საერთაშორისო სიმპოზიუმი – „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“
- თებერვალი 17, 2023
2023 წლის 16 და 17 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონ ივერიაში“ ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი – „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“, რომელიც მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავს. სიმპოზიუმი შესავალი სიტყვით გახსნა და საპატიო სტუმრებს მიესალმა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. საპატრიარქო ტახრის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პატრიარქ ილია II-ის მიმართვა. თავად პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ვრცელი მოხსენება გააკეთა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. ამის შემდეგ სიტყვა დაეთმო სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს აშოტ საგიანსა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ავსტრიელ ელმარ კუნს.
სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელ, საპატიო სტუმართა გამოსვლებიდან ნათელი გახდა, რომ სიმპოზიუმის მიზანი და ამოცანაა განათლების, კულტურისა და სამართლის სფეროში დაპირისპირებული პოზიციების დაახლოებისა და შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის გზების გამონახვა. ამგვარი სამეცნიერო საქმიანობა უდაოდ შეუწყობს ხელს განსხვავებულ მსოფლმხედველობათა შორის დიალოგს, სამოქალაქო მშვიდობის განმტკიცებასა და საზოგადოებრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
სიმპოზიუმის მიმდინარეობისას, ჩვენთან საუბარში აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ აღნიშნა: „ყველა ერის ისტორიაში დგება მომენტი, როდესაც გარკვეულმა პირმა ლიდერობა თავის თავზე უნდა აიღოს. დღეს საქართველოში მარტივი ვითარება არ არის. სწორედ ამ დროს, საქართველოს გამოუჩნდა ისეთი შვილი, როგორიც ჩვენი პატრიარქია, რომელიც სათავეში ჩაუდგა, დააწყნარა და განვითარების სწორი გზა აურჩია ერს. დიდი მადლობა ჩვენს პატრიარქს, ღმერთმა გვიცოცხლოს და გვიბედნიეროს“.