პროფესორ ლევან გიგინეიშვილის მოხსენება
- ნოემბერი 12, 2022
2022 წლის 3 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმმა მოისმინა პროფესორ ლევან გიგინეიშვილის მოხსენება – „იოანე პეტრიწის დიალექტიკური მეთოდი და თანადროული ინტელექტუალურ-რელიგიური პროცესები ბიზანტიაში“ .
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ, – „იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში დიალექტიკას გადამწყვეტი როლი უკავია, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ იოანე პეტრიწისთვის დიალექტიკა განსაზღვრავს ფილოსოფიას. დიალექტიკა, რომელიც ეფუძნება სილოგისტიკის (პეტრიწის ენით „თანშესიტყვის“) იძულებას, ანუ ჭეშმარიტი მსჯელობის იძულებას, არის სამყაროს შეცნობის გზა, გარკვეული მოგზაურობა ხილულიდან უხილავისკენ. დიალექტიკის უნარი არის ადამიანის თანდაყოლილი, ღვთის მიერ მინიჭებული უნარი და მას პეტრიწი ჩვენში არსებულ „ჰერმესს“ – ჰერმენევტიკულ პრინციპს – უწოდებს. პეტრიწისთვის ეს პრინციპი არის ჭეშმარიტების კრიტერიუმიც და მისით უნდა ხდებოდეს ყველა რეალიის, მათ შორის, წმინდა წერილის რეალიის განხილვაც. ეს პეტრიწის მოღვაწეობის პერიოდში ცხადია პრობლემატური რამ იყო, ვინაიდან ოფიციალური ეკლესიის წევრებს შეიძლება ამაში დაენახათ დოგმატური, ოფიციალური სწავლებების საპირისპირო აზრების დაბადების საფრთხე. პეტრიწი ამ წრეების მხრიდან შევიწროვებაზე საუბრობს თავის ე.წ. „ეპილოგში“.
დიალექტიკისადმი მსგავსი დამოკიდებულება გვხვდება პეტრიწის დაახლოვებით თანამედროვე ბიზანტიელ მოაზროვნეებთან, მიქაელ პსელოსთან და იოანე იტალოსთან. პსელოსი იყო პირველი რექტორი კონსტანტინეპოლის საიმპერატორო სასახლესთან არსებული ფილოსოფიური სკოლის, იტალოსი კი ამავე სკოლის მეორე რექტორი. იტალოსის რექტორობის დროს, იმპერატორმა ალექსი კომნენმა საჭიროდ ჩათვალა ამ სკოლის დახურვა, რადგან მის, ამ სამხედრო იმპერატორის, პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი იყო ეკლესიურ-სარწმუნოებრივი ერთიანობა და ფილოსოფიური სკოლა, სადაც თავისუფალი მსჯელობის შეუზღუდავი სივრცე ქმნიდა არასტანდარტული და არადოგმატური იდეების გენერირებას, მის ამ დღის წესრიგში არ ჯდებოდა. იტალოსის წინააღმდეგ ჩატარებული კრებები სინამდვილეში არა იტალოსის რელიგიურ-დოგმატურ აზრებს, არამედ მის დიალექტიკურ მეთოდს უპირისპირდებოდნენ. სკოლის დახურვის შემდეგ ბიზანტიაში ფილოსოფიის შესწავლის ოფიციალურად სანქცირებული სივრცე მოისპო და „ფილოსოფიის სკოლა“ უკვე მხოლოდ სასულიერო პირების მომზადების ინსტიტუციად იქცა.
ფილოსოფიის და განსაკუთრებით კი ნეოპლატონიზმისადმი ინტერესი ბიზანტიაში არ განელებულა, მაგრამ ეს მკაცრ ცენზურას ექვემდებარებოდა. ნიკოლოზ მეთონელის ტრაქტატი პროკლეს „ღვთისმეტყველების საფუძვლების განქიქება“ ამის ცხადი მაგალითია. ამავე ეპოქაში პეტრიწის მიერ ამ ტრაქტატის განმარტება სულ სხვა, საპირისპირო ხასიათს ატარებს, ვინაიდან პეტრიწი პროკლეს დიალექტიკაში ხედავს არა საფრთხეს ქრისტიანობისთის, არამედ პირიქით, გზას უხილავი სამყაროს სიღრმეებისკენ, რაც თავის მხრივ საშუალებას იძლევა ბიბლიური გადმოცემებისთვის სწორედ ამ მეტაფიზიკური სიღრმეების მინიჭებისთვის“.
სხდომის სადსასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: გიორგი კვესიტაძემ, როინ მეტრეველმა, ინესა მერაბიშვილმა, ვალერი ასათიანმა, მინდია უგრეხელიძემ, ელიზბარ ჯაველიძემ.