ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- მარტი 22, 2023
ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის 2023 წლის 17 მარტის სხდომაზე მოხსენებით: „მცენარეთა მავნებელი მწერები და მათი რიცხოვნობის ბუნებრივი მტრებით რეგულაცია“, გამოვიდა ბიოლოგიის დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ენტომოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ჯაფოშვილი.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მავნებელი მწერები დიდ ზიანს აყენებენ როგორც სასოფლო-სამეურნეო და სატყეო კულტურებს, ასევე დეკორატიულ მცენარეებს ურბანულ გარემოში. შესაბამისად, მათი რიცხოვნობის რეგულაცია, ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი კვლევები ამ მიმართულებით თითქმის 3 ათწლეულს მოიცავს. შესწავლილია სოფლის მეურნეობისა და ტყის მავნებლების ათამდე სახეობა, დადგენილია მათი რიცხოვნობის რეგულაციის მექანიზმები. მათ შორისაა: ქლიავის დიდი ცრუფარიანა, ყავისფერი ცრუფარიანა, იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანა, წიფლის ბოჭკოვანა, ცუგას მავნებელი ფარიანები და Halyomorpha halys (Stal). გამოვლენილია მრავალი ბუნებრივი მტერი, პარაზიტული სიფრიფანაფრთიანები. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი გვარის წარმომადგენლები: Coccophagus, Coccobius, Aphelinus, Encarsia, Microterys, Copidosoma, Blastothrix, Psyllaephagus, Discodes, Anagyrus, Ooencyrtus და Leptomastix. აღწერილია მეცნიერებისათვის ახალი 70-ზე მეტი სახეობა, რომელთაგან უმრავლესობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მავნებელთა რიცხოვნობის რეგულაციაში. გარდა ამისა საქართველოში რეგისტრირებულია ისეთი სახეობები, რომლებიც შესაძლოა ეფექტიანად იყვნენ გამოყენებული სხვადასხვა მავნებლის რიცხოვნობის რეგულაციაში. კერძოდ, იაპონური ცვლისებრი ცრუფარიანა – Ceroplastes japonicus წინააღმდეგ – Microterys clauseni; ქლიავის ცრუფარიანას – Sphaerolecanium prunastri წინააღმდეგ – Discodes coccophagus, Coccophagus spartanus; ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანას – Planacoccus ficus წინააღმდეგ Leptomastix dactylopii; ყავისფერი ცრუფარიანას – Parthenolecanium corni წინააღმდეგ – Blastothrix longipennis; სხვადასხვა ფრათეთრებია და ნამდვილი ფარიანების წინააღმდეგ სათბურებში, სხვადასხვა სახეობის Encarsia-ები; ე.წ. აზიური ფაროსანას – Halyomorpha halys წინააღმდეგ – Ooencyrtus telenomicida და Trissolcus-ის სახეობები. შედგენილია სარკვევები Coccobius-ი, Aphelinus-ი, Microterys-ი, Copidosoma გვარებისათვის. ყველა ეს შედეგი გამოქვეყნებულია უცხოურ, იმფაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში.
XX საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოში არ ხდება მავნებელთა ბუნებრივი მტრების გამრავლება. მაშინ, როდესაც მრავალ განვითარებულ ქვეყანაში ეს მეთოდი ფართოდაა დანერგილი. ჩვენ მიერ მიღებული შედეგები უნდა გახდეს საფუძველი საქართველოში, ამ მიმართულების ფართოდ დანერგვისა და პოპულარიზაციისათვის. ჩატარებული კვლევების შედეგად საქართველოს ფაუნის სახეობათა რაოდენობა გაიზარდა 1100-ზე მეტი სახეობით, საიდანაც პარაზიტულ სიფრიფანაფრთიანებზე მოდის 800-ზე მეტი სახეობა. შედეგები ასევე გამოქვეყნებულია წამყვან გამოცემებში.
მომხსენებელმა ამომწურავი პასუხი გასცა დამსწრეთა შეკითხვებს.
მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: სხდომის თავმჯდომარე, პროფესორი გივი აბდუშელიშვილი, აკადემიკოსები რამაზ ქაცარავა, რამაზ ხეცურიანი, ავთანდილ კორახაშვილი, გივი გავარდაშვილი, რევაზ გაჩეჩილაძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალექსანდრე დიდებულიძე, პროფესორები: გია არაბიძე და გელა ყიფიანი, რომლებმაც დადებითად შეაფასეს მოხსენება. მოხსენებასა და დისკუსიაში გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, სხდომამ დაამტკიცა შემდეგი რეკომენდაციები:
- აღინიშნოს, რომ მცენარეთა მავნებელი მწერების ბუნებრივი მტრების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სოფლის მეურნეობისათვის;
- იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეფექტიანად მუშაობენ მავნებელი მწერების ბუნებრივი მტრების მწარმოებელი ობიექტები, მიზანშეწონილად ჩაითვალოს ასეთი საწარმოს საქართველოში შექმნის სახელმწიფო მხარდაჭერა;
- სახეობრივი მრავალფეროვნების კვლევისას ტრადიციულ მორფოლოგიურ ტაქსონომიის მეთოდებთან ერთად აუცილებელია, თანამედროვე მოლეკულური ტაქსონომიის მეთოდების ინტეგრირება, რისთვისაც პირველ რიგში უნდა მოხდეს შესაბამისი კადრების მომზადება.