საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა
- ივლისი 12, 2022
მიმდინარე წლის 7 ივლისს, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სპეციალური სხდომა, რომელზეც წარმოდგენილ იქნა წინადადებები შესწორებებისათვის საქართველოს კანონში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. სხდომაზე მოხსენება წარმოადგინა მთის კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა. საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა პოლიტიკოსებმა, აღნიშნული კანონის შემუშავებისა და მიღების აქტიურმა მონაწილეებმა, ბატონებმა ირაკლი ტრიპოლსკიმ და მირიან წიკლაურმა, საქართველოს პარლამენტის რეგიონალური განვითარების კომიტეტის აპარატის წარმომადგენლებმა, მთის კომისიის წევრებმა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა: კობა არაბულმა, ნოე ხოზრევანიძემ, ზელიმხან მაღრაძემ, დავით გალეგაშვილმა, ნოდარ ელიზბარაშვილმა, ნოდარ გრძელიშვილმა, მირონ ფირცხელანმა…
მოხსენებაში წარმოდგენილ იქნა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 6-წლიანი ფუნქციონირების თვალსაჩინო მონაცემები და მათი ანალიზი. ამ ანალიზის საფუძველზე „მთის კომისია“ აყენებს საკანონმდებლო წინადადებას, რომლის თანახმადაც შემოღებულ უნდა იქნეს დიფერენცირებული მიდგომა ჰიფსომეტრიული სიმაღლის მატების (ზონალური დიფერენცირების) გათვალისწინებით. ამ სწორებებს ახლავს რამდენიმე სხვა წინადადება, რომელთა გათვალისწინება უთუოდ განაპირობებს კანონის ქმედითობას მაღალმთიანეთის განვითარებისათვის.
საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიამ ეს წინადადებები განიხილა და დაამტკიცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის იმ მითითების შესაბამისად, რომელიც მან გამოთქვა ამა წლის 19 აპრილს საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე.
სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეცნიერებათა ეროვნული კადემიის საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის მიერ მომზადებული წინადადებები შესწორებებისათვის საქართველოს კანონში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ შემდგომი მსვლელობისათვის გადაეცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სხდომის მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონის შესწორებათა პროექტის საბოლოო მომზადებაში.