ირაკლი ბოკუჩავას წიგნების წარდგინება

ირაკლი ბოკუჩავას წიგნების წარდგინება

  • მაისი 30, 2023

მიმდინარე წლის 20 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა მათემატიკოსის, პოეტისა და პუბლიცისტის, მათემატიკის დოქტორ ირაკლი ბოკუჩავას წიგნების წარდგინება. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. არის საქართველოში პირველი მათემატიკური ტესტების კრებულის თანაავტორი (1992), საქართველოსა და უცხოეთში გამოქვეყნებული 25 სამეცნიერო სტატიის, საბჭოთა იმპერიის ამსახველი წიგნის „ჩემი საბჭოთა წარსული“ (2019), მრავალი პუბლიცისტური წერილისა და ლექსების ოთხი კრებულის ავტორი, არჩეულია ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

1996-2001 წლებში გახლდათ „განახლების ქართულ-ამერიკული დასის“ პრეზიდენტი, ხოლო 1998-2000 წლებში – გივი ზალდასტანიშვილის სახელობის თბილისის ამერიკული აკადემიური პროექტის დირექტორი. ამავე დროს, ლექციებს კითხულობდა  ალბათობის თეორიასა და მათემატიკის სტატისტიკაში მშობლიურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

1990 წელს ცნობილ ჟურნალისტ ნუგზარ რუხაძესთან ერთად მონაწილეობდა ამერიკის „ევოლუციური სამსახურის ინსტიტუტის“ (ვაშინგტონი) მიერ ორგანიზებულ სემინარში, რომლის შედეგად შეიქმნა პროექტი „საქართველოს ინიციატივა“. ეს პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის უმტკივნეულო გარდაქმნას საბჭოთა კავშირის მოსალოდნელი დაშლის პირობებში.

პროექტის შექმნაში მონაწილეობდნენ ცნობილი ამერიკელი და ქართველი მეცნიერები. შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუშალა ამ დიდი პროექტის განხორციელებას. სამაგიეროდ, ფოთის, სენაკის, თბილისისა და რუსთავის მერების, ასევე ფოთის პორტის იმდროინდელი უფროსის, აწ განსვენებული ვალერი გეგიძის მხურვალე თანადგომითა და ხელშეწყობით მოხერხდა აღნიშნული ქალაქების მაღალი კლასების ორასი მოსწავლის ერთი წლით გაგზავნა ამერიკასა და გერმანიაში, იქაურ მასპინძელ ოჯახებში მათი დაბინავება და სკოლებში სწავლება.

საქართველოს უკიდურესი გაჭირვების დროს – 1993-97 წლებში – განხორციელებული აღნიშნული პროგრამა ირაკლი ბოკუჩავას აღწერილი აქვს წიგნში „პროექტი „საქართველოს ინიციატივა“, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა.

წარდგინებაზე  წარმოდგენილი იყო აგრეთვე მისი წიგნი „ჩემი საბჭოთა წარსული“, რომელშიც ავტორი თავის მეხსიერებაში დალექილ ისტორიებს აღწერს ანუ, საბჭოთა იმპერიის, საქართველოს და მისი, როგორც იმპერიის ერთი მოქალაქის ამბებს. წიგნში მოკლედ არის განხილული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და მასში  ძირითადად აღწერილია ის მოვლენები, რომლებიც რუსეთში 1917 წლის სახელმწიფო გადატრილებიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1991 წლამდე მოხდა. ავტორი მასში მის განვლილ ცხოვრებაზე,  სახელმწიფოზე და  იმ გარემოზე საუბრობს, სადაც  იზრდებოდა, იმ სახელწმიფოზე, რომელიც  თანდათან დეგრადირდა და ბოლოს,  სულაც გაქრა.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: ცნობილი ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინფორმაციო-საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი გონელი არახამია, თავად წიგნების ავტორი ირაკლი ბოკუჩავა და სხვ.