საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თანამშრომლობის პერსპექტივები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებთან
- დეკემბერი 12, 2023
მიმდინარე წლის 30 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დელეგაცია მიწვეული იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც ჩატარდა შეხვედრები უნივერსიტეტებში: შანდუნის პროვინციის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, ქ. ზიბო; ხენანის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთის აგრარული და კვების უნივერსიტეტი (Northwest A&F University), ქ. სინიანი; გუანდუნის პროვინციის – სამხრეთ ჩინეთის აგრარული უნივერსიტეტი, ქ. გუანჯოუ. მიწვევის ინიციატორები გახლდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრები: პროფესორი იუბინ ლანი და იუანდა სონგი.
უნივერსიტეტებში გაიმართა მიღებები, შეხვედრები შესაბამისი კოლეჯების პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან. აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის მიერ წარდგენილი იყო პრეზენტაციები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაზე.
შანდუნის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის საქმიანობა წარმოადგინა ვიცე რექტორმა. კოლინ რატლეჯ მიკრობული ლიპიდების კვლევის ცენტრის (Colin Ratlege Center for Microbil Lipids) სამეცნიერო მიმართულებებზე ისაუბრა დირექტორმა, დოქტორმა იუანდა სონგმა. ჩატარდა აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ლექცია-სემინარები თემაზე: „მიკრობული კულტურები და მათზე დაფუძნებული ბიოტექნოლოგიები“.
გუანჯოუს სამხრეთ ჩინეთის აგრარულ უნივერსიტეტში აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ წაიკითხა მოხსენებები: „საქართველოს ბიორესურსები“; „ორგანული ტოქსიკანტებით დაბინძურებული ნიადაგების ფიტო და ბიორემედიაციები“; „დეტოქსიკაციის ბიოქიმიური მექანიზმები“, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია და გამოითქვა თანამშრომლობის ინტერესი მრავალი მიმართულებით.
აკადემიკოს თინათინ სადუნიშვილის მიერ ჩატარებულ იქნა ლექცია-სემინარები თემებზე: „მცენარეთა ბაქტერიული დაავადებები: გამოწვევები, პრევენციისა და ბრძოლოს სტრატეგიები“; „მცენარეთა პათოგენების მორფო-გენეტიკური დახასიათება, პათოგენების გენოტიპირება და მათი წარმოშობისა და გავრცელების გზების დადგენა“; „ფიტოპათოგენების სპეციფიკური ვირუსები და მათზე დაფუძნებული ბიოტექნოლოგიები“.
გამოითქვა თანამშრომლობის ინტერესი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან სხვადასხვა მიმართულებით: სიმინდის ინბრედული ხაზები, ლიპიდებით მდიდარი ველური მცენარეების გენეტიკური მრავალფეროვნება, საზღვაო პორტის ეკოლოგია და სხვ.