ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ნოემბერი 12, 2022
2022 წლის 04 ნოემბერს ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომაზე მოსმენილ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსისა და აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ელგუჯა შაფაქიძის მოხსენება: „საქართველოს მეაბრეშუმეობისათვის ინოვაციური ტექნოლოგიების დამუშავება“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელი მეაბრეშუმეობის აღდგენა-განვითარების პროცესი სიძნელეებს განიცდის, რაც გამოწვეულია ამ დარგში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების მხრივ ჩამორჩენით, ეს ძირითადად განპირობებულია იმ მანქანებისა და მექანიზმების შექმნის სირთულით, რომლებიც საჭიროა თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვებისათვის.
მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების სიმცირის გამო აბრეშუმის პარკის წარმოება მეტად შრომატევადი პროცესია, მაგალითად, 100 კგ აბრეშუმის პარკის მისაღებად საჭიროა 700-მდე კაც-საათი. ამ დანახარჯებიდან დაახლოებით 15% მოდის საკვების დამზადებასა და ტრანსპორტირებაზე, 20%-მდე – საკვების მომზადებაზე (ღეროებიდან ფოთლების გაცლა, დაჭრა და დაქუცმაცება), 60%-მდე – თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვებაზე და დაახლოებით 10% – პარკის ჩამოკრეფაზე, დახარისხებასა და გაწმენდაზე. როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, საკვების დამზადებასა და მომზადებაზე საკმარისად დიდი დანახარჯებია და ამდენად, ამ ტექნოლოგიური პროცესის მექანიზაციის საკითხები მეტად აქტუალურია.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერთა მიერ ჩატარებულია სამუშაოები, რომელთა შედეგები დაცულია საავტორო მოწმობებით და საქართველოს პატენტებით გამოგონებებზე, დამზადებულია თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვები დანადგარების, მ.შ. დოზატორის, საკვების დარიგებისა და ნაძირის გამოცვლის, ასევე აბრეშუმის პარკის ნაპერტყულისაგან გამწმენდი და ძაფის ამოსახვევი მოწყობილობების ექსპერიმენტული ნიმუშები.
მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: გიორგი კვესიტაძემ, როინ მეტრეველმა, რამაზ ხუროძემ, ვლადიმერ ციციშვილმა და რამაზ ხეცურიანმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა გივი ჯაფარიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა ომარ კაჭარავამ, საპატრიარქოს პროფესიული სწავლების ცენტრის წარმომადგენელმა კახაბერ ვარდუკაძემ, პროფესორმა ნოდარ ებანოიძემ, დოქტორებმა ნარგიზ ბარამიძემ, ირაკლი გუჯაბიძემ და პეტრე ბერაიამ, რომლებმაც დადებითად შეაფასეს მომხსენებლისა და მისი ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევები და გაწეული მუშაობა, ხაზი გაუსვეს საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებასთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური, აგრეთვე ეკოლოგიური, ეთიკისა და დემოგრაფიული ფაქტორების კომპლექსური მეცნიერული ანალიზის ჩატარების აუცილებლობას, რომლის შედეგები აისახება საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ წინადადებებში.