პრეზიდიუმის სხდომა
- ოქტომბერი 8, 2023
მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა.
ისტორიიის მეცნიერებათა დოქტორმა ამირან კახიძემ გააკეთა მოხსენება – „ტრანსკონტინენტურ სივრცეში პოლიმეტალების მეტალურგიასთან დაკავშირებული ახლადაღმოჩენილი მეგალითური კულტურის უძველესი კერების კვლევის უმთავრესი შედეგები (ნოვაციები, ძირითადი მახასიათებლები, გავრცელების არეალი, პერსპექტივები)“.
მან აღნიშნა, რომ ბათუმის არქელოგიური მუზეუმი მეტად ნაყოფიერ საველე არქეოლოგიურ სამუშაოებს ახორციელებს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესწავლის მიზნით. ეს განსაკუთრებით ითქმის ბოლო წლების მეტად მნიშვნელოვან ნოვაციურ აღმოჩენებზე (მხედველობაშია 2014-2023 წწ). ტრანსკონტინენტურ სივრცეში აღმოჩენილ იქნა სრულიად ახალი სახეობის მეგალითური კულტურის ნიმუშები, რომელიც უკავშირდება მილიონობით წლების მომცველ ქვის ხანიდან ლითონის საუკუნეზე გარდამავალ ეპოქებს.
მიკვლეული იქნა 60-ზე მეტი კერა, მათ შორის 12 გახდა თანამიმდევრული, გეგმაზომიერი არქეოლოგიური გათხრების ობიექტი. ითქვა ახალი სიტყვა არქეოლოგიურ მეცნიერებაში.
შეიქმნა ახალი ნოვაციური სურათი ლითონდამუშავების ერთიან ციკლთან დაკავშირებით. ახლად გამოვლენილი ადრე უცნობი არტეფაქტების სწორი მეცნიერული ატრიბუციის შედეგად ნათელი გახდა, რომ საინტერესო მიგნება გახლდათ საწარმოო კერების მდინარეთა ხეობებსა თუ კანიონებში მოწყობის იდეა.
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპედიციების მიერ აღმოჩენილი კულტურა არ გახლავთ ლოკალური ფენომენი. წინასწარეული სადაზვერვო სამუშაოების მონაცემების მიხედვით ჩანს, რომ მსგავსი მეგალითური კულტურის ძეგლებით დაფარულია მთელი საქართველო, ასევე ითქმის მეზობელი თურქეთის მიმართ – სადაზვერვო სამუშაოების გზით უკვე მიკვლეულია არაერთი ბრწყინვალე ძეგლი მურღულ-ართვინ-ბორჩხადან დაწყებული სამსუნ-ამასია-თოქათამდე (ჯერჯერობით მოხერხდა ამ ადგილების მიმოხილვა). კვლევის უახლესი მეთოდების გამოყენებით მიწათმოქმედების და მესაქონლეობის მსგავსად მეგაკულტურის არეალში ექცევა ევრაზია, ავსტრალია, აფრიკა და ამერიკა. უახლესი მონაცემების მიხედვით შესანიშნავად ჩანს, რომ ჩვენმა შემოქმედმა წინაპრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პოლიმეტალების მეტალურგიის განვითარების ისტორიაში. ბატონი ამირან კახიძის მოხსენებამ პრეზიდიუმის წვერთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
პრეზიდიუმის სხდომაზე მოხსენება საქართველოს (კავკასიის) მოსახლეობის გენოფონდის შემსწავლელი კომისიის საქმიანობის შესახებ გააკეთა კომისიის სწავლულმა მდივანმა, აკადემიკოსმა რამაზ შენგელიამ. მან აღნიშნა, რომ პოპულაციური გენეტიკა და მისი სუბდისციპლინა პალეოგენეტიკა (არქეოგენეტიკა) ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და მზარდი სამეცნიერო მიმართულებაა მსოფლიოში. მთელ რიგ ქვეყნებში (აშშ, ევროპის ქვეყნები, რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სომხეთი, ირანი, ისრაელი და სხვ.) გენეტიკური კვლევები პრიორიტეტულ და სტრატეგიულ მიმართულებად ითვლება, რადგან იგი გვაძლევს მოსახლეობის გენეტიკური ისტორიის სრულ სურათს, ინფორმაციას ეთნოსების დომინანტური (მაჟორული) ჰაპლოჯგუფების ისტორიაზე, წარმოშობის ადგილსა და თარიღზე, მათ მიგრაციებსა და სხვა პოპულაციებთან ურთიერთობაზე. შესაბამისად, ეს ახალი მეცნიერება არის მძლავრი ინსტრუმენტი ერების ისტორიის ახლებურად გადააზრებისა; დღესდღეობით, პოპულაციების გენეტიკური და პალეოგენეტიკური მონაცემების გარეშე, ფაქტობრივად, აღარ წარმოებს კვლევები ისტორიაში, არქეოლოგიაში, ლინგვისტიკაში, ეთნოგრაფიასა და ჰუმანიტარული მეცნიერების სხვა დისციპლინებში. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ სამეცნიერო დარგის გარეშე განვითარებას ვერ ჰპოვებენ ეს მნიშვნელოვანი და ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციული სკოლები. შესაამისად, პოპულაციური გენეტიკა (პალეოგენეტიკა) ქართველოლოგიური კვლევებისთვის აუცილებელი და შეუცვლელი კომპონენტია;
ამასთანავე, კავკასიისა და, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობისა და არქეოლოგიური ოსტეომასალის კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიო მეცნიერების განვითარებისთვის, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულია უძველესი ჰაპლოჯგუფი, რომელიც მეცნიერებაში „კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის (CHG – Caucasus hunter-gatherer) “, უნიკალურ კლასტერად არის აღიარებული.
აკად. რ. შენგელიამ მიმოიხილა ის სამუშაო, რაც კომისიამ მოსახლეობის გენოფონდის შესწავლის საქმეში განახორციელა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი