აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის მოხსენება
- მარტი 28, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „ქართული წვლილი ევროპულ ცივილიზაციაში (რენესანსის წინარე ეპოქის ხალხთა პოპულარული რომანი – ქართული „ბალავარიანი“) გამოვიდა აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე.
აკადემიკოსმა ელგუჯა ხინთიბიძემ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ კულტურული გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ლიტერატურის მსოფლიო შედევრების გზაც იყო. ამის ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითია ინდოეთიდან წამოსული „ბუდას ცხოვრებაზე“ დაფუძნებული ბალავარისა და იოდასაფის ამბავი, რომელიც ბუდისტური, მაჰმადიანური და ქრისტიანული მრწამსით გადამუშავებული სახით აღმოსავლეთის ბევრ ენაზე შემონახულა, ხოლო XI საუკუნიდან ევროპის ყველა მწიგნობარი ხალხის ენაზე მრავალგზის თარგმნილ-გადამუშავებული უპოპულარეს თხზულებად ქცეულა.
XIX საუკუნიდან დაწყებული ბიზანტინისტიკის, ევროპეისტიკის და ქართველოლოგიის უმთავრესი საკვლევი პრობლემა ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით ამ თხზულების ევროპული რედაქციის შექმნისა და ავტორობის პრობლემაა. შუა საუკუნეების ბერძნულ და ლათინურ ხელნაწერთა ტრადიციით დამკვიდრებული იყო თვალსაზრისი, რომ დიდი ბიზანტიელი თეოლოგი და მწერალი იოანე დამასკელი ავტორია თხზულების ბერძნული რედაქციისა, რომლის თარგმანი და გადამუშავებაა ევროპის ხალხთა ენებზე გავრცელებული ვერსიები. დღეისათვის ეჭვი თითქმის აღარაა შეტანილი იმაში, რომ ამ თხზულების პირველი ქრისტიანული რედაქცია ქართულ ენაზე შექმნილა და რომ ბერძნული „ისტორია ვარლაამ და იოასაფისა“ ქართული „ბალავარიანის“ თარგმნისა და გადამუშავების გზითაა შექმნილი დიდი ქართველი მწერლის ეფთვიმე მთაწმინდელის მიერ.
ამ პრობლემის კვლევაში მნიშვნელოვანია ქართველოლოგთა წვლილი. მოხსენებაში აქცენტირებული იყო ამ მიმართულებით მომხსენებლის მიერ დამუშავებული საკითხები, საერთაშორისო დონეზე ცნობილი, ან უახლეს პერიოდში წარდგენილი: არგუმენტები ეფთვიმე ათონელის ავტორობის დასამტკიცებლად; ბერძნული „ვარლაამ და იოასაფის ისტორიის“ შექმნის დრო და უმთავრესი მიზეზი; საიდანაა ეს თხზულება გაგზავნილი „წმინდა ქალაქში“ და ვის მიერაა მიტანილი.
პრეზიდიუმის წევრების მიერ აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის მოხსენება მოწონებულ იქნა.