აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას მოხსენება
- დეკემბერი 23, 2023
საქართველოს ისოტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების ორგანიზებით, აკადემიაში ჩატარდა მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „რუსეთის ომი უკრაინაში და მსოფლიო ეკონომიკის გამოწვევები“ წარსდგა აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.
ბატონი ვლადიმერის თქმით – საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2019 წლის მიწურულს „კოვიდ პანდემია“ დაიწყო, რამაც სერიოზული ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. პანდემიის გამო, ეკონომიკის მრავალი დარგი გაჩერდა. ეკონომიკა აღმოჩნდა მედიცინის მძევალი, გაიზარდა სახელმწიფო ვალები. ერთი წლის შემდგომ კი, რუსეთმა უკვე ომი დაიწყო უკრაინაში. ამ ვითარებაში როგორ უნდა ემოქმედა დასავლეთის ქვეყნებს, უნდა დაწყებულიყო სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან, თუ დახმარება აღმოეჩინათ უკრაინისთვის როგორც მატერიალურად და იარაღით, ისე რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებით? ბირთვული დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით არჩეულ იქნა მეორე გზა. როგორც ცნობილია, საქართველო არ შეუერთდა ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
როგორც ბატონმა ვლადიმერმა აღნიშნა, მსოფლიო ეკონომიკის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც, უწინარეს ყოვლისა, ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების გათვალისწინებას მოითხოვს. ეს უშუალოდ გამომდინარეობს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე „ნავთობის ომიდან“ და „სასურსათო ომიდან“, რისი წინაპირობაც არის რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი და დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები.
რაც შეეხება საქართველოს, მისი ეკონომიკისთვის აუცილებელია: მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი განვითარების ამოცანების გადაწყვეტა. ამ კონტექსტში ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორებია: სოფლის მეურნეობა, დამამუშავებელი მრეწველობა (რომელიც უმთავრესად ადგილობრივ ნედლეულს გამოიყენებს) და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მოდელზე გადასვლა.
მოხსენებამ დამსწრე საზოგადოებას შორის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა; დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: როინ მეტრეველმა, რამაზ ხუროძემ, იტორიკოსმა ია ხუბაშვილმა, პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ და სხვ.