ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- დეკემბერი 28, 2022
2022 წლის 20 დეკემბერს ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომაზე განხილულ იქნა სტუ-ს ი. ჟორდანიას სახ. საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის, ეკონომიკის დოქტორ ნოდარ გრძელიშვილისა და ამავე ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის, ქიმიის დოქტორ ლაურა კვარაცხელიას მოხსენება თემაზე: „ბუნებრივი რეკრეაციული რესურსების შეფასების მნიშვნელობა ქვეყნის ეკოლოგიურ-ეკონომიკურ განვითარებაში“.
მომხსენებელმა ნ. გრძელიშვილმა აღნიშნა, რომ განვითარების თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის რესურსული პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანათა ჰარმონიული გადაწყვეტის კონტექსტში.
საქართველოს გეოგრაფიულ-ბუნებრივი თავისებურება იძლევა სხვადასხვა კრიტერიუმებით კურორტების უნიკალური კლასიფიკაციის საფუძველს. ქვეყნის საკურორტო დარგის ძლიერ მხარეებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებრივი სამკურნალო-რეკრეაციული რესურსების არსებობა. რეგიონებში უძველესი კულტურის ძეგლებისა და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების სიმრავლე განაპირობებს საქართველოს საკურორტო-ტურისტულ სპეციალიზაციას. ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების პოტენციურ შესაძლებლობებსა და მათი გამოყენების დონეს შორის არსებობს სერიოზული დისპროპორცია – განსაკუთრებით დაბალია მთიანი რაიონების რესურსების გამოყენების დონე, დასახვეწია მარეგულირებელი კანონმდებლობა.
მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბუნებრივ–რესურსული პოტენციალის განსაზღვრა, მისი ტერიტორიული შეთანწყობის ეკონომიკური ეფექტიანობის საკითხების გამოვლენა და სოციალურ–ეკონომიკურ კომპლექსში მისი დაბალანსებული გამოყენების პრობლემების განზოგადება. მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის სათანადო პირობების შექმნა და ქვეყნისა და რეგიონების დაბალანსებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოში ბუნებრივი რეკრეაციული რესურსების მართვის სწორად დაგეგმვისთვის აუცილებელია არსებული რესურსების კომპლექსური შეფასება, რაც შესაძლებელს გახდის უფრო სრულად იქნეს გათვალისწინებული როგორც ბუნებრივი, ასევე ისტორიულ-კულტურული პოტენციალი, საერთოდ, ქვეყნის და რეგიონების ტურისტული საქმიანობის არსებული შესაძლებლობანი. იგი ხელს შეუწყობს ეკოლოგიური, აგრო, რელიგიური და ტურიზმის სხვა მიმართულებების განვითარებას და გარკვეულწილად უზრუნველყოფს ქვეყნის და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ ზრდას.
რეკრეაციული რესურსების ჩართვა სამეურნეო ბრუნვაში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეკონომიკის მდგრადი განვითარების პრინციპებს, კონკურენტუნარიანი სერვისების წარმოება – მიწოდება არ უნდა ხდებოდეს გარემოს დაბინძურების ხარჯზე. ამისათვის კი საჭიროა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება. ტურიზმის განვითარების რეგიონული და მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამების ღონისძიებების მეცნიერული დასაბუთება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოსაზიდად მიმზიდველი რეგიონების გამოვლენას, შესაძლებელს გახდის ფინანსური საშუალებების რაციონალურ და ეფექტიან ხარჯვას, რეკრეაციული რესურსების სწორი მართვა განაპირობებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას.
ბუნებრივი რეკრეაციული რესურსების კომპლექსური შეფასების მეთოდიკა შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვადასხვა რეგიონის არათანაბარი ტურისტული პოტენციალის ანალიზისთვის, იმ კრიტერიუმებისა და პარამეტრების გათვალისწინებით, რომლებიც განპირობებულია რეგიონების ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებით.
მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: გიორგი კვესიტაძემ, როინ მეტრეველმა, რამაზ ხუროძემ, რამაზ ხეცურიანმა და ავთანდილ არაბულმა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ალექსანდრე დიდებულიძემ, პროფესორებმა – საქართველოს საპატრიარქოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ცუხიშვილმა (მონაზონი იოანე), ლალი ღოღელიანმა, არჩილ მაღალაშვილმა, კობა ძიძიკაშვილმა და ზურაბ ლომსაძემ, წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა აბომ (ჩაჩუა), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო გვენცაძემ, რომლებმაც დადებითად შეაფასეს მომხსენებლების მიერ ჩატარებული კვლევები და გაწეული მუშაობა. გამოითქვა მოსაზრება, რომ წერილი მოხსენებაში აღნიშნულ საკითხებზე გაეგზავნოს საქართველოს მთავრობას.