სემინარი – ლითონთა კოორდინაციული ნაერთები – სინთეზი, აღნაგობა, კვლევა
- ოქტომბერი 3, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების მიერ ორგანიზებული სემინარი, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკადემიკოსმა ვლადიმერ ციციშვილმა. მოხსენებით – „ლითონთა კოორდინაციული ნაერთები – სინთეზი, აღნაგობა, კვლევა“, მსმენელთა წინაშე წარსდგა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ცინცაძე.
მოხსენებაში წარმოდგენილ იქნა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა შედეგები, რომლებიც შესრულებულია ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მაია ცინცაძის და მეცნიერთა ჯგუფის მიერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში, კოორდინაციული ქიმიის დარგში. ცნობილია, რომ თანამედროვე კოორდინაციული ქიმია ითვალისწინებს არაორგანულ, ორგანულ, ანალიზურ, სუპრამოლეკულურ და ელემენტორგანულ ქიმიასთან დაკავშირებულ პრობლემებს, სწორედ მისი პრინციპები უდევს საფუძვლად სუპრამოლეკულური სტრუქტურების შექმნას და მრავალფუნქციური მასალების სინთეზს, რომლებიც სულ უფრო ხშირად მოთხოვნადია და გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიებში, მრეწველობის ყველა სფეროში, სოფლის მეურნეობაში, მედიცინაში, ფარმაცევტულ წარმოებაში და სხვ.
წარმოდგენილი იყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევათა ციკლი რამდენიმე მიმართულებით: პრეპარატული კოორდინაციული ქიმია, თეორიული სტრუქტურული ქიმია და სინთეზირებული კოორდინაციული ნაერთების კვლევის თანამედროვე ქიმიური, ფიზიკურ-ქიმიური და ფიზიკური მეთოდების კომპლექსური გამოყენებით. შესწავლილია მრავალი ორგანული ლიგანდი მათემატიკური მოდელირების მეთოდებით, რის შედეგადაც გამოვლენილია მათი კომპლექსწარმოქმნის შესაძლებლობათა თავისებურებანი; სინთეზირებულია ახალი ორგანული ლიგანდები და შესწავლილია მათი აღნაგობა, თვისებები და დონორული შესაძლებლობები. სინთეზირებულია და შესწავლილია 50-მდე სრულიად ახალი ბიოკოორდინაციული ნაერთი (მონოლიგანდიანი ჰიდრაზონოკომპლექსები, ამინოკომპლექსები, ჰიდრაზონოკომპლექსები, ასევე მონობირთვული ამინოკომპლექსების და ჰიდრაზონების ურთიერთქმედების შედეგად მიღებული ნაერთები, ამიდების, ამინების, ჰიდრაზიდების, ბიციკლური ბისშარდოვანების, ასევე შერეულლიგანდიანი და შერეულლითონიანი: ჰიდრაზონო–ამინო, ჰიდრაზინო–ამინო, ჰიდრაზინო-ამიდო, ამიდო-ამინო კომპლექსების მიკროელემენტებთან და ტუტე ლითონებთან კოორდინაციული ნაერთები) გამოვლენილია და კვლავაც შესწავლის პროცესშია სინთეზირებული ნაერთების ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური აქტივობა და პროგნოზირებულია მათი გამოყენების სფეროები.
გარდა ამისა, მოხსენებაში წარმოდგენილი იყო კოორდინაციული ნაერთების გამოყენება ანალიზურ ქიმიაში, საკვლევ ნივთიერებაში შემავალი ცალკეული კომპონენტების იდენტიფიკაციის, დაყოფის და რაოდენობრივი განსაზღვრის ახალი ეფექტური მეთოდების შემუშავებისას, რადგან შესაბამისად მაღალი მგრძნობელობის და სელექტიურობის მქონე რეაგენტები სწორედ იონური ტიპის კომპლექსური ნაერთებია.