იოველ ქუთათელაძე – 135
- ოქტომბერი 31, 2022
გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ცნობილ ფარმაცევტს, საქართველოს მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს იოველ ქუთათელაძეს, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის: ფარმაცევტული განათლების, ფარმაკოქიმიის მეცნიერებისა და ქიმიურ-ფარმაცევტული მრეწველობის სფეროში, დაბადებიდან 135 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა აკადემიაში, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ჩატარებული ხსოვნის საღამო, რომელიც შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ გახსნა. იოველ ქუთათელაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ვრცელი მოხსენება წაიკითხა აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ; მოგონებებით და სიტყვით გამოვიდნენ, – აკადემიკოსები: რამაზ ხეცურიანი, გია ჯაფარიძე, ვლადიმერ ციციშვილი, რამაზ გახოკიძე და ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი ლაშა მსხილაძე.
იოველ ქუთათელაძე ახალგაზრდობიდან მოღვაწეობდა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში ფარმაციის დარგში; მან დისერტაცია 1915 წელს დაიცვა. ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ი. ქუთათელაძე კათედრის პროზექტორად აირჩია. 1913-1915 წლებში ლექციებს კითხულობდა სამედიცინო დების კურსებზე ფარმაციასა და ფარმაკოგნოზიაში.
1920 წელს, იოველ ქუთათელაძე ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის გამგედ დანიშნეს და პროფესორის წოდება მიანიჭეს. ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში პროფესორმა იოველ ქუთათელაძემ ყველა სამსახურებრივი თანამდებობა გაიარა, დიდი მიზანდასახული შრომა გასწია პედაგოგიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში. ღირსეული მადლობა, პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა, როგორც უზადო, უბადლო მეცნიერმა, პედაგოგმა, კეთილშობილმა, სანიმუშო პიროვნებამ.
ეს გარემოება არ გამორჩენია საქართველოს საზოგადოებას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილს, რომელმაც პროფესორი ი. ქუთათელაძე სამუშაოდ თბილისში მოიწვია.
პროფესორმა იოველ ქუთათელაძემ სიამოვნებით მიიღო ეს მოწვევა და იგი უკვე სახელმოხვეჭილი, ღრმად განათლებული, ფართო დიაპაზონის მქონე მეცნიერი დაბრუნდა. დაბრუნდა მტკიცე გადაწყვეტილებით თავისი გამოცდილება და ენერგია მშობლიური ერის სასარგებლოდ, ქართული მეცნიერებისათვის გამოეყენებინა, ჩვენს ქვეყანაში საფუძველი ჩაეყარა ახალი დარგის – წამალთა ქიმიისა და ტექნოლოგიისათვის.
საყოველთაოდ ცნობილია ის უდიდესი დამსახურება, რომელიც საქართველოს მეცნიერების წინაშე მიუძღვის აკადემიკოს იოველ ქუთათელაძეს. მან შემოიკრიბა მაღალკვალიფიციურ ექიმთა, პროვიზორთა, ინჟინერთა, ბოტანიკოსთა ძალები. დააყენა უმაღლესი ფარმაცევტული განათლების ორგანიზაციის საკითხი. უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დადგენილებით, გაიხსნა უმაღლესი ფარმაცევტული სასწავლებელი – ქიმიურ-ფარმაცევტული განყოფილების სახელწოდებით, შეიქმნა სახელმძღვანელოები.
1924 წელს განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზურ და სასამართლო ქიმიის კათედრებს, ხოლო აკადემიკოს პეტრე მელიქიშვილის გარდაცვალების შემდეგ ბიოქიმიის კათედრასაც.
იოველ ქუთათელაძემ შეიმუშავა ფარმაცევტული განათლების საფუძვლები, ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის მიზნები და ამოცანები, შეადგინა სასწავლო პროგრამები, გააშუქა პედაგოგთა მოვალეობა. თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის მანძილზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის განათლების საქმეში.
პროფესორმა ქუთათელაძემ თავის კოლეგებთან ერთად ფართო მეცნიერული მოღვაწეობა გაშალა და უკვე 11 წლის შემდეგ კვლევები იმ დონემდე აიყვანა, რომ შესაძლებელი გახდა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსება. 1932 წლის 5 მაისს გაიხსნა თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი. ი. ქუთათელაძის გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს მისი დამაარსებლის და შეუცვლელი დირექტორის სახელი მიენიჭა.
ასე ჩაეყარა საფუძველი საქართველოში ფარმაკოქიმიურ მეცნიერებას.
პროფესორმა იოველ ქუთათელაძემ ინოვაციური საკითხები გადაწყვიტა – შექმნა ახალი ოცამდე სამკურნალო ფორმა. ინსტიტუტის მცირერიცხოვანმა კოლექტივმა მოკლე დროში ადგილობრივი ნედლეულიდან 50-მდე სამკურნალო პრეპარატი შეიმუშავა, რომლებიც სხვადასხვა დროს იხმარებოდა მედიცინაში. მათი წარმოებისათვის აუცილებელი იყო ქიმიურ-ფარმაცევტული წარმოების ორგანიზაცია. პროფესორმა ქუთათელაძემ საქართველოში სამედიცინო მრეწველობის განვითარების აუცილებლობის საკითხი დააყენა, კამოს ქუჩაზე გაიხსნა ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა.
1936 წელს, სახალხო კომისართა საბჭოს სხდომაზე მოისმინეს პროფესორ ქუთათელაძის მოხსენება „ფარმაკოქიმიური ინსტიტუტის მუშაობის შედეგებისა და ქიმიურ-ფარმაცევტული მრეწველობის მდგომარეობის შესახებ“. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა ფარმაკოქიმიური მრეწველობის სპეციალური სამმართველო. მეცნიერ-კონსულტანტად პროფესორი იოველ ქუთათელაძე დაინიშნა.
აკადემიკოსი ი. ქუთათელაძე აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იყო მრავალი სამეცნიერო და საწარმოო დაწესებულების მეცნიერ-კონსულტანტი, საკავშირო ფარმაკოპეის მე-8 გამოცემის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და აქტიური მონაწილე; 1946 წლიდან იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაკოლოგიური კომისიის თავმჯდომარე.
1951 წელს ჩამოაყალიბა საქართველოს ფარმაცევტთა მეცნიერული საზოგადოება და მუდამ უწევდა მას ხელმძღვანელობას.
პროფესორ იოველ ქუთათელაძეს 1941 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. 1944 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წელს – აკადემიკოსად. დაჯილდოებული იყო ლენინის და შრომის წითელი დროშის ორდენებით, მედლებით და საპატიო სიგელებით.
აკადემიკოსი იოველ ქუთათელაძე გარდაიცვალა 1963 წლის 15 დეკემბერს, როგორც უბადლო და უზადო მეცნიერი და პიროვნება, ფარმაცევტული მეცნიერების ეპოქის შემქმნელი. მეცნიერების ქურუმი. მის მიერ გატარებული ხნული ღრმად ატყვია ჩვენს მეცნიერებას, მის მოღვაწეობას მუდამ ექნება აღიარება და პატივისცემა.