ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა
- ივლისი 3, 2023
წაბლის ქერქის კიბოს წინაარმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის
მეთოდის დანერგვა საქართველოში
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა „ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის“ სხდომა წაბლის ქერქის კიბოს წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის დანერგვის შესახებ საქართველოში. მომხსენებლები იყვნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების თანამშრომლები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი მედეა ბურჯანაძე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი არჩილ სუპატაშვილი და ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ბიძინა თავაძე.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ჩვეულებრივი წაბლი – Castanea sativa საქართველოში ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – კახეთში. წაბლს ქვეყნისთვის გააჩნია როგორც სოციალ-ეკონომიკური, ასევე გარემოსდაცვითი მნიშვნელობა.
დღეისათვის წაბლის ერთ-ერთი მნიშველოვანი პრობლემა არის სოკოვანი დაავადება წაბლის ქერქის კიბოს სახელწოდებით Cryphonectria parasitica, რომელიც ამერიკის (Castanea dentata) და ევროპის (Castanea sativa) წაბლის ხეების გამანადგურებელი დაავადებაა. ინფიცირებულ ხეებზე იწვევს ნეკროზულ დაზიანებებს ჭრილობის სახით (ე.წ. კიბო), ის შეიძლება სარტყელისებურად განვითარდეს მცენარის მერქანზე და საბოლოოდ გამოიწვიოს დაზიანებული ხის ნაწილის ხმობა. პათოგენის სამშობლოა აღმოსავლეთ აზია (ჩინეთი, იაპონია და კორეა). XX საუკუნეში იგი გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. აშშ-ში წაბლის დაავადებამ ეკოლოგიურად გაანადგურა ადგილობრივი ამერიკული წაბლი ბუნებრივი გავრცელების არეალში, ხოლო, ევროპაში ეპიდემიები შედარებით მსუბუქად ვლინდება, ევროპული წაბლი შედარებით ნაკლებად მგრძნობიარეა პათოგენის მიმართ ე.წ. ჰიპოვირულენტობის გამო.
Cryphonectria parasitica, Castanea-ს გვარის ხეების ჯიშებზე, ღეროებისა და ტოტების ქერქზე იწვევს ნეკროზებს (ნახეთქებს). სოკო არ აზიანებს მერქანს, აზიანებს მხოლოდ ქერქს, რომელზედაც ზოგჯერ წარმოიქმნება კიბოს ნეკროზები და მოწითალო მეჭეჭები. სოკო იწვევს ტოტების მასობრივ ხმობას, წვერხმელობას და ფოთლების ჭკნობას, რაც გამოწვეულია სოკოს მიერ გამოყოფილი ტოქსინებით და ხის აღმავალი ჭურჭლების დაცობით. სოკო ვრცელდება მწერების, ფრინველების, ქარისა და წვიმის საშუალებით (Anagnostakis, 1987, Prospero S.& Rigling).
2010-2013 და 2014 – 2018 წლებში ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილებასა და შვეიცარიის ტყის, თოვლისა და ლანდშაფტის კვლევის ფედერალური ინსტიტუტის (WSL) მიერ განხორციელდა ერთობლივი პროექტები (SCOPES გრანტი – შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ). შვეიცარიელ, მაკედონიელ და ხორვატ კოლეგებთან თანამშრომლობით, საქართველოში ჩატარდა წაბლნარების პათოლოგიური გამოკვლევები, რომლის მიზანი იყო, როგორც წაბლის კიბოს დაავადების გავრცელების დადგენა, ასევე სოკოს ჰიპოვირულენტური შტამების გამოვლენა, ამ დაავადების წინააღმდეგ ბიოკონტროლისათვის.
კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში არსებობს C. parasitica-ს კავკასიური პოპულაციების მაღალი გენეტიკური მრავალფეროვნება. კერძოდ, სამი ძირითადი მულტილოკუსური ჰაპლოტიპის სიხშირე: CpGeo20, CpGeo75, CpGeo97, რომელთაგან ორი მათგანი CpGeo20 და CpGeo75 ეკუთვნოდა ქართულ კლასტერს და ადრე არ იყო ნაპოვნი ევროპასა და აშშ-ში. ასევე გამოვლენილი იყო უნიკალური CHV-1 ქვეტიპი C. parasitica ქართულ პოპულაციაში, რომელიც მიეკუთვნება უფრო მძიმე ჰიპოვირუსებს, რადგან ძლიერად ამცირებს პარაზიტული სოკოს C. parasitica-ს ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ამ CHV-1 ქვეტიპს მთლიანობაში აქვს ძლიერი ფენოტიპური ეფექტი C. parasitica-ზე, როგორც ჩანს, ის უფრო ადაპტირებულია ქართულთან, ვიდრე C. parasitica-ს ევროპულ გენოფონდთან. ეს გვთავაზობს უფრო ხანგრძლივი ურთიერთქმედების ისტორიას ქართულთან, ვიდრე ევროპულ გენოფონდთან. CHV-1 ქვეტიპი საქართველოში წარმოადგენს ღირებულ ბიოლოგიურ კონტროლის აგენტს ჰიპოვირუსული გამოყენებისთვის კავკასიის რეგიონში.