დიდი პატრიარქი 90 წლისაა
- აპრილი 16, 2023
ცხრა ათეული წელი ისტორიისათვის ერთი ამოსუნთქვაა, პიროვნებისათვის კი მნიშვნელოვანი დროა, ცხოვრების დიდი ეტაპია. მით უმეტეს, როცა საუბარია საყოველთაოდ აღიარებულ, ცოცხალ წმინდანად შერაცხილ, უფლისგან ერის სულიერ მამად გამორჩეულ ადამიანზე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ოთხმოცდაათის შესრულდა. 45 წელზე მეტია, იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქადაა აღსაყდრებული. ესაა ეკლესიის აღორძინებისათვის სწრაფვაში, ხალხის სამსახურში, მათზე ზრუნვაში, მამულზე ფიქრში, მისი მომავლისათვის შემართებულ ქმედებებში, ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარებისათვის ბრძოლაში გატარებული ცხრა ათეული წელი.
რამდენიმე შტრიხით წარმოგიდგენთ ჩვენი დიდი პატრიარქის მიერ გავლილ რთულ, თუმცა წარმატებულ ეტაპებს.
1977 წლის 9 ნოემბერს, კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი დადგინდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ. 1977 წლის 23 დეკემბერს მეუფე ილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად იქნა არჩეული. 1977 წლის 25 დეკემბერი… ეს თარიღი
უმნიშვნელოვანესია არა მარტო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, არამედ, საერთოდ, საქართველოს ისტორიაში. სწორედ ამ დღეს მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ვითარებაში მოხდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წმინდა ტახტზე, ქართველი საზოგადოებისათვის თავისი მაღალი განათლებით, კულტურითა და მრავალი კეთილი მამულიშვილური საქმის კეთებით კარგად ცნობილი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია შიოლაშვილის აღსაყდრება. ამიერიდან იგი იწოდა ილია მეორედ, უწმინდესად და უნეტარესად.
ილია II ხევში გამოჩენილი პიროვნების, შიოლა ღუდუშაურის, შთამომავალია. შიოლამ საფუძველი ჩაუყარა შიოლაშვილების გვარს. თავის მხრივ, ღუდუშაურების გვარი უძველესია. გადმოცემით, ვახტანგ გორგასალს ხევში ერთ ოჯახში ვაჟი მოუნათლავს, რომლისთვისაც ღუდუშა დაურქმევია. აქედან წამოსულა გვარიც. ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „აღმოსავლიდან არაგუს ერთვის, არშას ქუეით, აჩხოტის ხევი. აქა არს ციხე ღუდუშაურისა მცირე, არამედ ფრიად მაგარი“. მართლაც, ხევში, სნოს ხეობაში, მდინარე სნოსწყლის მარჯვენა ნაპირის კლდოვან გორაზე, დგას XVI საუკუნის მიწურულში აგებული სიმაგრე სნოს ციხე. იგი მნიშვნელოვანი
იყო, აკონტროლებდა ხევიდან მომავალ გზას, რომელიც ხევსურეთზე, ფშავზე და გუდამაყრის ხეობით მთიულეთზე გადიოდა. გადმოცემით, ეს ციხე შიოლა ღუდუშაურს ეკუთვნოდა. სწორედ სოფელი სნო არის ღუდუშაურ-შიოლაშვილთა ფუძეადგილი. ილია II-ის მშობლები ვლადიკავკაზში გადასახლდნენ. გიორგი შიოლაშვილს ტრადიციული ქართული ოჯახი ჰქონდა. მისი მეუღლე ნატალია
კობაიძე სათნოებითა და სიკეთით გამორჩეული პიროვნება იყო. ცოლ-ქმარი თავგამოდებით მისდევდა ქრისტიანულ სარწმუნოებას. ღვთის სიყვარული და პატივისცემა, ღვთისმოშიშობა ოჯახის საქმიანობის საფანელი იყო. ილია II სწორედ მშობლებისაგან ეზიარა ქრისტიანული მოძღვრების ანბანს.
მომავალი პატრიარქი დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში. მონათლეს ქართულ ეკლესიაში და ქართლ-კახეთის სახელოვანი მეფის, ერეკლე II-ის პატივისცემის ნიშნად, ირაკლი დაარქვეს. ქ. ვლადიკავკაზის საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1952 წელს, მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. ცხადია, ილია II-ის არჩევანზე გავლენა იქონიეს მშობლებმა, იმ ატმოსფერომ, რომელიც შიოლაშვილების ოჯახში სუფევდა. ჯერ კიდევ 1947 წელს ქ. ვლადიკავკაზში გიორგი შიოლაშვილის თაოსნობითა და მონაწილეობით პირველი ეკლესია ამოქმედდა. სწორედ ოჯახიდან წამოყოლილმა ძალამ და ღვთის
უსაზღვრო სიყვარულმა, მაღალმა ქრისტიანულმა ზნეობამ მიიყვანა მომავალი პატრიარქის არჩევანი სასულიერო სასწავლებლამდე.
1957 წლის აპრილში სამღვდელო ცხოვრების თანაზიარი გახდა, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში მიტროპოლიტმა ზინობმა ბერად აღკვეცა.
ნიშანდობლივია, რომ დიაკვნად ხელდასხმული ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, ალექსი I-ს, წმინდა სერგი რადონეჟელის ლავრაში მღვდელმონაზვნად უკურთხებია და ოქროს სამკერდე ჯვრითაც დაუჯილდოებია. 1960 წელს მღვდელ-მონაზონმა ილიამ მოსკოვის სასულიერო აკადემია დაასრულა წარჩინებით და ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მოიპოვა ნაშრომისათვის „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“. ამ ნაშრომმა კვლევის სიღრმით, აქტუალობით, პრობლემის მნიშვნელობით ავტორს დიდი წარმატება მოუტანა – საკანდიდატო ხარისხის მინიჭებასთან ერთად, დაინახეს რა ილია შიოლაშვილში
კვლევის უნარი, მეცნიერული ალღო, შესთავაზეს სამეცნიერო მუშაობის გაგრძელება. ილიამ სხვა გზა აირჩია: იგი საქართველოში დაბრუნდა. მომავალ პატრიარქს ღრმად ჰქონდა შეგნებული ის სირთულეები, რომლებიც იმ დროის საქართველოს ეკლესიას გააჩნდა. ეს, უპირველეს ყოვლისა, სასულიერო კადრების სიმწირე იყო; ქართულ სულიერებას აღორძინება ესაჭიროებოდა. თანაც მუდამ
ახსოვდა ძვირფასი დედის შეგონება – სამშობლო არასდროს მიატოვოო.
სამშობლოში დაბრუნებული ილია ბათუმის საკათედრო ტაძარში დაინიშნა მღვდელმსახურად. ახალგაზრდა მღვდელ-მონაზონი დიდი ენერგიით შეუდგა მოღვაწეობას. სწორედ ერთგული და თავდადებული საქმიანობის შედეგი იყო, რომ იგი 1961 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. მალე მისი არქიმანდრიტად ხელდასხმა მოხდა. 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-
პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ ილია შიოლაშვილს ხელი დაასხა შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად. ამასთან, იგი დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1967 წელს – ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავრად; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.
მეუფე ილიას მოღვაწეობა როგორც შემოქმედის, ისე ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიებში ზედმიწევნით აქტიური იყო. სულიერ საზრდელს მოკლებული ქართველი ქრისტიანები მისი ქადაგებებისა და მასთან ურთიერთობის გზით სულიერ სიმშვიდეს პოულობდნენ. 1963 წელს დაინიშნა იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის, მცხეთის სასულიერო სემინარიის, რექტორად, სადაც 1972 წლამდე მოღვაწეობდა. იგი მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაში (მშვიდობის მომხრეთა მსოფლიო კონგრესი,
სასულიერო პირთა შეხვედრები და სხვ.). განსაკუთრებით აღსანიშნავია შემოქმედელი მღვდელმთავრის, ილიას მონაწილეობა მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრაში კუნძულ როდოსზე (1964 წ.). აქ მეუფე ილიამ დააყენა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო მასშტაბით ცნობის საკითხი. საქმე ისაა, რომ, მართალია, 1917 წლის 12 (25) მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოცხადდა, მაგრამ არც ერთმა სახელმწიფომ არ ცნო იგი. რუსეთის ეკლესიამ მხოლოდ 1943 წელს აღიარა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა. საერთაშორისო მასშტაბით კი არც ანტიოქიის, არც იერუსალიმის, არც ალექსანდრიის ეკლესიებმა არ ცნეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიურობა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სახელით, დაასაბუთა რა ავტოკეფალიის კანონზომიერება, ილია შიოლაშვილმა მთელი სიმწვავით დააყენა მისი საერთაშორისო მასშტაბით ცნობის აუცილებლობის საკითხი. როდესაც მეცნიერული საბუთიანობით ვერაფერს გახდა, მეუფე ილიამ უკიდურეს ზომას მიმართა – პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. ამას დიდი ხმაური მოჰყვა. თუ მსოფლიო საპატრიარქოსათვის მეუფის პროტესტი დამაფიქრებელი იყო, სხვა მხარისთვის (მხედველობაში გვაქვს იმ
დროის სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანო) ეს ქმედება „უარყოფითად“ შეაფასეს. საქმე ისაა, რომ როცა პატრიარქი ეფრემ II გარდაიცვალა, 1972 წელს, უმალ დადგა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი. საყოველთაო აზრით, როგორც მრევლის, ისე წმინდა სინოდისა და საერთოდ, სამღვდელოების აზრით, ერთადერთი კანდიდატი უკვე ქვეყანაში აღიარებული, საზოგადოებაში
პოპულარული, ღრმად განსწავლული და 39 წლის ასაკისათვის საკმაოდ გამოცდილი მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ილია შიოლაშვილის კანდიდატურა ერთსულოვნად იქნა მიღებული ქვეყნის ხელისუფლების მიერ (წესისამებრ, მთავრობას, ხელისუფლებას აცნობებენ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას). აი, აქ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: ილია შიოლაშვილის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის წინააღმდეგ გამოვიდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს რელიგიათა საქმის სამმართველო და, კერძოდ, მისი რწმუნებული. წინააღმდეგობის მოტივად ილია შიოლაშვილის პროტესტი დასახელდა როდოსის შეკრებაზე. იმხანად შეუძლებელი გახდა ამ წინააღმდეგობის გადალახვა და მიტროპოლიტ ილია შიოლაშვილის არჩევა კათოლიკოს-პატრიარქად რამდენიმე წლით გადაიდო.
და აი, 1977 წლის 25 დეკემბერს, როგორც აღვნიშნეთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წმინდა ტახტზე უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღსაყდრდა. უკვე ფართო ასპარეზი და მეტი საშუალება გამოჩნდა მის მიერ დაწყებული თუ ახალი საქმეების აღსასრულებლად. 44 წლის ილია მეორე დიდი ენერგიულობით შეუდგა ფართო მასშტაბის საქმიანობას. მისი ყოველი საქმის,
ქმედების საფანელი სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული იყო. პატრიარქის ღრმად ეროვნული სულისკვეთება თან გასდევს მისივე დიდ სამოქმედო პროგრამას. ილია მეორე მისივე წინაპარ თანამემამულეს – მოხევე ლელთ ღუნიას გვაგონებს, რომლის გულისფიცარზე სანატრელ ოცნებად ეწერა: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“. ილია II არა მარტო ლელთ ღუნიას მიწის შვილია, მისი ოცნების
თანაზიარიცაა და იმავე ნესტარითაა ნაჩხვლეტი.
პატრიარქის აღსაყდრების უმალ მისი თვალი სრულიად საქართველოს გადასწვდა, იმ სულიერ ტკივილებს, რომლებიც ერს საკმაო ხნის განმავლობაში აწუხებდა. ილია II ყურადღებას აქცევს მრევლის გამრავლებას და ახერხებს კიდეც მოსახლეობის ფართო ფენების, მათ შორის, ახალგაზრდობის მოზიდვას. პირველი რიგის ამოცანა იყო ქადაგებათა ხშირი, სისტემური ჩატარება. სიონის საკათედრო
ტაძარში წირვა-ლოცვის გარდა, საგანგებოდ ტარდებოდა ქადაგებანი. პატრიარქის მოთხოვნით მთელ საქართველოში, ყველა ეკლესიაში განუწყვეტლივ იკითხებოდა ფსალმუნები; მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა სასულიერო ლიტერატურის გამოსაცემად; დაიწყო კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეების ბეჭდვა; საქართველოს ეკლესიის კალენდარი რამდენიმე სახის
(ვრცელი, მოკლე) გამოვიდა. ილია II-ის დიდი მცდელობის შედეგად დაარსდა და გამოიცა ჟურნალები: „ჯვარი ვაზისა“, „საღვთისმეტყველო კრებული“, „საქართველოს საპატრიარქო“, „საპატრიარქოს უწყებანი“, გაზეთი „მადლი“. გამოიცა ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, დიდი სჯულისკანონი, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო პატრიარქის ლოცვა-კურთხევით „ბიბლიის“ გამოცემა თანამედროვე ქართულ ენაზე. რამდენიმეჯერ გამოიცა წმინდა მეფე დავითის ფსალმუნთა კრიტიკულად დადგენილი ტექსტი, წმინდა ბასილი დიდის კომენტარები ფსალმუნებისა და ჰაგიოგრაფიის ღვთისმეტყველება, ზოგადი ეკლესიის ისტორია,
საღმრთისმსახურო ტექსტები, ლოცვანი, დაუჯდომელი საგალობლები და სხვ.
განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ორტომეული „ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“ (1997 წ.).
ესაა ღრმად მეცნიერული, მნიშვნელოვანი ისტორიული და ცხოვრებისეული პრობლემების მომცველი თხზულებები. თითოეული ეპისტოლე, სიტყვა თუ ქადაგება ცალკე დამოუკიდებელი მეცნიერული შრომაა, რომელშიც ნათლად გამოსჭვივის მაღალი დონის ღვთისმეტყველის, ბრძენი მამულიშვილისა და ერზე შეყვარებული მღვდელმთავრის სულისკვეთება.
ილია II-ის უშუალო თაოსნობით შეიქმნა მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, სასწავლო კომიტეტი, საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილება; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; მოქმედებს საქართველოს
მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული „ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი“. უდიდესი მნიშვნელობა აქვს საპატრიარქოსთან შექმნილ ახალგაზრდულ ცენტრს, რომელიც წმინდა სამების ტაძარში ფუნქციონირებს და მრავალ საინტერესო ღონისძიებას ატარებს.
განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ილია II-ის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები საერთაშორისო ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის. უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, აქტიური ურთიერთობა აქვს სხვადასხვა რელიგიის მიმდინარეობის ლიდერებთან. ამ მხრივ აღსანიშნავია კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის, შეიხ ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს კეთილი დამოკიდებულება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავრის მიმართ. იგი ოჯახთან ერთად ხშირად სტუმრობს პატრიარქს და თავის სულიერ მამად მიიჩნევს.
2016 წლის სექტემბერში საქართველოში ვიზიტად მყოფმა რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა: „საქართველოში ორმა რამემ გამაოცა: ერთი თავად საქართველოა. ვერც კი წარმოვიდგენდი ამხელა კულტურას, ამხელა რწმენას, ამხელა ქრისტიანობას. ეს მართლაც
რომ მორწმუნე ხალხია, უძველესი ქრისტიანული კულტურის ხალხი, ამდენი წამებულის სამშობლო; და აღმოვაჩინე ის, რასაც არ ვიცნობდი – ის ღრმა ფესვები, საიდანაც მომდინარეობს ქართული რწმენა. მეორე საოცრება კი პატრიარქი გახლავთ. ეს ღმერთის
კაცია. შემძრა ამ კაცმა. მასთან ყოველი შეხვედრის შემდეგ გული მღელვარებით მევსებოდა და ვგრძნობდი, რომ ღმერთის კაცს შევხვდი. დიახ, სწორედ ღმერთის კაცს.“
ნიშანდობლივია არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის სიტყვები: „უწმინდესი პატრიარქის (ილია II. – რ.მ.) მსახურების განმავლობაში საქართველო მრავალი საფეხურით მაღლა ავიდა სულიერ ცხოვრებაში. უწმინდესი პატრიარქი არის მართლმადიდებელ სახელმწიფოთა შორის ერთადერთი, რომელსაც ამხელა მხარდაჭერა აქვს ხალხის მხრიდან… პატრიარქი არის პოლიტიკური ცხოვრების წონასწორობის გარანტიც“.
საქართველოს ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობლის მსოფლიო აღიარებაა ის ფაქტი, რომ 2022 წლის მაისში პატრიარქის დაფუძნებულმა თბილისის სამების საკათედრო ტაძრის გუნდმა ვატიკანის სიქსტის კაპელაში პირდაპირი ეთერით, მრავალრიცხოვანი დიპლომატების თანდასწრებით ძველი ქართული საეკლესიო საგალობლები და პატრიარქის საგალობლები შეასრულა, ხოლო წმ. პეტრეს ტაძარში გუნდმა იგალობა ილია მეორის „ავე-მარია“ და „შენ ხარ ვენახი“.
პატრიარქის სახელს უკავშირდება საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის დაწესება. ამის საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი, რომელიც აგრეთვე არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ.
ილია II-ის აქტიურმა ბრძოლამ ავტოკეფალიისათვის თავისი ნაყოფი გამოიღო: მართლმადიდებელი საპატრიარქოები დარწმუნდნენ, რომ საქართველოს ეკლესია ერთგულია თავისი ტრადიციებისა და შესწევს უნარი, დაიკავოს მსოფლიოს მართლმადიდებლურ სამყაროში კუთვნილი ადგილი.
1990 წლის 4 მარტს კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოს I-მა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს გადასცა საგანგებო სიგელი, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიურობას ადასტურებს.
კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ ცნო საქართველოს უწმინდესი ეკლესია იმავე სტრუქტურითა და ორგანიზაციით, რომელიც უძველესი დროიდან გააჩნდა.
ამგვარად, საქართველოს ეკლესიამ რეალური ავტოკეფალია სწორედ ილია II-ის თავდადებული ბრძოლის შედეგად მოიპოვა.
ილია II-ის სახელს უკავშირდება საქართველოში ტაძრების მასობრივი აღდგენა-მშენებლობა. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში აღდგა დანგრეული ეკლესიები; ჯვარი დაუბრუნდა ჯვარჩამოხსნილ ტაძრებს; ხელახლა მოიხატა ტაძრები. საეკლესიო აღმშენებლობაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უშუალოდ მონაწილეობს. 2004 წელს აიგო გრანდიოზული წმინდა სამების ტაძარი, რომლის ბადალი იშვიათია მსოფლიო მასშტაბითაც კი. ამ გრანდიოზულ, დიდებულ შენობაში ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის – საქართველოს – ავტოპორტრეტი შეიცნო. ასე მიაჩნია ეს ჩვენს პატრიარქსაც. აქვე უნდა აღინიშნოს უნიკალური, ივერიის
ღვთისმშობლის ხატის სახელობის, ტაძრის აგება. ამ ტაძრის მშენებლობაში მთელი საქართველო მონაწილეობდა. სხვათა შორის, ეს ტაძარიც პატრიარქის მიერ ქვეყნის მეორე ავტოპორტრეტადაა ცნობილი. არ არის შემთხვევითი, რომ ტაძრების რიცხვის ზრდასთან ერთად, გაიზარდა სასულიერო პირთა რაოდენობაც. ფართოდ აღდგა სამონასტრო ცხოვრება, ინტენსიური გახდა იგი. საგრძნობლად გაიზარდა ეპარქიათა რაოდენობაც.
ილია II-ის ყურადღება პერმანენტულადაა მიპყრობილი სწავლა-განათლების პრობლემებისადმი; რწმენასა და მეცნიერებას შორის კავშირის აღდგენისადმი. იგი არაერთგზის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჭეშმარიტი მეცნიერება ქრისტიანული რწმენით უნდა იყოს გაჯერებული. უშუალოდ პატრიარქის დიდი მცდელობით დაფუძნდა 1988 წელს თბილისის სასულიერო აკადემია; ჩამოყალიბდა და
აქტიურად ფუნქციონირებს გელათის მეცნიერებათა აკადემია.
უწმინდესმა და უნეტარესმა მოითხოვა, შექმნილიყო პირველიდან დამამთავრებელ კლასამდე სასკოლო კურსი ღრმა აზროვნების სწავლებისათვის, სადაც გამოყენებული იქნებოდა ღვთისმეტყველების, ლოგიკის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ანთროპოლოგიის მონაპოვარი (მასალა კონკრეტული მაგალითებით უნდა ყოფილიყო ილუსტრირებული, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით).
ილია II-ის თაოსნობით ბოლო დროს გარკვეული ურთიერთობა ჩამოყალიბდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, უმაღლეს სასწავლებლებს, მეცნიერებათა აკადემიასა და სხვა სამეცნიერო-კულტურულ ცენტრებს შორის.
პატრიარქი დიდ ყურადღებას აქცევს უმაღლეს სკოლას, სტუდენტობას. წლების განმავლობაში, ყოველ პირველ სექტემბერს, ილია II თბილისის უნივერსიტეტს სტუმრობდა, სწავლის დაწყებისას ესალმებოდა და გულმხურვალედ ლოცავდა სტუდენტებს.
ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქვეყანაში რამდენიმე სასულიერო სასწავლებელი, გიმნაზია და საკვირაო სკოლა გაიხსნა. პატრიარქის ყოველი გამონათქვამი, მისი ყოველი ნააზრევი ნათლად გვიჩვენებს, რომ იგი თავის ხალხთანაა, მასზე ფიქრობს და ზრუნავს. ამის ნათელი მაგალითია, რომ 1989 წლის 9 აპრილის უმძიმეს წუთებში ილია II თავის ხალხთან იყო. მან მთელ სამწყსოს ამცნო მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და ერთადერთი სწორი გზისკენ – ქაშვეთის ეკლესიაში ლოცვისკენ – მოუწოდა. ამ ბრძნული რჩევის შეუსმენლობის შედეგი 9 აპრილის ტრაგედია გახლდათ.
1991 წლის დეკემბრის მოვლენების დროს პატრიარქი ყოველმხრივ შეეცადა, მოერიგებინა დაპირისპირებული მხარეები. მის მიერ გადადგმული ნაბიჯები რთული, მაგრამ სწორი იყო. მან კარგად იცის, რომ ქრისტეს გზა ვიწროა და ეკლიანი, მაგრამ ერთადერთია და გადამრჩენელი. იგი ჯვარცმაა, მაგრამ იგი არის აღდგომაც.
ილია II-მ თავისი დაუღალავი მოღვაწეობით შეძლო ათეული წლების განმავლობაში გახლეჩილი, ქართული ეკლესიისგან მოწყვეტილი საზოგადოება, რომელიც ურწმუნოების გამო სულიერად დაკნინებული იყო, კვლავ შემობრუნდა ქრისტიანობისკენ. აქ უდიდესი როლი ილია მეორის პიროვნებამ, მისმა ზნეკეთილობამ შეასრულა.
2002 წლის 7 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდმა სამეცნიერო საბჭომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II თავის საპატიო დოქტორად აირჩია. ეს მადლიერების გამოხატვა იყო საერთოდ საქართველოს ეკლესიისადმი (თბილისის უნივერსიტეტი გახსნის დღეს, 1918 წლის 26 იანვარს,
კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა აკურთხა და შემდეგ საზეიმო პარაკლისი გადაიხადა უნივერსიტეტის მაშინდელ ეკლესიაში), აღიარება იყო ილია II-ის დიდი ამაგისა განათლების სისტემისადმი; მისი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა
თბილისის უნივერსიტეტისადმი.
2005 წლის 11 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ საპატიო აკადემიკოსად აირჩია.
განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მოხდა გამორჩეულ, ღირსეულ ქართველ მამულიშვილთა კანონიზება.
უწმინდესის სახელს უშუალოდ უკავშირდება ღმრთისმსახურების დროს ქართული საგალობლების აღდგენა-განახლება. შეიქმნა მგალობელთა ძლიერი გუნდი, რომელიც თითქმის 40 წელია ქართულ საგალობლებს დიდი წარმატებით ასრულებს. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში შექმნილი ქართული საგალობლებიდან თავისი მელოდიურობით, გულშიჩამწვდომი სინატიფით
გამოირჩევა ილია II-ის მიერ შექმნილი საგალობლები.
ილია II გამორჩეულია მხატვრობის ნიჭითაც. მისი დიაპაზონი არ შეიძლება მხოლოდ ხატწერით შემოვფარგლოთ. იგი ფართო მასშტაბის მხატვარია. არ შეიძლება, თაყვანისცემის გრძნობა არ დაგეუფლოს პატრიარქის მიერ შესრულებული (დაწერილი) წმიდა სამების ხატის ხილვისას. შეიძლება ითქვას, რომ იგი მნიშვნელოვანი სიწმინდე და სალოცავია წმიდა სამების ტაძრისა. მაღალი
ოსტატობითაა ილია II-ის მიერ შესრულებული თამარის ფრესკა დიდუბის ეკლესიაში, ღვთისმშობელი – მანგლისის საპატრიარქო რეზიდენციაში, ვახტანგ გორგასალი – რუსთავის ეკლესიაში, თამარ მეფე და სოლომონ ბრძენი – თბილისის საპატრიარქო რეზიდენციაში და სხვა მრავალი. პატრიარქმა პირად მაგალითთან ერთად ზრუნვა არ მოაკლო ქართული საეკლესიო ფერწერის (მონუმენტური მხატვრობის) ტრადიციების აღდგენა-განვითარებას. სწორედ ილია II-ის განსაკუთრებული ხელშეწყობითა და ლოცვა-კურთხევით თბილისის სასულიერო აკადემიაში ჩამოყალიბდა ხატმწერთა სკოლა, რომელიც წარმატებულად საქმიანობს. ილია II-ის თაოსნობით საპატრიარქოში შეიქმნა ხუროთმოძღვრული ცენტრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაწესებულებაა. იგი ფუნქციურად
ერთადერთია, რომელიც აკონტროლებს საეკლესიო დოგმატებს, კანონიკის დაცვას ფერწერასა და არქიტექტურაში.
განუზომელია ილია II-ის ავტორიტეტი და პოპულარობა საერთაშორისო მასშტაბით. უწმინდესი მრავალ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობდა. 1978-1983 წლებში არჩეული იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტად. პრაქტიკულად მან წარმართა საიუბილეო ლიტურგიკული მსახურებანი რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავზე მოსკოვში, რისთვისაც განსაკუთრებულ პატივს
მიაგებენ არა მხოლოდ რუსი მღვდელმსახურნი, არამედ მრევლიც. საქართველოს პატრიარქის მოწოდებაა „გავაცნობიეროთ, რა არის სიკეთე და რა – ბოროტება, რომელ გზას მივყავართ ცხოვნებისაკენ და რომელს – დაღუპვისაკენ… ხსნა მხოლოდ ადამიანისა და ღმერთის ერთობაშია“ (უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე, 1998-1999, ქრისტეს შობა). ილია II მიიჩნევს, რომ აუცილებელია სიყვარულამდე ამაღლება. იგი ხშირად მიმართავს წმინდა წერილს: „სიყვარული სულგრძელია და ტკბილი; სიყვარულს არ შურს; სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ შეხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს. ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს“ (პირველი კორინთელთა მიმართ, 13, 4-7). თუ მოვიპოვებთ ასეთ მადლს, განმარტავს უწმინდესი, ღვთის შვილობის ღირსი გავხდებით.
საქართველოს პატრიარქის დიდმა დამსახურებამ და ქართული მართლმადიდებლობის გაზრდა-გაფართოებაში შეტანილმა წვლილმა განაპირობა 2002 წელს გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის (კონკორდატი), რომლის ძალითაც კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა.
ილია II ჭეშმარიტი მწყემსია ქრისტიანული საქართველოსი. იგი თავის ერზე, ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებულია, მასზე მოფიქრალია ყოველთვის და მისთვის მლოცველია. ყოველი ლოცვისას პატრიარქი საქართველოსა და ქართველ ერს ავედრებს უფალს – ქვეყნის გადარჩენასა და ხალხის დღეგრძელობას შესთხოვს. სულისშემძვრელად შთამბეჭდავია უწმინდესის მიერ შესრულებული ლოცვა სინას
მთაზე, ე. წ. „წმინდა მწვერვალზე“, ანუ მოსეს მთაზე. ეს მთა კლდეებშია, ზღვის დონიდან 2300 მეტრის სიმაღლეზე. სწორედ აქ გამოეცხადა უფალი ორმოცი დღის განმავლობაში მარხულ მოსეს და უბოძა ათი მცნება, ორ ფიქალზე ამოტვიფრული. სწორედ ამ მთაზე ავიდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; ფეხშიშველმა კლდეში გამოკვეთილი ოთხი ათასი მაღალი საფეხური აიარა. ასე მიეახლა „წმინდა მწვერვალს“. უწმინდესმა მადლობა შესწირა უფალს… იმისთვის, რომ ქართველ ხალხს მისცა ენა და რწმენა; შეავედრა ჩვენი ეკლესია, მთელი ქართველი ერი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ბავშვები, მშობიარე დედები და ა. შ. „ისეთი მადლი და ძალი, რომელიც აქ ვიგრძენი, არ განმიცდია არსად ჩემს ცხოვრებაში“, – განაცხადა მოგვიანებით უწმინდესმა და უნეტარესმა. საქართველოს პატრიარქის „ლოცვა წმინდა მწვერვალზე“, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ეპისტოლარულ-მჭევრმეტყველებითი ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია.
ხალხის უსაზღვრო სიყვარული პატრიარქისადმი გამოხატულია მათ სურვილში – დღეგრძელი იყოს ილია მეორე. ხალხის ნება გაითვალისწინა ხელისუფლებამ და სახელმწიფოს უპირველესი და უმაღლესი ჯილდოთი – დავით აღმაშენებლის ორდენით – დააჯილდოვა იგი. ეს ჯილდო უწმინდესმა მიიღო მრავალწლიანი თავდადებული მოღვაწეობისათვის, ღმრთისა და ერის
სამსახურისათვის, იმ დიდი წვლილისათვის, რომელიც მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის მოპოვება-აღორძინების საქმეში მიუძღოდა; ქართველი ერის სულიერი და ფიზიკური გადარჩენისათვის, სახელმწიფობრიობის მშენებლობასა და ქვეყნის გამთლიანებისათვის ბრძოლაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის. ნიშანდობლივია, რომ ილია II
ჯერჯერობით ერთადერთი პიროვნებაა, რომელსაც უმაღლესი ჯილდო მიენიჭა. პატრიარქი დაჯილდოებულ იქნა წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის ორდენით. ილია II ერმა ჭეშმარიტ სულიერ მამად იწამა და ილია ჭავჭავაძის ერისკაცური საქმის გამგრძელებლად მიიჩნია.
თუ XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოს ჰყავდა დიდი ილია, ენის, მამულისა და სარწმუნოებისათვის თავგამოდებული მებრძოლი; XX საუკუნის პირველ ორმოცწლეულში იყო დიდი ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც ერს თავდადებული შრომით სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის მაგალითი უჩვენა; გასული საუკუნის ბოლო ორმოცწლეულსა და XXI საუკუნის ოცწლეულში არის ილია მეორე, რომელმაც ღირსებით გააგრძელა ილია ჭავჭავაძისა და ივანე ჯავახიშვილის გზა, თავისი ძლიერი მხრებით ბურჯად შეუდგა დიდ წინაპართა საქმეებს; პიროვნება, რომელსაც არ აშინებს ტვირთის სიმძიმე, იმედად მოევლინა ერს, ძალისხმევას არ იშურებს ხალხის სამსახურისათვის, სიკეთესა და სითბოს ასხივებს და ათბობს ადამიანთა გულებს.
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. აქ ქრისტიანობა მოციქულებმა და მოციქულთა სწორმა წმინდა ნინომ გაავრცელეს. 2000 წელი ქრისტეს მადლი ადგას გვირგვინად ქართველ ხალხს. საქართველოს მრავალჭირგადატანილი ქვეყანა ამაყობს თავისი გმირული წარსულით, გამარჯვებით, გმირებით. წარსულის პატივისცემა და სიყვარული უფრო ამძაფრებს მომთხოვნელობას დღევანდელობისადმი და ფიქრს მომავალზე, ხვალინდელ დღეზე. სწორედ დღეს და ხვალ სჭირდება ქვეყანას მძლავრად დადგომა ფეხზე და წარმატებული საქმიანობა.
წარსულის პატივისცემით, დღევანდელობაზე ზრუნვითა და მომავლის რწმენით ხალხს მიუძღვის ქართული ეკლესია, რომელსაც სათავეში უდგას ღვთისგან გამორჩეული, 70 წელზე მეტი ბერობაში მყოფი, 45 წელი კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებული, 90 წლის ქრისტესმიერი სიყვარულით სავსე ადამიანი… დიდი მწყემსი ქართველი ერისა – უწმინდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. შევთხოვ უფალს, რომ დღეგრძელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე მომადლოს ჩვენს დიდ პატრიარქს.
აკადემიკოსი როინ მეტრეველი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი