ფორუმი – 2023 ZGC FORUM – ღია თანამშრომლობა საერთო მომავლისთვის
- ივნისი 7, 2023
2023 წლის 25-30 მაისს პეკინის რაიონში – ჟონგუანკუნის ტექნოლოგიური პარკი, რომელიც ცნობილია როგორც “ჩინეთის სილიკონის ველი” ჩატარდა ფორუმი – 2023 ZGC FORUM – ღია თანამშრომლობა საერთო მომავლისთვის. ფორუმი არის სახელმწიფო დონის პლატფორმა გლობალური ტექნოლოგიური გაცვლისა და თანამშრომლობისთვის.
ფორუმზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაცია საჭიროა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე საერთო განვითარების გამოწვევების დასაძლევად და რომ ჩინეთი მზადაა იმუშაოს ყველა ქვეყანასთან ერთობლივად მეცნიერების განვითარების ხელშეწყობისთვის.
ფორუმი ფოკუსირებული იყო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ციფრული ეკონომიკა, ხელოვნური ინტელექტი, სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ნახშირორჟანგის ემისიის შემცირება და ეკოლოგია.
ფორუმზე დისტანციურად მონაწილეობდნენ: ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი დარენ ტანგი, ბილ და მელინდა გეითსების ფონდის თანათავმჯდომარე და დირექტორი ბილ გეითსი, ადა იონათი, 2009 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში, ჯო ჰოფკროფთი, კორნელის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი, ალან ტურინგის პრემიის ლაურეატი, ამერ და სხვ.
ფორუმზე ჩინეთის მხარის დაფინანსებით მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია. დელეგაცია მიიღო ფორუმის ორგანიზატორებმა, ჩინეთისა და პეკინის მთავრობის წარმომადგენლებმა და პეკინის მერმა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა ფორუმის ათ გავლენიან პირთან ერთად მონაწილეობა მიიღო ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ერთობლივი ინოვაციური ალიანსის ინაუგურაციაში.
სესიაზე „საზღვარგარეთისა და ჩინეთის ინოვაციებისა და განვითარების ფორუმი“ (Overseas Chinese Innovation & Development Forum) მთავარი პლენარული მომხსენებელი იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე – გლობალური ეკოლოგიური ბიოლოგიური კონცეფცია. https://www.zgcforum.com/en/agenda/t26/3672
ფორუმზე პანელური მომხსენებელი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი – მცენარეთა ბაქტერიული დაავადებები და ბაქტერიული ვირუსები მათი ეკოლოგიური კონტროლისათვის.
ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სხდომაზე მოხსენებით წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ კაკუბავა – მსხვილმასშტაბიანი განაწილებული სისტემების სტრუქტურული მართვისა და მოდელირების თანამედროვე პრობლემები.
ქართველ მეცნიერთა მოხსენებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, შედგა შეხვედრები და საუბრები, გამოითქვა თანამშრომლობის ინტერესები ცალკეული მიმართულებებით.
საქართველოს დელეგაცია მიწვეული იყო და მონაწილეობა მიიღო რამოდენიმე შეხვედრაზე. აღსანიშნავია ვიზიტი ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში, აკადემიის ექს პრეზიდენტ აკადემიკოს ჩუნლი ბაისთან და ქიმიის განყოფილების აკადემიკოსებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.
გაიხსნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჩინეთის ცენტრი.
შეხვედრები გაიმართა: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელ წევრთან, ცინჰუას უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორთან, ჩინური Microsoft EN (CHINE) მრჩეველ, პროფესორ შენ იუშისთან მის მიერ დაარსებულ კომპანიაში NovNet Computing System Tech Co, Ltd; საერთაშორისო კომერციისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიაში, იანქინგის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (Yanching Institute of Technology), იანთაის ფარმაცევტული კომპანიის დირექტორტან და სხვა.
ფორუმი და შეხვედრები გაშუქდა ჩინეთის ტელევიზიის მრავალი არხით.