სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა
- მარტი 3, 2024
მიმდინარე წლის 28 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო მეთოდოლოგიური საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელსაც მედიცინის და ფიზიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხეცურიანი თავმჯდომარეობდა, თანამედროვე ქირურგიის პრობლემებზე და ზოგიერთ თანამედროვე მიდგომების ანალიზსა, რეალობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. ღონისძიებას ესწრებოდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი. სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი, მედიცინის დოქტორი მარინე ბაიდაური.
„ვიწრო, ე. წ. „მხოლოდ ქირურგიულ“ ჭრილში ამ თემის განხილვა დღევანდელი მედიცინის გადმოსახედიდან უკვე ძალიან მოძველებული და არააქტუალური თემაა. კერძოდ, თანამედროვე მედიცინა ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება და ინტერაქტიური დარგი ხდება, რაც პირველ რიგში პოლიმორბიდული, მულტიდისციპლინური მიდგომებისკენ გვიბიძგებს, რათა პაციენტს შევუქმნათ მაღალტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი უსაფრთხო გარემო. შესაბამისად, ქირურგიული სამსახური ძველებური მიდგომით ვერ გადაჭრის მის წინაშე მდგარ ამოცანებს სხვა სამედიცინო მიმართულებებთან მჭიდრო და განუყოფელი არათუ მხოლოდ „თანამშრომლობის“, არამედ რეალური შერწყმის გარეშე. პირველ რიგში ეს მიმართულებებია – ანესთეზიოლოგია და რადიოლოგია (კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია), რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ფართომასშტაბიანი ქირურგიული ოპერაციების სტრატეგიული დაგეგმვა, შესაძლო ინტრაოპერაციული გართულებების პროგნოზირება და შესაბამისი პროფილაქტიკის უზრუნველყოფა“ – განაცხადა თავის გამოსვლაში თსსუ-ს კლინიკის, აწსუ-ს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის მიმართულების პროფესორმა კახა ნურალიძემ.
თავის პრეზენტაციაში ბატონმა კახამ, ასევე, ისაუბრა ყველა იმ სამედიცინო ინოვაციაზე, რომლებიც მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც უკვე დაინერგა.
თანამომხსენებელმა, პროფესორმა მერაბ ჯანელიძემ ამომწურავად განმარტა ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის პრობლემები. ბარიატრია – მედიცინის ის დარგია, რომელიც შეისწავლის სიმსუქნის მიზეზებს, მკურნალობასა და პროფილაქტიკას. ბარიატრიული ქირურგია ის მიმართულებაა, რომელიც რადიკალურად გადაწყვეტს ან გაცილებით აადვილებს ადამიანის წონის მართვას. ამგვარი ქირურგიული ჩარევების შედეგად პაციენტი თავისუფლდება ზედმეტი წონისაგან და ჭარბ წონასთან დაკავშირებული თანხმლები დაავადებებისაგან, როგორიცაა მაგალითად: შაქრიანი დიაბეტი, არტერიული წნევა და ა. შ.
„წონის კორექცია არ შეიძლება იყოს მოდური, ტრენდული ან საკუთარი სურვილის განხორციელების საშუალება. სამედიცინო ჩვენების გარეშე ჩატარებული ოპერაცია შეიძლება გახდეს პაციენტის ფიზიკური და მორალური გამოფიტვის მიზეზი. ამ მიმართულებით საქართველოში, სამწუხაროდ, უარყოფითი ტენდენცია აღინიშნება, რაც აშკარად საგანგაშოა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოპერაცია უკუნაჩვენებია ონკოლოგიური, ალკოჰოლდამოკიდებული და მენტალური ავადმყოფობის მქონე პაციენტებისათვის. უფრო მეტიც, – სამედიცინო ტურიზმის ეგიდით საქართველოდან გაედინება ყოველთვიურად ათეულობით პაციენტი მეზობელ ქვეყნებში (კერძოდ თურქეთში), რომელთაც უტარდებათ ბარიატრიული და მეტაბოლური ტიპის ოპერაციები მხოლოდ ერთდღიანი კვლევისა და მომზადების შედეგად. შემდგომში კი, პაციენტთა დიდი ნაწილი სხვადასხვა გართულებებით მკურნალობას საქართველოს კლინიკებში აგრძელებს“ – აღნიშნა თავის გამოსვლაში პროფესორმა მერაბ ჯანელიძემ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია დროული და საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება ხსენებული პრობლემატიკის ეფექტურად გადაჭრის მიზნით. სხდომაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს: აკადემიკოსებმა – დავით მიქელაძემ, რამაზ შენგელიამ, პროფესორებმა – არჩილ ჩხოტუამ, რამაზ ყურაშვილმა, ბეჟან წინამძღვრიშვილმა, თენგიზ ცერცვაძემ, კოტე ყიფიანმა და სხვებმა. სხდომა შეაჯამა მედიცინისა და ფიზიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხეცურიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ აქტუალურ საკითხზე უნდა მომზადდეს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიგზავნოს სათანადო წერილი, რომელიც სრულად მოიცავს რეკომენდაციებსა და წინადადებებს ქირურგიული სამსახურის მუშაობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.