საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ბიოდიზელის მიღება და პერსპექტივები
- მარტი 28, 2023
მიმდინარე წლის 23 მარტს აკადემიაში ჩატარდა ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების სხდომა, სადაც მოხსენებით – „საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ბიოდიზელის მიღება და პერსპექტივები“ – გამოვიდნენ: თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ნათელა ხეცურიანი და კახა ქარჩხაძე.
ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ნახშირწყალბადოვანი წარმოშობის ენერგომატარებლების დაზოგვითი ტექნოლოგიების განვითარების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი – ენერგიის არატრადიციული განახლებადი წყაროების გამოყენებაა. ენერგიის განახლებადი წყაროებიდან – რაფსის (შალგი) და მეორადი საკვები ზეთების გამოყენებით შესაძლებელია ბიოდიზელის საწვავის წარმოება, რაც დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე და გაზრდის მის ენერგოდამოუკიდებლობას.
ბიოდიზელის, როგორც ალტერნატიული, განახლებადი, ეკო-მეგობრული საწვავის წარმოების დაწყება ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც თითქმის მთლიანად იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე არის დამოკიდებული. ბიოდიზელს კი წარმატებით შეუძლია შეცვალოს ნავთობდიზელი დიზელის ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებებში, ძრავის მოდიფიკაციის გარეშე.
შესწავლილია ენერგიის განახლებადი წყაროებიდან ბიოდიზელის წარმოების შესაძლებლობა საქართველოში. ნედლეულად გამოყენებულია მცენარე რაფსის (Brassica napus) ზეთის და კვების მრეწველობის ობიექტების მოხმარებული (მეორადი) საკვები ზეთები. ეთერიფიკაციის რეაქციით (სინთეზით) მიღებულია სუფთა ბიოდიზელის საწვავი B100 და ბიო გლიცერინი. მიღებული და დამზადებულია საცდელი ნიმუშები. შესწავლილია ბიოდიზელის B100-ის და ბიოდიზელის და ნავთობდიზელის ნარევების (B5, B10 და B20) ფიზიკურ-ქიმიური და ტექნოლოგიური მახასიათებლები.
ბიოსაწვავების ინდივიდუალური ნახშირწყალბადები შესწავლილია გაზური ქრომატოგრაფიის საშუალებით, ხოლო ფუნქციონალური ჯგუფები – ინფრაწითელი სპექტრომეტრით. ჩატარებული ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ B5, B100 და B20-ის ბიოსაწვავების და ნავთობდიზელის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები EN 14214, ASTM D6751 და EN 590 სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისია.
დამზადდა რამდენიმე ტონა ბიოსაწვავი, ჩატარდა ბიოსაწვავის ფიზიკურ-ქიმიური და სპექტრალური ანალიზი, განხორციელდა ბიოსაწვავის პარამეტრების ოპტიმიზაცია საერთაშორიო სატანდარტების მოთხოვნების შესაბამისად და შემუშავებულ იქნა მისი კომერციალიზაციის პროექტი, რომლის საფუძველზეც 2018 წლის ივლისში საქართველოში და მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში გაიხსნა პირველი ბიოდიზელის ქარხანა შპს “ბიოდიზელი ჯორჯია” www.biodiesel.ge საწარმოში დასაქმებული 25 ადამიანი, მის ლოჯისტიკურ ქსელში კი 20 ადამიანი, ასე რომ ამ საწარმომ 45 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.
“ბიოდიზელი ჯორჯია” საწარმო გადაამუშავებს მეორად მოხმარებულ საკვებ ზეთს და აწარმოებს ბიოდიზელს, რაც უზრუნველყოფს ნარჩენების უტილიზაციას და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას. 2018-2022 წწ საწარმომ გადაამუშავა 1550 ტონაზე მეტი მეორადი მოხმარებული ზეთი და აწარმოა 1200 ტონაზე მეტი ბიოდიზელი. შესაბამისად ბიოდიზელის საწარმომ დაზოგა 1200 ტონაზე მეტი დიზელის საწვავის იმპორტი საქართველოში, ხოლო ატმოსფეროში 2500 ტონაზე მეტი რითაც დაზოგა 2500 ტონაზე მეტი CO2-ის ემისია ატმოსფეროში. სისტემატურად მიმდინარეობს შპს “ბიოდიზელი ჯორჯიას”–თვის სანედლეულო ბაზის კვლევა და შერჩევა და ტექნოლოგიური პარამეტრების ოპტიმიზაცია, რაც უზრუნველყოფილია მეცნიერებისა და საწარმოს ურთიერთთანამშრომლობით.