აკადემიკოსი ზურაბ წერეთელი – 90
- იანვარი 28, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მსოფლიოში ცნობილი ხელოვანის, მრავალი ჯილდოსა და პრემიის ლაურეატის, მოქანდაკის, ფერმწერის, 1997 წლიდან მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის – ზურაბ წერეთლის საიუბილეო თარიღი – 90 წელი საზეიმო სხდომით აღინიშნა.
ზურაბ წერეთელი 1934 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა. 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ უჩა ჯაფარიძე, აპოლონ ქუთათელაძე, იოსებ შარლემანი და ვასილ შუხაევი. 1959-1966 წლებში, ზურაბ წერეთელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მხატვარ-არქიტექტორად მუშაობდა და ხშირად მონაწილეობდა ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში. 1965 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის ფონდის მთავარი მხატვარია, ხოლო 1981 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. 1983 წლიდან ზურაბ წერეთელი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების კათედრის გამგე იყო, 1987 წლიდან კი საქართველოში დიზაინერთა შემოქმედებით კავშირს ხელმძღვანელობდა.
მრავალფეროვანია მხატვრის ინტერესების სფერო. იგი ავტორია 5000-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული თუ სკულპტურული ნამუშევრისა. მუშაობს, ძირითადად, მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების განხრით (ფრესკა, მოზაიკა, პანო). მის მიერ შექმნილი მონუმენტური ქანდაკებები დაიდგა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (საქართველო, აშშ, იაპონია, ინგლისი, საფრანგეთი, ბრაზილია, ესპანეთი, პორტუგალია, თურქეთი, ურუგვაი, იტალია, ისრაელი, რუსეთი). აღსანიშნავია მისი მოზაიკური ნამუშევრები ბიჭვინთასა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.
ზურაბ წერეთელი არის საქართველოს სახალხო მხატვარი, თბილისის საპატიო მოქალაქე. 2012 წელს თბილისში საზეიმოდ გაიხსნა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MOMA), რომელიც არაერთი ქართველი თუ უცხოელი ხელოვანის გამოფენების მასპინძელია.
თავისი ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე მას მიღებული აქვს პაბლო პიკასოს დიდი პრემია; არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, „იუნესკოს“ კეთილი ნების ელჩი, ღირსებისა და ხალხთა მეგობრობის ორდენების მფლობელი.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გულითადად ულოცავს დიდ შემოქმედს საიუბილეო თარიღს, დღეგრძელობასა და კვლავაც მრავალ შემოქმედებით წარმატებას უსურვებს.