წიგნის „საქმიანი საქართველოს დაბადება (1801-1921 წწ.)“ წარდგინება
- მარტი 15, 2023
მიმდინარე წლის 14 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ისტორიკოსების: ოთარ ჯანელიძისა და ალექსანდრე დაუშვილის წიგნის – „საქმიანი საქართველო (1801-1921 წწ.)“ წარდგინება. ღონისძიება ორგანიზებული იყო აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის მიერ. წიგნის რედაქტორია – სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი.
კაპიტალისტური წარმოების წესი ქართულ სინამდვილეში ძნელად, წინააღმდეგობების დაძლევის გზით შემოდიოდა და იმკვიდრებდა ადგილს. კაპიტალისტურ ურთიერთობებს თანდათან ქართველი დამცველებიც მოუმრავლდნენ და გამოუჩნდნენ; ესენი იყვნენ: ნიკო ნიკოლაძე, რომანოზ ფანცხავა (ხომლელი), გიორგი მაიაშვილი-ზდანოვიჩი, ანტონ ფურცელაძე და სხვ; რომლებიც თანამემამულეებს უხსნიდნენ, განუმარტავდნენ და უჩვენებდნენ კაპიტალისტური ცხოვრების უპირატესობას.
წინამდებარე ნაშრომში ნაჩვენებია საქართველოში კაპიტალიზმის გენეზისის რთული და წინააღმდეგობრივი გზა. წიგნში კაპიტალიზმი წარმოჩინდება თავისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლებით, შუქ-ჩრდილებითა და მრავალმხრივობით: ფორმებითა და კომპანიებით; საქმიანი გარიგებებით, სააქციო საზოგადოებებით, ინვესტიციებით, საფონდო ბირჟებით, კონკურენციით, კონფლიქტებით, გამდიდრებითა და გაკოტრებით, განხორციელებული თუ ვერშემდგარი პროექტებით, სოციალური უსამართლობით, კლასობრივი ბრძოლით… ყველაფერი ეს ნაჩვენებია იმდროინდელი მსოფლიოს განვითარების ფონზე, რუსეთის იმპერიაში მიმდინარე საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური სინამდვილის გათვალისწინებით.
ნაშრომში ასევე შესწავლილია საქართველოს მოსახლეობის პოპულაცია, დემოგრაფიული პრობლემები, ეთნიკური და კლასობრივი შემადგენლობა.
შესწავლილია რუსეთის იმპერიის ეკონომიკური მახასიათებლები და ქართული სინამდვილე: სახელმწიფოს ბიუჯეტი და ფულის მიმოქცევა, ფასიანი ქაღალდები, საბაჟო შემოსავლები, შემნახველი სალაროების ქსელის საქმიანობა, საფონდო ბირჟები, საკუთრების ფორმები, მათი დინამიკა და ა. შ.
არსებული საარქივო მასალის შესწავლის საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ საქართველოში კაპიტალიზმის გენეზისის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ 1861 წლის შემდგომი პერიოდი, როდესაც შეიქმნა გარკვეული პირობები საქართველოში ბურჟუაზიისა და პროლეტარიატის, როგორც კლასების ფორმირებისათვის, თუმცა, ბოლომდე არასრულყოფილი, რადგან კვლავ არსებობდა ფეოდალთა კლასი, გლეხობის დროებითი ვალდებულებები და ა. შ.
წიგნი დასტამბულია გამომცემლობა – შპს „ალტერნატიული მედია საშუალების“ მიერ.