ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა
- ოქტომბერი 31, 2022
2022 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის“ მორიგი სხდომა; მოხსენებით, „საუნივერსიტეტო განათლება და ეროვნული პოლიტიკა სამცხე-ჯავახეთში“, გამოვიდა ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორი მერაბ ბერიძე.
მომხსენებელმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა 1990 წელს სამცხე-ჯავახეთში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის გახსნას, რამაც დასაბამი მისცა სამხრეთ საქართველოში, ახალციხესა და ახალქალაქში საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარებას.
აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებული მოვლენა იყო რეგიონის ახალგაზრდობისათვის, რომლებსაც განათლების მისაღებად აღარ უწევდათ მშობლიური კერის მიტოვება. უნივერსიტეტმა მოამზადა სხვადასხვა დარგის ბევრი კვალიფიციური სპეციალისტი, რომლებიც წარმატებით დასაქმდნენ რეგიონის სხვადასხვა დაწესებულებაში, განსაკუთრებით, განათლების სისტემასა და კომპიუტერულ მომსახურებაში.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი ღირებულებაა „ეროვნულობა“; სხვაგვარად წარმოუდგენელია უნივერსიტეტი ახალციხესა და ახალქალაქში. აქ ენობრივი პოლიტიკის ყველაზე სერიოზული შემსრულებლები და გამტარებლები სწორედ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან. მათი დამსახურებაა, რომ ჯავახეთში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია სახელმწიფო ენაზე საუბრობს, რაც ადრე წარმოუდგენლად ითვლებოდა. დიდია არაქართულ სკოლადამთავრებულთა კონკურსი უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტს არ ჰყავს პროგრამირების სპეციალისტები, ასევე, უკიდურესად დეფიციტურია რეგიონში კადრები სამშენებლო, საინჟინრო, ენერგეტიკულ, სამედიცინო და სხვა დარგებში.
ნებისმიერი სირთულისა და განსხვავებული აზრის მიუხედავად, ტრადიციად იქცა თურქ მეცნიერებთან ერთობლივი საერთაშორისო სემინარებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება ისტორიაში, დიალექტიკასა და ონომასტიკაში. ასევე, გრძელდება ამავე პრობლემებზე სომხურ სამეცნიერო საზოგადოებასთან ურთიერთობა, რამაც საფუძველი მოამზადა სადოქტორო პროგრამების განხორციელებისათვის ქართულ ფილოლოგიაში, საქართველოს ისტორიასა და ეთნოლოგიაში, ასტრონომიაში, ვეტერინარიაში, ინფორმატიკაში, აგრონომიასა და ეკონომიკაში; შეიქმნა საუნივერსიტეტო ინტელიგენცია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებით.