IV-V საუკუნეები). ძეგლი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: სამაროვანი და ნამოსახლარი.
სამაროვანზე გათხრილია 360 სამარხი და მოიცავს პერიოდს ადრე ბრინჯაოს ხანიდან (ძვ.წ. IV ათასწლეული) ვიდრე ახ.წ. IV-V საუკუნეებამდე.
ნამოსახლარზე გამოვლენილია არქიტექტურული ნაშთები, რომლებიც ფუნქციურად სხვადასხვაგვარია (საცხოვრებელი, სამეურნეო, საკულტო, საწარმოო) და ძირითადად, განეკუთვნება ძვ.წ. II-I ათასწლეულებს. ისინი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ამ ხანის სამლოცველოში აღმოჩენილი წარწერების კონტექსტში. გრაკლიანი ერთადერთი ძეგლია, სადაც დადასტურდა უნიკალური ინტელექტუალური ინოვაცია – დამწერლობის შემოღება ძვ.წ. X საუკუნეში. ასევე, დადასტურდა კიდევ ერთი იშვიათი ინტელექტუალური სიახლე – წონის ადგილობრივი, უნიფიცირებული სისტემის შემოღება (363 გრამი). ამ აღმოჩენების მიხედვით, ეს ერთადერთი ძეგლია საქართველოში, სადაც შესაძლებელია ჩვენი ერის ინტელექტუალური განვითარების ისტორიის რეალური კვლევა ისეთ შორეულ წარსულში, როგორიც ადრეული რკინის ხანაა. ამ აღმოჩენებმა საქართველო დააყენა იმ დიდ ცივილიზაციათა გვერდით, რომელთაც თავისი განსაკუთრებული ადგილი აქვთ მსოფლიოს ინტელექტუალურ ისტორიაში.
გრაკლიანი, ერთადერთი არქეოლოგიური ძეგლია, სადაც ძვ.წ. V-IV საუკუნეების ხუროთმოძღვრული ანსამბლებია შემორჩენილი და სამარხებთან ერთად ისწავლება.
ჩვენი ქვეყნისა და დამწერლობის საერთო ისტორიისათვის, ამ უმნიშვნელოვანესი წარწერის დეშიფრირებისათვის, საჭიროა დამატებითი წარწერების აღმოჩენა, რისი რეალური შესაძლებლობაც არსებობს; საამისოდ ექსპედიციას ესაჭიროება მუდმივი და სრულ საველე სეზონზე გათვლილი დაფინანსება, რათა კონკრეტულ აღმოჩენებზე აქცენტირებული, კვლევითი სამუშაოები, ხანგრძლივ პერსპექტივაზე დაიგეგმოს.
გრაკლიანი გორის არქეოლოგიური კვლევისათვის, ექსპედიციის ინიციატივით, მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა „გრაკლიანის კვლევისა და გადარჩენის ფონდი“.
მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია; დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: გიორგი კვესიტაძემ, როინ მეტრეველმა, ინესა მერაბიშვილმა, ვალერი ასათიანმა, ავთანდილ არაბულმა. გადაწყდა, რომ მოხსენება აკადემიის ჟურნალ „მაცნეს“ მორიგ ნომერში დაიბეჭდოს.