ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- მაისი 9, 2023
ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის 2023 წლის 24 აპრილის სხდომაზე მოხსენებით: „ოზონის გენერაციის სისტემა და ტექნოლოგიის გავრცელების გზები“ გამოვიდნენ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი სოფიო ბურჯანაძე (შპს „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნახევრად გამტართა ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი წივწივაძე.
მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ გამორჩეული ანტისეპტიკური თვისებების გამო ოზონს გააჩნია გამოყენების ფართო სპექტრი, მათ შორის სანიტარიასა და სტერილიზაციაში, ჩამდინარე წყლების გაწმენდაში. ოზონის ჟანგვის ეფექტი საშუალებას იძლევა განადგურდეს ნებისმიერი ბაქტერია ან სხვა ორგანული ნივთიერება. ბოლო წლებში ოზონის, როგორც დეზინფექტანტის გამოყენების სფერო მნიშვნელოვნად გაფართოვდა, მიმდინარეობს ოზონის ტექნოლოგიების დახვეწა, რასაც ხელს უწყობს მისი ეკოლოგიური სისუფთავე, თუმცა არსებული ტექნოლოგიის სიძვირე ზღუდავს მის გავრცელებას. დამუშავებული ტექნოლოგია პირველ რიგში მიზნად ისახავდა ამ ნაკლოვანების აღმოფხვრას.
კვლევის სიახლე დაცულია საქართველოს პატენტით # 7302: „ოზონის გენერაციის სისტემა“, პრიორიტეტით 2020 წლის 17 ივნისიდან, ხოლო საერთაშორისო პრიორიტეტი – საბუთით WO2021255659; PCT/1B2021/055302, 16.06.2021; ევროკავშირის რეგულაციის EC 1272/2008 და რეგლამენტის REACH N 1907/2006 თანახმად შედგენილია უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი SDS. არსებულთაგან შემოთავაზებული სისტემა განსხვავდება იმით, რომ მოქმედებს ელექტროდის დაზიანების გარეშე, შეუძლია იმუშაოს დადაბლებულ ძაბვაზეც, ეკონომიურია და ხასიათდება სამი ეფექტით:
- ოზონის წარმოქმნა ბარიერის განმუხტვით კორონას განმუხტვასთან ერთად;
- ოზონის წარმოქმნა ულტრაიისფერი გამოსხივებით;
- რეზონანსის დადგენა ელექტრომომარაგების ქსელის ძაბვის სიხშირეებსა და პლაზმიდან აღგზნებულ სიხშირეებს შორის.
ტექნოლოგია არის მარტივი, მისი შემადგენელი მოწყობილობები და ფიტინგი მოიძიება ადგილობრივ ბაზარზე.
ექსპერიმენტული კვლევები ჩატარდა ბაქტერიოფაგიის სადიაგნოსტიკო ცენტრ „დიაგნოზი-90“-ში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ წიგნებზე, სადაც ოზონირების შემდეგ ნიმუშების საერთო მიკრობული რიცხვის მნიშვნელობა ნორმის ფარგლებში იქნა დაყვანილი და არ გამოვლინდა სანიტარული მნიშვნელობის მქონე ბაქტერიები, სოკოს ჯამური რიცხვი კი შეადგენდა 5-სა და Aspergillus გვარს მიეკუთვნებოდა. კვლევები ჩატარდა აგრეთვე სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, რომლის დასკვნით შექმნილი ოზონის გენერატორით გამომუშავებული ოზონის ბაქტერიოციდული ეფექტი S.aureus ATCC 25923, P.aeruginosa ATCC 27853, E. hirae ATCC 10541 შტამებით 15 წუთის ექსპოზიციით უზრუნველყოფს ამ მიკრობების გაუვნებლობას.
სხდომის დასასრულს მომხსენებლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს დამსწრეთა შეკითხვებს.
მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: სხდომის თავმჯდომარე, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, თსუ-ს რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი გრიგოლ ტატიშვილი, სტუ-ს ბიორაციონალური ტექნოლოგიების ცენტრის თანამშრომელი, დოქტორი თენგიზ ჯალიაშვილი, მწერალი ბეჟან მშვიდობაძე, რომლებმაც გამოთქვეს მნიშვნელოვანი წინადადებები და დადებითად შეაფასეს მოხსენება და ავტორთა მოღვაწეობა. დისკუსიაში გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, სხდომამ დაამტკიცა პრაქტიკული რეკომენდაციები.