აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე – 90

აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე – 90

  • მაისი 3, 2023

ცნობილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს მინდია სალუქვაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა… მისი სახელის უბრალო ხსენებაც კი სითბოთი და სიყვარულით ავსებს ყველა იმ ადამიანის გულს, ვისაც ამ არაჩვეულებრივ პიროვნებასთან  ჰქონდა ურთიერთობა.

ანტონ ჩეხოვის ცნობილი გამონათქვამი „ადამიანში ყველაფერი მშვენიერი უნდა იყოს“ სწორედ ბატონ მინდიაზე იყო ნათქვამი. ეს საოცრად წარმოსადეგი, ლამაზი ადამიანი ასხივებდა სულიერ სისუფთავეს, მაღალ ინტელექტს და დიდ ადამიანურ სითბოს.

მინდია სალუქვაძე დაიბადა 1933 წელს. მას უმძიმესი ბავშვობა ხვდა წილად. მშობლები 1937 წელს რეპრესიებს შეეწირენ და მამიდამ ობლობაში გაზარდა. მიუხედავად გაჭირვებისა, არასდროს დანებებია ცხოვრების ურთულეს გარემოებებს. წარჩინებით დაამთავრა თბილისის ვაჟთა 37-ე საშუალო სკოლა, 1955 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. ასევე წარჩინებით დაამთავრა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის მართვის პრობლემების ინსტიტუტის ასპირანტურა, სადაც დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1974 წელს სადოქ­ტორო დისერტაცია.

1983 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორეს­პონდენტად, ხოლო 1993 წელს – აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად. იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკისა და მართვის პროცესების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.

აკადემიკოს მ. სალუქვაძის სამეცნიერო სფერო მოიცავდა მართვის სისტემების მდგრადობისა და ოპტიმალური მართვის სისტემების თეორიის საკითხებს. იგი იყო 200-მდე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და  სახელმძღვა­ნელოების ავტორი, რომლებიც ცნობილია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებულია ტერმინები: სალუქვაძის მეთოდი, სალუქვაძის ამოხსნა, სალუქვაძის პრინციპი. ეს ტერმინები დამკვიდრებულ იქნა ამერიკელი და რუსი მეცნიერების მიერ. მომავალ წელს გამომცემლობა „შპრინგერი“ გამოსცემს მის ახალ  მონოგრაფიას.

მას 1979 წელს მონოგრაფიისათვის მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. იმავე წელს მისი ეს მონოგრაფია თარგმნა და გამოაქვეყნა ამერიკაში გამომცემლობა „Academic Press”-მა. იგივე გამომცემლობამ მისი მეორე მონოგრაფია „ვექტორული მაქსიმინი“ გამოაქვეყნა 1994 წელს.  2004 წელს აკად. მ. სალუქვაძეს სამტომეული სახელმძღვა­ნელო­სა­თვის მეორეჯერ მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

1996 წელს მ. სალუქვაძის მონოგრაფიამ გიორგი ნიკოლაძის სახელო­ბის  სახელმწიფო პრემია დაიმსახურა.

2015 წელს მას მიენიჭა რუსეთის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის წოდება 2014 წელს გამოცემული საუკეთესო სამეცნიერო წიგნის ავტორობისათვის.

აკადემიკოსი მ. სალუქვაძე  ოცდახუთი წლის მანძილზე იყო ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორი, შემდეგ კი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

პროფესორი მ. სალუქვაძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, მისი ხელმძღვანელობით და კონსულტანტობით დაცულია მრავალი  სადოქტორო და  საკანდიდატო დისერტაცია.

იგი ამასთანავე ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო. სხვადასხვა დროს არჩეული იყო უზენაესი საბჭოს, თბილისის საბჭოსა და რაიონული საბჭოების დეპუტატად. ათი წლის მანძილზე მოღვაწეობდა როგორც საზოგადოება „მემორიალის“ თავმჯდომარე და საპატიო პრეზიდენტი, ასევე იყო საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების პრეზი­დენტი.

მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთის მთელ რიგ სამეცნიერო ცენტრებთან, რაც ხელს უწყობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მის ნაყოფიერ მონაწილეობას. იგი  რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიის წევრი იყო, მათ შორის, 1994 წელს არჩეული იქნა ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე დაჯილდოებული იყო ღირსების ორი ორდენითა და სხვადასხვა მედლებით, სიგელებითა და დიპლომებით.

გამოჩენილი, საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ურთიერთობაში იყო ძალიან უბრალო, თბილი და ყურადღებიანი კოლეგა და მეგობარი – ადამიანი, რომელიც უსაზღვრო ნდობით სარგებლობდა და რომლის იმედიც ყველას ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ მის კოლეგებს, მეგობრებს, მოსწავლეებს ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენს გვერდით მოღვაწეობდა აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე  –  გამოჩენილი მეცნიერი და არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებებით შემკობილი პიროვნება.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია