აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ნაშრომების წარდგინება
- ივნისი 17, 2023
მიმდინარე წლის 9 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოეწყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გენერალური მრჩევლის, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ახალი ნაშრომების: „დედამიწის ეკოლოგიური და სასურსათო პოტენციალი“ და „Homo sapiens and Technogenic Environment” (“Homo sapiens და ტექნოგენური გარემო“ წარდგინება. პირველი ნაშრომის თანაავტორებია – რ. გახოკიძე, ე. კვესიტაძე და გ. ხატისაშვილი; წიგნი Homo sapiens and Technogenic Environment აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის და ალექსანდრე პოტიომკინის თანაავტორობით გამოიცა ესპანეთში UNI Madrid PIKO VALANDA Publishing House).
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები. აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ თავის ონლაინ-პრეზენტაციაზე ისაუბრა მსოფლიოში დღეს არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე, ნიადაგის თავისებურებებზე, ტოქსიკურ ნაერთებზე, გარემოს დაცვის ქიმიურ ტექნოლოგიებზე, მცენარეებსა და მიკროორგანიზმებზე დაფუძნებულ ეკო-მეგობრულ ტექნოლოგიებზე, ასევე საქართველოს ეკოლოგიურ მდგომარეობასა და გლობალური დათბობით გამოწვეულ საფრთხეებზე.
პირველ ნაშრომში აღნიშნულია, რომ XXI საუკუნეში გაუარესებულმა ეკოლოგიურმა მდგომარეობამ და ამასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მსოფლიოს თითქმის ყველა მოსახლის საარსებო გარემოზე იქონია გავლენა. ახალი ვირუსული დაავადებები, პლანეტის მასიური დათბობის ნიშნები, ახალი მეგაპოლისების ჩამოყალიბება, მზარდი რაოდენობით ქიმიკატების წარმოება და გამოყენება, ტოქსიკური ნაერთების არნახული რაოდენობრივი მატება ყველა ეკოლოგიურ ნიშაში, აგრარული პლანტაციების შემცირება და სხვა ფაქტორები, გარემოს სასიცოცხლოდ აუცილებელი ბალანსის დაცვის საყოველთაო პრობლემად გადაიქცა. განსაკუთრებით საყურადღებოა უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი სასმელი წყლის უკმარისობა, რასაც დღეს უკვე მწვავედ გრძნობს პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობა.
აღსანიშნავია, რომ ტექნოგენური ტოქსიკანტების განუწყვეტელი მატება, რაც დაკავშირებულია მრეწველობის განვითარებასთან, წარმოადგენს დიდ საშიშროებას არა მარტო ბიომრავალფეროვნების განადგურების, არამედ ყველა ორგანიზმის და მათ შორის ადამიანის ინტოქსიკაციის თვალსაზრისით. ყოველივე ეს მოქმედებს ადამიანის ფიზიოლოგიაზე, განსაკუთრებით მის გენომზე და აზროვნებაზე და რა თქმა უნდა იწვევს არაბუნებრივ და არადამახასიათებელ ფიზიოლოგიურ გადახრებს.
არსებული ეკოლოგიური ტექნოლოგიები (ფიზიკური, მექანიკური, ქიმიური) ვერ უზრუნველყოფს ტოქსიკური ნაკადის არათუ შეჩერებას, არამედ შემცირებასაც კი. აუცილებელია ხარისხობრივად ახალი, გლობალური ხასიათის ტექნოლოგიის შექმნა. სწორედ ამ პრობლემებს ეხება მონოგრაფიაში განხილული მასალა, სადაც წარმოდგენილია ავტორების მონაწილეობით შექმნილი ინოვაციური ბიოლოგიური პრინციპის მქონე გლობალური მასშტაბის ბიოტექნოლოგია. ტექნოლოგია ეყრდნობა სელექციურად შერჩეული მიკროორგანიზმების და ასევე მცენარეების განსაკუთრებული ფორმების ერთობლივ გამოყენებას ნიადაგისა და წყალსატევების გასუფთავებისათვის ტოქსიკური ნაერთებისაგან.
ნაშრომში განხილულია მიკროორგანიზმებისა და მცენარეების მოქმედება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად. დამტკიცებულია რომ მათი ერთობლივი მოქმედება ატარებს სინერგისტულ ხასიათს.
წიგნი განკუთვნილია ქიმიის, ბიოლოგიის, აგრარული, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის.
მონოგრაფია დასტამბულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
რაც შეეხება მეორე ნაშრომს – „Homo sapiens and Technogenic Environment”, მასში განხილულია პლანეტის არსებული ეკოლოგიური დისბალანსი, რომელიც ბოლო 150 წლის განმავლობაში შეიმჩნევა. ნიშანდობლივია, რომ ძირითადი ფაქტორი, რაც პლანეტის ეკოლოგიას აბინძურებს, მსოფლიოს მასშტაბით არაპროგნოზირებადი, ტექნოგენური და საომარი აქტივობაა. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად, გარდა აუცილებელი ქმედებისა, რიგი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.
ამჟამინდელ ცვალებად სამყაროში შეუძლებელია უნივერსალური ღონისძიებების გატარება, რომლებიც ასეულობით წლების მანძილზე კეთილდღეობას მოუტანდა მოსახლეობას და გარემოს. სწორედ ამიტომ, უნდა შეიქმნას მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ყურადღებით შეისწავლის პლანეტის სულ მცირე ეკოლოგიურ ცვლილებებს და სათანადო გადაწყვეტილებებს მიიღებს. ღონისძიების მსვლელობისას სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები: თამაზ შილაკაძე, თინათინ სადუნიშვილი, რამაზ გახოკიძე, გივი გავარდაშვილი, რამაზ შენგელია და სხვ.