აკადემიკოსი გურამ ხარატიშვილი – 90
- იანვარი 29, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აღინიშნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოსის, მეცნიერების ბრწყინვალე ორგანიზატორის, ქვეყნის პატრიოტის, ღირსეული პიროვნების, მათემატიკოს გურამ ხარატიშვილის დაბადებიდან 90 წლის იუბილე.
სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა, ხოლო ვრცელი მოხსენება მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროფესორმა თამაზ თადუმაძემ. სიტყვით გამოვიდნენ – მეცნიერებათა დოქტორი თამაზ სულაბერიძე, აკადემიკოსები: თორნიკე ქადეიშვილი, რამაზ ხუროძე, გიორგი კვესიტაძე, ინესა მერაბიშვილი, პროფესორი გია გიორგაძე და სხვ.
გურამ ხარატიშვილის სამეცნიერო ასპარეზზე პირველი გამოკვლევა ეხებოდა მინიმალური საკუთრივი რიცხვების გამოთვლის მეთოდის დამუშავებას. მეცნიერის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ის პერიოდი, როდესაც იგი პირველად შეხვდა გამოჩენილ ქართველ მათემატიკოსს, ოპტიმალური მართვის მათემატიკური თეორიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, რევაზ გამყრელიძეს. გურამ ხარატიშვილი რევაზ გამყრელიძესთან ერთად, საქართველოში ოპტიმალური მართვის თეორიის მიმართულებით, კვლევების ინიციატორად და სულისჩამდგმელად ითვლება. მან კიბერნეტიკის ინსტიტუტში სიმბოლური და კვანტური გამოთვლების, აგრეთვე კვანტური სისტემების მართვის თეორიაში დაიწყო კვლევები. იგი იყო მრავალი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე და ორგანიზატორი.
ფრიად დასაფასებელია მისი მოღვაწეობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც წლების განმავლობაში იყო მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების ბიუროს წევრი. სიცოცხლის ბოლო წლებში მას აკადემიის ვიცე-პრეზიდენიტის თანამდებობა ეკავა და ქვეყნისთვის რთულ პერიოდში მისთვის დამახასიათებელი პრინციპულობითა და მაღალი პასუხისმგებლობით ემსახურებოდა საქართველოში მეცნიერების გადარჩენისა და განვითარების საქმეს.
2001 წელს გურამ ხარატიშვილს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის პრემია.
15 წელი გავიდა გამოჩენილი მეცნიერის გარდაცვალებიდან. ღვაწლმოსილი მეცნიერის, თავისი ქვეყნის პატრიოტის და ღირსეული პიროვნების, აკადემიკოს გურამ ხარატიშვილის მიერ განვლილი ცხოვრების გზა და დატოვებული მეცნიერული მემკვიდრეობა, მომავალი თაობებისთვის მისაბაძია და ამავდროულად დიდი სტიმულია შემოქმედებითი მუშაობისათვის.